„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 905-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 300230000.05.001.017041
905-რს
30/07/2013
ვებგვერდი, 20/08/2013
300230000.05.001.017041
„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№23−26, მუხ. 504) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენების იმპორტი მათი უტილიზაციის, გაუვნებლების, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „A“ ჯგუფი“, ასევე  „B“ ჯგუფი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნარჩენების იმპორტისა.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ნარჩენები, რომელთა იმპორტი დაშვებულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური ნარჩენების იმპორტი მხოლოდ მათი შემდგომი გადამუშავების ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „B“ ჯგუფი“. ეს ნარჩენებია: შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ყველა ტიპის მაკულატურა, პლასტმასები (მხოლოდ იმ ტიპისა, რომელთა გადამუშავებაც საქართველოში შესაძლებელია), საფეიქრო და საგალანტერეო წარმოების, ხის გადამუშავების (ბურბუშელა, ნახერხი), აგრეთვე მინის ნარჩენები. ეს ნარჩენები ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით დადგენილი „ნარჩენების მწვანე სიით“ განსაზღვრულ ნარჩენების კატეგორიათა მიხედვით მიეკუთვნება:

ა) კატეგორია „GA“-ს (არადისპერსიულ ფორმაში მყოფი ნარჩენები, რომლებიც შედგება მეტალებისა და მეტალთა შენადნობებისაგან; არადისპერსიულ ფორმაში მყოფ ნარჩენებს არ მიეკუთვნება ნარჩენები ფხვნილის, წიდის ან მტვრის სახით, აგრეთვე მყარი საგნები, რომლებიც შეიცავს სახიფათო ნარჩენებს თხევადი ფორმით);

ბ) კატეგორია „GH“-ს (მყარი პლასტმასის ნარჩენები);

გ) კატეგორია „GI“-ს (ქაღალდის, მუყაოსა და ქაღალდის ნაწარმის ნარჩენები);        

დ) კატეგორია „GJ“-ს (საფეიქრო ნარჩენები);

ე) კატეგორია „GN“-ის „GN010/ex 0502 00“-ის სახეობას;

ვ) კატეგორია „GL“-ს (დაუმუშავებელი კორპისა და მერქნის ნარჩენები);

ზ) კატეგორია „GE“-ს (მინის ნარჩენები არადისპერსიულ ფორმაში);

თ) კატეგორია „GC“-ს (შავ ან ფოლადსასხმელ წარმოებაში მიღებული გრანულირებული წიდა);

ი) კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობას (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი).

2. ნარჩენების იმპორტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოსა და ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობების მოთხოვნათა შორის უმკაცრესს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებული ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებული ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის შემთხვევები და პირობები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ივლისი 2013 წ.

N905-რს