2005 წლის მარტ-აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
2005 წლის მარტ-აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 07/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
288
07/07/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 07/07/2005
000000000.00(0).000.000000
2005 წლის მარტ-აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №288

2005 წლის 7 ივლისი

. თბილისი

2005 წლის მარტ-აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ

2005 წლის მარტ-აპრილში მოსული უხვი ნალექებისა და თოვლის ინტენსიური დნობის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კატასტროფულად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის, ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიალას-დილის, იფარი-ადიშისა და სხვა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მიწის ვაკისის მონაკვეთების ჩაქცევა, ხიდების სარეგულაციო და ნაპირსამაგრი ნაგებობების დანგრევა. ენგურის, რიონის, ცხენისწყლის, არაგვისა და სხვა მდინარეთა ადიდებამ დიდი ზიანი მიაყენა სვანეთის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, ფშავ-ხევსურეთისა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნე-ლობის საავტომობილო გზებს.

ზემოხსენებული სტიქიური მოვლენების შედეგად გარე სამყაროს მოსწყდა მთელი რიგი სოფლები. შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე და დაზიანებული გზების დაუყოვნებლივ აღსადგენად საჭირო გახდა მთელი რიგი არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება. დაზიანებული საავტომობილო გზების ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მათი ზედა კლდოვანი ფერდობების მხარეს გზის შეწევა და კლდის ლოდებით ნაპირსამაგრ სამუშაოთა განხორციელება, რაც დაკავშირებულია კლდოვანი ფერდობების ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა წარმოებასთან.

საავტომობილო გზებზე სტიქიის შედეგების უმოკლეს ვადებში ლიკვიდაციის საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უზრუნველყოს დაზიანებული საავტომობილო გზების, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების სასწრაფოდ აღდგენისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა შესრულების დაჩქარებისათვის მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებისა და სავალი ნაწილის გაფართოებისათვის საჭირო ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა დაწყება და, პარალელურად, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთანავე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინოს „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტაცია სათანადო ნებართვების გასაფორმებლად.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების მონიტორინგში შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურიდან გათავისუფლების პროცესის დაჩქარება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 30 ივნისის 277 განკარგულება 2005 წლის მარტი-აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის სამუშაოთა შესრულების შესახებ .

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი