„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 04/11/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016243
  • Word
0
04/11/2013
ვებგვერდი, 04/11/2013
000000000.00.00.016243
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

 

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტზე

 

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღებას განაპირობებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლში შესატანი ცვლილება, რომლის შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთრების გადასვლის შესახებ პირობა პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ნოტარიუსი ვალდებულია მოუსმინოს კრედიტორსა და მოვალეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცეს სააღსრულებო ფურცელი, თუ მოვალე ვერ წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს გამონაკლისს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის ზოგადი წესიდან (ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე), რაც, შესაბამისად, საჭიროებს ასახვას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის  „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტით ცვლილება შედის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტში და უშვებს გამონაკლისს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ზოგადი წესიდან, კერძოდ, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ უკანაკნელ შემთხვევაში, უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის საკითხის განხილვისას, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ნოტარიუსი ვალდებულია მოუსმინოს კრედიტორსა და მოვალეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცეს სააღსრულებო ფურცელი, თუ მოვალე ვერ წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც უზრუნველყოფს უძრავი ნივთის არაკეთილსინდისიერი კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის თავიდან აცილებას. 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების  გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:  

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება  ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს სანივთო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:         

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 40. აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე

1. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით;

ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს;

გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ;

დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა;

ე) განმცხადებლის ხელმოწერას.

2. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.

3. სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ამ პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით უფლებამოსილია:

ა) ნოტარიუსი, რომელმაც სანოტარო წესით დაადასტურა გარიგება, ან ამ ნოტარიუსის შემცვლელი პირი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში − სხვა მოქმედი ნოტარიუსი.

4. აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის დედნის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის დამოწმებულ ასლს (დუბლიკატს) გასცემს ნოტარიუსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით, ხოლო დუბლიკატის ამ წესით გაცემის შეუძლებლობისას – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

5. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას.

6. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დგინდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“.