სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შექმნის შესახებ

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 607
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.08.002.016842
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
607
30/07/2013
ვებგვერდი, 31/07/2013
010240010.08.002.016842
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/2013 - 26/12/2013)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №607

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შექმნის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფისა და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი.
2. დამტკიცდეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი




 

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (შემდეგში – ერთობლივი მართვის ცენტრი) შექმნისა და საქმიანობის წესს.

2. ერთობლივი მართვის ცენტრი არის საქართველოს საზღვაო სივრცეში ერთობლივი საზღვაო ოპერაციების საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანო.

3. ერთობლივი მართვის ცენტრი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. ტერმინების განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგ მნიშვნელობა:

ა) ერთობლივი საზღვაო ოპერაციები - საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, მიმდებარე ზონაში, ტერიტორიულ ზღვაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მათ საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვაში მონაწილე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული ერთობლივი ქმედებები, საქართველოს საზღვაო სივრცეში უკანონო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის, ასევე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩატარების, ზღვის გარემოს დაცვის, ბუნებრივ და სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის, კარანტინის მიზნით;

ბ) საზღვაო ინციდენტი - საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მათ საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფსა და ფსკერზე, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ან სახელმწიფო უწყებათა ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ.

მუხლი 3. ერთობლივი მართვის ცენტრის სტატუსი

1. ერთობლივი მართვის ცენტრი არის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანო.

2. ტექნოლოგიურად ერთობლივი მართვის ცენტრი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბებული მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ერთობლიობას.

მუხლი 4. ერთობლივი მართვის ცენტრის ძირითადი მიზნები

ერთობლივი მართვის ცენტრის ძირითადი მიზნებია:

ა) საქართველოს საზღვაო სივრცის (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) სამართლებრივი რეჟიმის ერთობლივი კონტროლი;

ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) ვითარების ასახვისა და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა;

გ) ერთობლივი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვის, განხორციელების, გადაწყვეტილების მიღებისა და რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მოქნილი მექანიზმის შექმნა.

მუხლი 5. ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციები

ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციებია:

ა) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) ერთობლივი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ კომპეტენციის ფარგლებში საზღვაო ოპერაციების მართვა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) არსებული საფრთხეების, გამოწვევებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა და მონაწილე უწყებების მიერ კომპეტენციის ფარგლებში მათ აღმოსაფხვრელად ოპერატიული რეაგირების კოორდინაცია;

გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) კრიზისული სიტუაციების ერთობლივი მართვა და ამ მიზნით ერთობლივი საზღვაო ოპერაციების განხორციელება;

დ) საქართველოს საზღვაო სივრცეში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) კრიზისული სიტუაციების ერთობლივი რეაგირების გეგმების შემუშავება და იმპლემენტაცია;

ე) ზღვაზე ერთობლივი საძიებო-სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გამოყენებული მარშრუტებისა და სქემების გამოვლენა;

ზ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) არსებული ვითარების შესწავლა, ოპერატიული და ტექნიკური ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

თ) მონაწილე უწყებათა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების, ასევე საკომუნიკაციო და სხვა საშუალებების, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული ბაზების თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით უზრუნველყოფა;

ი) შავი ზღვის ქვეყნებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერაციების ორგანიზება;

კ) განხორციელებული ერთობლივი საზღვაო ოპერაციების შესახებ საინფორმაციო მასალის მომზადება და საზოგადოებისათვის მიწოდება;

ლ) საქართველოს საზღვაო სივრცეში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება და რისკების ანალიზი;

მ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) მართვაში ჩაბმულ უწყებებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

მუხლი 6. ერთობლივი მართვის ცენტრის შემადგენლობა

1. ერთობლივი მართვის ცენტრის შემადგენლობაში შედის შემდეგი სახელმწიფო უწყებები (შემდეგში – მონაწილე უწყებები):

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო;

ი) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - საქაერონავიგაცია;

კ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

ლ) საქართველოს დაზვერვის სამსახური.

2. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით მონაწილე უწყებები ნიშნავენ წარმომადგენლებს/ექსპერტებს, რომლებიც რჩებიან შესაბამისი მონაწილე უწყების თანამშრომლებად.

3. ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენლები/ექსპერტები იკრიბებიან პერიოდულად დადგენილი წესისა და გეგმის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. ექსპერტები იკრიბებიან რიგგარეშედაც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, სწავლების ჩატარების ან საზღვაო ინციდენტზე რეაგირების მიზნით. წარმომადგენლების/ექსპერტების გეგმურ და არაგეგმურ შეკრებას ორგანიზებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

4. საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ იმ სტრუქტურული დანაყოფების/უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან მითითებული ამ მუხლის პირველ პუნქტში.

მუხლი 7.  ერთობლივი მართვის ცენტრის სათათბირო ორგანო საბჭო

1. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება სათათბირო ორგანო - საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელები (ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები). საბჭოს საქმიანობაში საბჭოს წევრების წინადადებით შეიძლება მონაწილეობდნენ ხელისუფლების სხვა ორგანოთა წარმომადგენლებიც.

2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით:

ა) განსაზღვრავს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს;

ბ) განსაზღვრავს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის რეგლამენტს;

გ) ადგენს საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;

დ) განსაზღვრავს ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენელთა/ექსპერტთა რაოდენობას;

ე) ადგენს წარმომადგენელთა/ექსპერტთა მიერ ინფორმაციის დამუშავების, მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღების, ასევე მათთვის გადაცემისა და ინფორმაციის უსაფრთხოების წესს;

ვ) ხელმძღვანელობს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების განხორციელებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

ზ) განიხილავს და წყვეტს მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი მართვის ცენტრისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და რესურსების გადაცემის საკითხს, ადგენს ამ რესურსების გადაცემის წესსა და პირობებს, საქართველოს კანონმდებოლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

5. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, მისთვის დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ ორჯერ წლის განმავლობაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა. საბჭოს სხდომას ორგანიზებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სამი მეოთხედი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საბჭოს სხდომა ფორმდება სხდომის ოქმით. საბჭოს სხდომაში მონაწილეობა და ხმის მიცემა შესაძლოა მოხდეს ვიდეო-ტელეკონფერენციის საშუალებითაც, ასევე გამოკითხვის წესით.

მუხლი 8. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ორგანიზაცია

1. ერთობლივად ჩასატარებელი საზღვაო ოპერაციების ან მომხდარი ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, უფლებამოსილი მონაწილე უწყებების წარმომადგენლები/ექსპერტები ცხადდებიან ერთობლივ მართვის ცენტრში და წარმოდგენილი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით იღებენ გადაწყვეტილებებს ოპერაციის წარმართვის ან ინციდენტის პრევენციის/აღმოფხვრის მიზნით.

2.  საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მონაწილე უწყებების წარმომადგენლები/ექსპერტები ერთობლივად ჩასატარებელი საზღვაო ოპერაციების, სწავლების განხორციელების ან მომხდარ ინციდენტზე რეაგირების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელი არიან:

ა) მონაწილე უწყებების შესაბამისი დანაყოფებისაგან მიღებული ინფორმაციის დამუშავებაზე;

ბ) ერთობლივი მართვის ცენტრში არსებული იმ ფაქტობრივი ინფორმაციის დამუშავებაზე, რომელიც დაკავშირებულია ან შესაძლოა დაუკავშირდეს ერთობლივად ჩასატარებელ საზღვაო ოპერაციებს ან მომხდარ ინციდენტს;

გ) მონაწილე უწყებების შესაბამისი დანაყოფებისათვის შეჯერებული, დამუშავებული ინფორმაციის მიწოდებაზე;

დ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები) ჩასატარებელი მოქმედებების კოორდინაციაზე;

ე) შიდა და გარე საფრთხეებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ერთობლივი მართვის ცენტრში არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის დამუშავებაზე, ამ ინფორმაციის მონაწილე უწყებებისათვის მიწოდებასა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების კოორდინაციაზე;

ვ) შავი ზღვის ქვეყნებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ინფორმაციის გაცვლაზე, ერთობლივი ოპერაციების ორგანიზებაზე, განხორციელებული ერთობლივი საზღვაო ოპერაციებისა და სწავლების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და საზოგადოების ინფორმირებაზე;

ზ) ერთობლივი მართვის ცენტრის ეფექტიანად ფუნქციონირების, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვის და ჩატარების სტანდარტული ოპერატიული პროცედურების, ერთობლივი სწავლების, ასევე კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენაზე.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი, ხოლო მშვიდობიან პერიოდში ზღვაზე ერთობლივი სამართალდამცავი ოპერაციების ჩატარებას – ერთობლივი მართვის ცენტრის საბჭო.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ევალება ერთობლივი მართვის ცენტრში ოპერატიული მორიგის დანიშვნა.

5. საქართველოს საზღვაო სივრცეში (მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიები), უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნათა შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში შეიძლება ჩაებან ასევე საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები, ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით - არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

6. ერთობლივი ოპერაციის ჩატარების ან კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებათა წარმომადგენლებს/ექსპერტებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი მონაცემები მათი რესურსების შესახებ.    

მუხლი 9. ინფრასტრუქტურა და რესურსები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ერთობლივი მართვის ცენტრს უზრუნველყოფს კომუნიკაციებითა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, იდენტიფიკაციის, რადარული და ვითარებაზე დაკვირვების სისტემებით.

2. საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი მართვის ცენტრს საქმიანობისათვის აუცილებელ სხვა სახის ინფრასტრუქტურასა და რესურსებს, დადგენილი წესის შესაბამისად, გადასცემს მონაწილე უწყებები.

3. ერთობლივი მართვის ცენტრისათვის გადაცემული ან მისი საქმიანობისათვის გამოყენებული მატერიალური ფასეულობა რჩება მისი გადამცემი მონაწილე უწყების საკუთრებაში, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ერთობლივი მართვის ცენტრისაგან მისთვის გადაცემული ინფრასტრუქტურისა და რესურსების დაბრუნება.

4. ერთობლივი მართვის ცენტრისათვის ინფრასტრუქტურისა და რესურსების გადაცემამ ხელი არ უნდა შეუშალოს გადამცემ მონაწილე უწყებას კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებაში.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ერთობლივი მართვის ცენტრის საბჭომ ერთობლივი მართვის ცენტრის შექმნიდან 3 თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის წესი;

ბ) საბჭოს მუშაობის რეგლამენტი;

გ) ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენელთა/ექსპერტთა მიერ ინფორმაციის დამუშავების, მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღების, ასევე მათთვის გადაცემისა და ინფორმაციის უსაფრთხოების წესი.