დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 101/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/07/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016621 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 24/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016064) შევიდეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი
|
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) შესარჩევი კონკურსის (შემდგომში – შესარჩევი კონკურსი) ჩატარების პირობებს. შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას.
მუხლი 2. შესარჩევი კონკურსის მიზანი შესარჩევი კონკურსის მიზანია, დირექტორობის მსურველის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებასთან შესაბამისობის დადგენა.
მუხლი 3. რეგულირების სფერო ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საჯარო სკოლის დირექტორობა. აგრეთვე, განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების, ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – რესურსცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) საქმიანობას დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პროცესში.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამკვირვებელი – პირი, რომელიც აკვირდება საგამოცდო ცენტრში შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას; ბ) კოორდინატორი – პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს საგამოცდო ცენტრში შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას; გ) დირექტორობის უფლების მქონე პირი – პირი, რომელიც შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვებს დირექტორობის უფლების დამადასტურებელ სერტიფიკატს; დ) დირექტორობის კანდიდატი – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენილი პირი; ე) რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციას და ეხმარება შესარჩევი კონკურსის ჩატარების პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს წამოჭრილი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში; ვ) დირექტორობის მსურველი – პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და დადგენილი წესით გამოთქვამს სურვილს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე; ზ) საგამოცდო ცენტრი – სერტიფიცირების პირველი ნაწილის – ტესტირების ჩატარების მიზნით, მართვის სისტემის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი; თ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც დირექტორობის მსურველები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას; ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – ტესტირებისათვის დადგენილ ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც დირექტორობის მსურველთათვის აუცილებელია გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობის მოსაპოვებლად; კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი – პირი, რომელიც შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს კომპიუტერული პროგრამის გამართულ მუშაობას. თავი II. სერტიფიცირების ეტაპი
მუხლი 5. რეგისტრაცია 1. სერტიფიცირების ეტაპისათვის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის მიზნით პირი რეგისტრირდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადის მეშვეობით. 3. რეგისტრაციის დროს ელექტრონულ განაცხადში უნდა მიეთითოს: ა) პირადი ინფორმაცია; ბ) რაიონი/ქალაქი, სადაც პირს სურს ტესტირებაზე გასვლა; გ) უმაღლესი განათლება; დ) არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის არასრული ან არასწორი შევსების შემთხვევაში დირექტორობის მსურველი სერტიფიცირების ეტაპზე არ დარეგისტრირდება. 5. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ დირექტორობის მსურველს ავტომატურად ენიჭება საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი. 6. რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 7 დღისა სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა თაობაზე იმ საგამოცდო ცენტრის მითითებით, სადაც უნდა გამოცხადდეს დირექტორობის მსურველი.
მუხლი 6. სერტიფიცირების ეტაპის შინაარსი და ფორმა 1. საგამოცდო პროგრამას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სერტიფიცირების ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას (შემდგომში - ტესტირება). ტესტირება ტარდება ელექტრონულად, მართვის სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავს გასაუბრებას (შემდგომში – გასაუბრება) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან. 3. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60 პროცენტს.
მუხლი 7. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი 1. ტესტირება ტარდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუადრეს 10 დღისა. 2. ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, დროს და ხანგრძლივობას, მართვის სისტემის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 8. ტესტირების ენა ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
მუხლი 9. ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე დასწრება 1. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაიშვებიან: ა) კოორდინატორი; ბ) დამკვირვებელი; გ) რეგისტრატორი; დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი. 2. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში ყოფნის უფლება აქვს: ა) კოორდინატორს; ბ ) დამკვირვებელს. გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტს; დ) სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 3. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინატორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია იმყოფებოდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები. 4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით დირექტორობის მსურველის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა. 5. ტესტირების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. 6. სამინისტრო უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირები დანიშნოს დამკვირვებლებად მათი თანხმობის საფუძველზე. 7. პირი არ შეიძლება დანიშნულ იქნეს კოორდინატორად, დამკვირვებლად, რეგისტრატორად და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტად იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც ტესტირებას გადის მისი ნათესავი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება: ა) მეუღლე; ბ) შვილი, გერი; გ) მშობელი/მშვილებელი, მეუღლის მშობელი/ მშვილებელი; დ) და-ძმა; მეუღლის და-ძმა და მათი შვილები; ე) ბებია და ბაბუა (პაპა), ბებიის დედ-მამა და ბაბუის (პაპის) დედ-მამა, როგორც დედის და მამის, ასევე მეუღლის მხრიდან; ვ) შვილიშვილი, შვილთაშვილი; ზ) ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები, მამიდები და მათი შვილები. მეუღლის ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები, მამიდები და მათი შვილები.
მუხლი 10. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია 1. საგამოცდო ცენტრში დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე. 2. ტესტირების ჩაბარების მიზნით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად დირექტორობის მსურველი ვალდებულია გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე, თან იქონიოს საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტირებაზე არ დაიშვება. 3. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრატორი დირექტორობის მსურველს განუსაზღვრავს მისთვის განკუთვნილ საგამოცდო სექტორსა და ადგილს. 4. დირექტორობის მსურველი საგამოცდო სექტორში იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს. 5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
მუხლი 11. ტესტირების დაწყება 1. ტესტირების დაწყებამდე საგამოცდო სექტორში მყოფ დირექტორობის მსურველს კოორდინატორი/დამკვირვებელი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, ტესტირების ჩატარების, ტესტის შევსებისა და კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესებს, რის შემდეგაც იწყება საგამოცდო დროის ათვლა. 2. კოორდინატორი/დამკვირვებელი უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლის დაწყებამდე დირექტორობის მსურველს არ ჰქონდეს ტესტზე მუშაობის დაწყების საშუალება.
მუხლი 12. ტესტზე მუშაობა 1. ტესტზე მუშაობის პროცესში დირექტორობის მსურველს შეუძლია გამოიყენოს სპეციალური ფურცელი, რომელსაც მას გადასცემს კოორდინატორი/დამკვირვებელი. 2. დამხმარე ფურცელი ტესტირების დასრულების შემდეგ რჩება საგამოცდო ცენტრში. 3. ტესტირების მიმდინარეობისას დირექტორობის მსურველს უფლება აქვს თან იქონიოს წყალი, პირადი ჰიგიენის საგნები და ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. 4. ტესტირების მიმდინარეობისას დირექტორობის მსურველს ეკრძალება: ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა; ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება; გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად; ე) საგამოცდო მაგიდაზე დამხმარე ფურცლის, საწერი კალმის და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ვ) კოორდინატორის/დამკვირვებლის მითითების გარეშე ტესტზე მუშაობის დაწყება; ზ) ტესტზე მუშაობის გაგრძელება საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ. 5. დროის ამოწურვამდე ტესტირების დამთავრების შემთხვევაში დირექტორობის მსურველს უფლება აქვს დატოვოს საგამოცდო სექტორი კოორდინატორის ან დამკვირვებლის თანხმობით. 6. დირექტორობის მსურველი ფასდება ელექტრონულად ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე.
მუხლი 13. ტესტირების მიმდინარეობის პროცედურის დარღევევა 1. ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დირექტორობის მსურველს მიეცემა გაფრთხილება, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ჩამოერთმევა აღნიშნული ნივთი. 2. ტესტირების მიმდინარეობის პროცედურის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი იხსნება ტესტირებიდან, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმის საფუძველზე. 3. წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში დირექტორობის მსურველი ტესტირებიდან მოიხსნება გაფრთხილების გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე.
მუხლი 14. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე ტესტის შეფასება ხდება ელექტრონულად და დირექტორობის მსურველს ეცნობება შედეგის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე განთავსდება მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და დირექტორობის მსურველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს მიღებული შედეგები საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის გამოყენებით.
მუხლი 15. ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა და განხილვა 1. დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს შესაბამის რესურსცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. რესურსცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადების მიწოდებას მართვის სისტემისათვის, ხოლო მართვის სისტემა მათ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და შედეგებს აცნობებს დირექტორობის მსურველს.
მუხლი 16. დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 1. დირექტორობის მსურველთა გასაუბრებას ატარებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. 2. გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გასაუბრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
მუხლი 17. სერტიფიცირების ეტაპის საბოლოო შედეგები 1. სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება, რაც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. მართვის სისტემა უზრუნველყოფს მართვის სისტემის მიერ შექმნილ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დირექტორობის უფლების მქონე პირთა მონაცემების შეყვანას. ელექტრონული საინფორმაციო ბაზა ხელმისაწვდომია მართვის სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის.
მუხლი 18. დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა 1. დირექტორობის უფლების მოპოვება დასტურდება მართვის სისტემის მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომლის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი . 2. მართვის სისტემა ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან ხუთი დღის ვადაში უზრუნველყოფს სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს ის საგამოცდო ცენტრი, სადაც დირექტორობის მსურველმა პირმა გაიარა ტესტირება. 3. დირექტორობის უფლების მქონე პირმა სერტიფიკატის მისაღებად უნდა მიმართოს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს ის საგამოცდო ცენტრი, სადაც დირექტორობის მსურველმა პირმა გაიარა ტესტირება. 4. დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი მოქმედებს ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დირექტორობის უფლების მქონე პირი კარგავს დირექტორობის უფლებას.
თავი III. სერტიფიცირების საფასური მუხლი 19. სერტიფიცირების საფასური 1. სერტიფიცირების საფასური მოიცავს: ა) სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 35 ლარს; ბ) დირექტორობის მსურველის ინიციატივით ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება მართვის სისტემის საბანკო ანგარიშზე. 3. დირექტორობის მსურველის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, მართვის სისტემის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სერტიფიცირების ეტაპის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. მართვის სისტემის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი დაკმაყოფილდება, დირექტორობის მსურველს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გადახდილი თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
თავი IV. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა
მუხლი 20. თანხმობის ფორმის შევსება და გასაუბრება 1. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის უფლების მქონე პირი ელექტრონულად ავსებს თანხმობის განაცხადს, რის შემდეგაც გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან. თანხმობის განაცხადში მისათითებელი საჯარო სკოლების მაქსიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის განაცხადის შევსების ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანხმობის განაცხადს, რომლის ფორმასაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მართვის სისტემის უფროსი, ელექტრონულად თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) 3-წლიანი მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ორი ფოტოსურათი; ვ) სამოტივაციო წერილი არაუმეტეს A4-ის ფორმატის ერთი გვერდის მოცულობით; ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; თ ) ცნობა ნასამართლობის შესახებ. 4.თანხმობის განაცხადი და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სამინისტროში მატერიალური ფორმით ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში. 5. გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში. 6.დირექტორობის უფლების მქონე პირი გასაუბრებაზე კომისიის წინაშე აკეთებს მოხსენებას სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის თაობაზე. 7. გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია შეარჩევს იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად. 8. შერჩეული კანდიდატების სია ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გასაუბრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში.
მუხლი 21. დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა და შედეგების გასაჩივრება 1. დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონულად შევსებულ თანხმობის განაცხადში. 2. სამეურვეო საბჭო დირექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან ირჩევს მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. 3. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. 4. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის/არარჩევის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს ერთ-ერთი დირექტორად, რომლის დანიშვნა სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა. 6. სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
თავი V. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები
მუხლი 22. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები ამ წესით გათვალისწინებულ მართვის სისტემის უფლებამოსილებებს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
თავი VI. დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგი
მუხლი 23. დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგი ამ წესის შესაბამისად დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. |
დოკუმენტის კომენტარები