„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 624
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 05/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 400.000.000.05.001.003.348
  • Word
624
05/12/2008
სსმ, 35, 05/12/2008
400.000.000.05.001.003.348
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ტერიტორიული წყლები – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. მე-17 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გამოყოფს ზღვის ცალკეულ რაიონს (რაიონებს), სადაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ აწარმოონ ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება. ამგვარი რაიონის (რაიონების) გამოყოფა უნდა მოხდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ“.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აკრძალულია საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების შესწავლასთან, მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების ზღვაში უნებართვო მშენებლობა და აღმართვა. ამ საქმიანობის ნებართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემენ სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

გ) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გემის შესვლა ამ ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების ზონის საზღვრებში შეიძლება მხოლოდ სპეციალური ნებართვით, რომელსაც გასცემს ამ ნაგებობებისა და მოწყობილობების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით;“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს დაცული უნდა იყოს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპირებს ასეთი საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და ფორმით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირის ვინაობა.“.

3. 93-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ერთობლივი ბრძანება „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ“;“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№624–IIს