დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 17/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №57
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ
არსებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების მიზნით:
1. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება განხორციელდეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქარ-თველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავასთან შეთანხმებით.
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა (გ. ხაინდრავა):
ა) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წინასწარი ინფორმირება (გადაზიდვამდე არა უგვიანეს 24 საათისა) რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის გათვალისწინებული ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის, ოდენობისა და შემადგენლობის შესახებ, რაც ასევე მითითებული უნდა იქნეს ტვირთის თანმხლებ საბუთებში (სასაქონლო ზედნადები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანხმობა);
ბ) დადგენილი წესი აცნობოს შერეულ საკონტროლო კომისიაში წარმოდგენილ მხარეებს, შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობასა და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესის მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს;
გ) შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის წინაშე დააყენოს საკითხი ჰუმანიტარული ტვირთისა და მისი თანმხლები პირების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტირების თაობაზე;
დ) შერეული საკონტროლო კომისიის წინაშე დასვას საკითხი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განსახილველად სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზების თაობაზე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) და შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი):
ა) შიდა ქართლის სამხარეო სტრუქტურების მეშვეობით უზრუნველყონ ჰუმანიტარული ტვირთის ხელყოფისაგან დაცვა;
ბ) გაამკაცრონ კონტროლი და აღკვეთონ ნებისმიერი პირის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის (კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საიმპორტო საქონლის) გადაზიდვა, თუ ეს არ არის შეთანხმებული ამ განკარგულების პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული წესით;
გ) მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჰუმანიტარული ტვირთების გადაადგილებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ დროებით კონტროლირებადი ოსური სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობისათვის;
დ) მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჰუმანიტარული ტვირთის (კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საიმპორტო საქონლის) იმ გადამზიდავ პირთა (განურჩევლად ეროვნებისა) გადაადგილებას, რომლებიც არ არღვევენ კანონმდებლობით დადგენილ წესს;
ე) უზრუნველყონ შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების სამუშაო ჯგუფში თავიანთი რეგიონალური დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობა.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან ერთად უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის მოძრაობის ხელშეწყობისათვის მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები