საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5678
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 29/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.126
  • Word
5678
28/12/2007
სსმ, 50, 29/12/2007
200.000.000.05.001.003.126
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე ნაწილი:

„47. საგადასახადო სესხი – ამ კოდექსის XL1 თავის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხი, რომელიც გაიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.“.

2. 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული საწარმოები („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური საწარმოები) დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირებას ახდენენ მიმდინარე საგადასახადო წლის დეკემბერში, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, რასაც თან ახლავს ან არ ახლავს ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება.“.

3. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამედიცინო მომსახურების გაწევა, უპატრონო ბავშვთა სახლებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის, ავადმყოფთა, ინვალიდთა ან/და ღრმად მოხუცებულთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან/და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისი წლის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქონლის/მომსახურების მიწოდება;“.

4. 248-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, გარდა ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული საქონლის მიწოდებისა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს უკანასკნელი გადასახადის გადამხდელი, ხოლო ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში – საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და მიმღებისათვის წარდგენა უზრუნველყოს არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII1 კარი:

„კარი XIII1. საგადასახადო სესხი

თავი XL1. საგადასახადო სესხი

    მუხლი 2801. საგადასახადო სესხი

1. საგადასახადო სესხით სარგებლობის უფლება აქვს 2008 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულ პირს, რომელიც აღნიშნული მიზნით სახელმწიფო რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს.

2. საგადასახადო სესხი პირზე გაიცემა მხოლოდ ერთხელ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში. აკრძალულია პირის (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული პირის) მიერ ერთზე მეტი სესხით სარგებლობა.

3. საგადასახადო სესხის გაცემის წესი, ხელშეკრულების ფორმა და ანგარიშგების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. საგადასახადო სესხის ზღვრული ოდენობაა 2000 ლარი, რომელიც გაიცემა არა უმეტეს 10 წლისა და 3 თვის (123 თვის) ვადით, წლიური 4%-იანი სარგებლით; პირველი 10 წლის (120 თვის) განმავლობაში საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირს უფლება აქვს არ მოახდინოს სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდები. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებები პირს ეკისრება ყოველთვიურად თანაბარი ოდენობით.

5. პირის ინიციატივით სასესხო ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვის შემდეგ.

6. საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირზე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გავრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციები და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

7. საგადასახადო სესხის თანხები არ გაითვალისწინება ამ კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებისას.“.

6. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე და 30-ე ნაწილები:

„29. 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისი წლის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებაში დღგ-ის თანხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქონლის/მომსახურების მიწოდებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და მათზე დარიცხულ სანქციებზე საგადასახადო ორგანოებმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად:

ა) დავალიანების (მათ შორის, საურავების) წარმოშობისას მისი (მათი) ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად;

ბ) დღგ-ის თანხის გადახდისას აღნიშნული თანხა ჩათვალონ აღიარებულ ზედმეტად გადახდილ თანხად.

30. ამ კოდექსის XL1 თავით გათვალისწინებული საგადასახადო სესხით სარგებლობა 2009 წლის 1 იანვრის შემდგომ დარეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ, თუ აღნიშნული გათვალისწინებული იქნება საქართველოს შესაბამისი წლის (პირის დარეგისტრირების წელი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                                                  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5678–რს