„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016442
42
10/08/2013
ვებგვერდი, 12/08/2013
170040000.22.027.016442
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №42

2013 წლის  10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 517) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 381 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

 2. ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის XI თავი:

თავი XI

სანოტარო მედიაცია

მუხლი 99. ზოგადი დებულება

ეს თავი განსაზღვრავს სანოტარო მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, სანოტარო მედიაციის პროცესში ნოტარიუსის მონაწილეობის წესსა და მის უფლებამოსილებებს, აგრეთვე, სანოტარო მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 100. სანოტარო მედიაციის ცნება და მედიაციის წარმოების პრინციპები

1.  სანოტარო მედიაცია (შემდგომში − მედიაცია) არის კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის პროცესი, რომელშიც მხარეები ნებაყოფლობით საწყისებზე, ერთი ან მეტი მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით, აწარმოებენ მოლაპარაკებას სადავო საკითხების თაობაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით.

2. მედიატორი ნოტარიუსი  უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად და უნდა უზრუნველყოს, რომ მედიაციის პროცესის განმავლობაში დაცული იყოს მხარეების შესაძლებლობათა თანასწორობის პრინციპი. მედიატორ ნოტარიუსს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევისათვის, თუ მედიაციის შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

3.  მედიაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყველა მხარის თანხმობით.

4. მედიაციის პროცესმა უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და შესაძლებლობები განსახილველ საკითხებთან, აგრეთვე, დავის გადაჭრის სხვა შესაძლო გზებთან დაკავშირებით არჩევანის გასაკეთებლად/გადაწყვეტილების მისაღებად.

5.  ყველა მხარის თანხმობით მედიაციის პროცესში შეიძლება ჩაერთონ მესამე პირები (სპეციალისტი და სხვა).

6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს მედიაციის სასწავლო კურსებს ნოტარიუსებისათვის და აწარმოოს სერტიფიცირებულ მედიატორ ნოტარიუსთა რეესტრი, რომელიც განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.

მუხლი 101. მედიაციის ქვემდებარე სამართლებრივი დავები

ნოტარიუსი უფლებამოსილია, განახორციელოს მედიაცია:

ა) საოჯახოსამართლებრივ დავებზე (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა);

ბ) სამემკვიდრეოსამართლებრივ დავებზე;     

გ) სამეზობლოსამართლებრივ დავებზე;

დ) ვალდებულებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე;

ე) სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი.

მუხლი 102. მედიაციის პროცესის კონფიდენციალურობა

1. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია.

2. მედიატორ ნოტარიუსს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებისას.

3. თუ მხარეები სხვაგვარად არ დაადგენენ, სამედიაციო შეთანხმებით განისაზღვრება, რომ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია და დოკუმენტი არ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ დავის განმხილველ სხვა ორგანოში. ეს წესი არ გამოიყენება, თუ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს სასამართლოში წარადგენს ის მხარე, რომელმაც გაამჟღავნა იგი, ან თუ ეს ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მეორე მხარემ  კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მიიღო, ან ამ დოკუმენტაციას/ინფორმაციას მხარე ისედაც ფლობდა.

მუხლი 103. მედიაციის ადგილი

1. მედიაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთაც.

2. ნებისმიერ შემთხვევაში მედიატორი ნოტარიუსი ვალდებულია, მხარეებს შეუქმნას მედიაციისათვის საჭირო სათანადო გარემო.

მუხლი 104. მედიაციის დაწყების საფუძვლები

1. მედიაციის დაწყების საფუძველია დავის მონაწილე ყველა მხარის თანხმობა მედიაციის განხორციელებაზე. მედიაციის დაწყება ფორმდება სამედიატორო შეთანხმების ხელმოწერით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი ნოტარიუსი.

2. სამედიატორო შეთანხმებით მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მედიაციის დროსა და ადგილზე, მედიაციის ვადებსა და სესიების რაოდენობაზე, კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებსა და წესზე, დამსწრე პირებზე, მედიაციის პროცესში მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, მედიაციის ხარჯების განაწილებისა და გადახდის წესზე, აგრეთვე, მედიაციის პროცესის სხვა საკითხებზე.

მუხლი 105. მედიაციის ჩატარების ზოგადი წესები

1. მედიაციის ჩასატარებლად მედიატორი ნოტარიუსი მონაწილე მხარეებს იწვევს დახურულ სხდომაზე.

2. მედიაცია, როგორც წესი, ტარდება ზეპირი ფორმით.

3. ყველა მხარის თანხმობით, ნოტარიუსი უფლებამოსილია, აწარმოოს ინდივიდუალური მოლაპარაკება თითოეულ მხარესთან.

4. ყველა მხარის თანხმობით, ნოტარიუსს უფლება აქვს, სხდომაზე მოიწვიოს მოწმეები და სპეციალისტები, განახორციელოს დოკუმენტებისა და ნივთების დათვალიერება. ამ მოქმედებების ჩატარების ხარჯები ეკისრებათ მხარეებს.

5. მხარეთა მოთხოვნით, მედიაციის პროცესში მონაწილე ყველა პირს ეკისრება  კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება, რომლის თაობაზეც ეს პირები მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით ხელს აწერენ შესაბამის აქტს.

6. იურიდიული პირის სახელით მედიაციის პროცესში მონაწილეობს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენელი.

7. მედიაციის განხორციელების სხვა პროცედურებს მედიატორი ნოტარიუსი განსაზღვრავს თავისი შეხედულებისამებრ, მედიაციის წარმოების პრინციპების დაცვით.

მუხლი 106. წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში

1. დასაშვებია მედიაციის პროცესში მხარის მონაწილეობა როგორც უშუალოდ, ისე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მედიატორი ნოტარიუსი უფლებამოსილია, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის უშუალოდ  მონაწილეობა.

2. მედიატორ ნოტარიუსს უფლება აქვს, მხარისათვის იურიდიული დახმარების მიზნით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის ჩართვა. მხარის უარი ადვოკატის ჩართვაზე  შესაძლოა, გახდეს მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.

მუხლი 107. თვითაცილება

ნოტარიუსი ვალდებულია, მედიაციის ნებისმიერ ეტაპზე განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ მის მიერ მედიატორობის განხორციელება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს, ან შესაძლოა, არსებობდეს ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ.

უხლი 108. მედიაციის პროცესის  შეწყვეტა

1. მედიაციის პროცესი  შეწყდება, თუ:

ა) მედიატორი ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ მედიაციის პროცესის გაგრძელება უპერსპექტივოა და დავა  ვერ მოგვარდება შეთანხმების მიღწევის გზით;

ბ)  მედიატორმა ნოტარიუსმა განაცხადა თვითაცილება;

გ)  რომელიმე მხარე უარს აცხადებს მოლაპარაკების გაგრძელებაზე, რომლის შესახებაც მას შეუძლია, განაცხადოს მედიაციის ნებისმიერ ეტაპზე, მოტივის მითითების გარეშე.

2. თუ მედიატორ ნოტარიუსს შეუჩერდა ან შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება, მედიატორი ნოტარიუსი ან ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია, ყველა დაინტერესებული პირის თანხმობით, საქმე მედიაციისათვის გადასცეს სხვა ნოტარიუსს. თუ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, მედიაციის პროცესი წყდება.  

მუხლი 109. მორიგების აქტი

1. მედიაციის შედეგად მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დგება მორიგების აქტი, რომელიც დასტურდება სანოტარო წესით.

2. მორიგების აქტი უნდა დადასტურდეს საჯარო აქტის ფორმით.

3. მედიატორმა ნოტარიუსმა მხარეებს უნდა განუმარტოს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების სამართლებრივი შედეგები.

4. მედიატორი ნოტარიუსი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მორიგების აქტის დადასტურებაზე, თუ მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსი აშკარად ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ ნორმებს, ზნეობას ან საჯარო წესრიგს.

მუხლი 110. აღსრულება

მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით, ამ ინსტრუქციის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება გაიცეს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი