„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1262-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.017112
1262-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010320000.05.001.017112
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრებს სამსახურის თანამდებობათა რანგების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრების ფარგლებში:

ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი;

გ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დგინდება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობებით;

ვ) საქართველოს სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი;

ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ი) საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი;

მ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი;

ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები;  

ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო;

რ) სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. სახელმწიფო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

1. სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.“.

3. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

4. 391 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

5. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რანგების მიხედვით საჯარო თანამდებობათა კონკრეტული ნუსხა განისაზღვრება საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

6. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო მრჩევლებს – საქართველოს პრემიერ-მინისტრი;“.

7. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

8. 128-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და საჯარო სამსახურის სფეროში კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადების მიზნით საქართველოს მთავრობასთან იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო.“.

9. 1281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1281. საჯარო სამსახურის საბჭო 

1. საჯარო სამსახურის საბჭო არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო.

2. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არის საქართველოს მთავრობის ის წევრი, რომელსაც ეკისრება პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობების შესრულება.

3. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სამ-სამი წარმომადგენლისაგან. საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანი იმავდროულად არის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

5. საჯარო სამსახურის საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

10. 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

11. 130-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მოხსენებას;“.

მუხლი 2

   1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს:

  ა) საჯარო სამსახურის თანამდებობათა რანგების მიხედვით საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრების განსაზღვრა და დამტკიცება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

  ბ) სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცება;

  გ) ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურეთა (გარდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა) თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცება;

დ) კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცება;

ე) ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცება;

ვ) საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა;

ზ) საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცება.

 2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს საჯარო სამსახურის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა − საჯარო სამსახურის საბჭოს მდივნისა და საბჭოს სხვა წევრების დანიშვნა.

3. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს საჯარო სამსახურის ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია, აგრეთვე მისი დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება.

4. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღებამდე.

5. შესაბამისმა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ მათ მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1262-Iს