„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 05/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.05.001.003.340
  • Word
616
05/12/2008
სსმ, 35, 05/12/2008
010.240.000.05.001.003.340
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სასაზღვრო ინციდენტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო ფორმირებებს შორის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება შეიარაღებული ხასიათის იყოს.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით აღნიშნული ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოში შემომსვლელ პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურეები პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.“.

5. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გემის მფლობელს (მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს.“.

6. მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში იძულებითი შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ აღმოჩნდა, რომ გემის მიერ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების დარღვევას არა აქვს გამამართლებელი საფუძველი, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.

4. თუ უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში იძულებითი შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემის იძულებითი შემოსვლის გამომწვევი გარემოებები და ასეთი შემოსვლა მიზნად ისახავდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ქმედებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან საჭიროების შემთხვევაში მისი მოწვევით საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები აკავებენ სამხედრო ან ატომურ გემს და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოები დიპლომატიური არხებით აწარმოებენ მოლაპარაკებას გემის მფლობელ სახელმწიფოსთან.“.

7. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასაზღვრო ზოლის რეჟიმი არ ვრცელდება დასახლებულ პუნქტებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო ზოლის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიაზე.“.

8. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 28. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა

1. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს დაცული უნდა იყოს ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნები. პირმა, რომელიც აპირებს ასეთი საქმიანობის განხორციელებას, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირის ვინაობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების დასკვნის საფუძველზე აუკრძალოს პირს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, თუ მან შეტყობინებაში მიუთითა არასწორი მონაცემები და სამუშაოთა წარმოება ზიანს აყენებს გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას.

    მუხლი 29. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესები

საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესებს აკონტროლებს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.“.

9. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საბაჟო კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან შემომსვლელ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს, აგრეთვე მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს.“.

10. 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ და შიდა საზღვაო წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საჰაერო სივრცეში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალებს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.“.

11. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად და სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად საზღვრის გარკვეულ უბნებზე „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავს, უფლებამოსილებებს განუსაზღვრავს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენლებს – სასაზღვრო კომისრებს.“.

12. 35-ე–37-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 35. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილებანი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლში, საზღვაო სივრცესა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში აქვთ შემდეგი უფლება-მოვალეობანი:

ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დროებით შეზღუდონ ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება შემდგომი კომპენსაციით სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში განათავსონ გემზე სასაზღვრო ბადრაგი, გემის პორტში ან პორტიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით;

გ) ამ მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ფ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირები გადასცენ საგამოძიებო ორგანოებს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) განახორციელონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლება“;

ე) დაიცვან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, დადგენილი სასაზღვრო ნიშნები, სხვა სასაზღვრო შენობა-ნაგებობები და ობიექტები;

ვ) აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლის ნებისმიერი მცდელობა;

ზ) მოიგერიონ შეიარაღებული ჯგუფების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის მცდელობა ან სხვა სახის პროვოკაცია, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დაიცვან სახელმწიფო და მოქალაქეთა კერძო საკუთრება ამგვარი ხელყოფისაგან;

თ) თავიდან აიცილონ და აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაადგილება, აგრეთვე ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების უკანონოდ გადატანა;

ი) გამოავლინონ და დააკავონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარონ პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტების წარდგენისას;

ლ) სათანადო წესით მოუარონ და დაიცვან სასაზღვრო გამტარი პუნქტები და სხვა სასაზღვრო ობიექტები;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადი, მომწამვლელი, რადიაქტიური და ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე კონტრაბანდული და სხვა აკრძალული საგნების გადაადგილება და გადატანა;

ნ) ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ სასაზღვრო რეჟიმის დაცვა;

ო) უზრუნველყონ სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;

პ) გააკონტროლონ სასაზღვრო რეჟიმი დამოუკიდებლად ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აეროპორტებში (აეროდრომებზე), რკინიგზის სადგურებში, პორტებში, საერთაშორისო საავტომობილო გზების სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

ჟ) გააკონტროლონ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოთა არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის დადგენილი წესების შესრულება;

რ) შეაჩერონ, დააკავონ, შეამოწმონ და დარღვევის აღსაკვეთად მიიღონ აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიმართ, თუ მათ დაარღვიეს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონის რეჟიმი;

ს) დაეხმარონ სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაში, სარეწ საქმიანობასა და ეკოსისტემის დაცვაში, აგრეთვე სასაზღვრო ზონაში სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციასა და ხანძრის ჩაქრობაში;

ტ) განათავსონ საზღვრის დაცვის საგუშაგოები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე;

უ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუზღუდავად გადაადგილდნენ სასაზღვრო ზონაში, შეამოწმონ დოკუმენტები, გააკონტროლონ ტრანსპორტი და ტვირთი;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკავონ და დროებითი პატიმრობის ადგილას მოათავსონ პირი, თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიწვევით და მასთან ერთად შეამოწმონ ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად ამოიღონ საგნები, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია, აღკვეთონ კონტრაბანდა;

ყ) საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეიტანონ მათში შესაბამისი აღნიშვნები;

შ) არ გაატარონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირი, რომელსაც არა აქვს ამ მუხლის „ყ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტები;

ჩ) აუკრძალონ ნაპირზე ჩამოსვლა და ყოფნა უცხო სახელმწიფოს გემის ეკიპაჟის წევრებს და გემზე მყოფ სხვა პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და პორტებში, ტერიტორიულ ზღვაში და მიმდებარე ზონაში ყოფნისა და ცურვის დროს;

ც) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს გემს მოსთხოვონ სახელმწიფო დროშის აღმართვა;

ძ) აწარმოონ გამოკითხვა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების შემოსვლის მიზნის შესახებ;

წ) შესთავაზონ არასამხედრო ან სამხედრო გემს ანდა სხვა სანაოსნო საშუალებას, შეცვალოს კურსი, თუ მას გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;

ჭ) გააჩერონ და შეამოწმონ არასამხედრო ან სამხედრო გემი ანდა სხვა სანაოსნო საშუალება, თუ იგი არ უპასუხებს გამოკითხვის სიგნალს, იმყოფება ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის წესებს, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე თუ ეწევა ამ კანონის 21-ე მუხლით აკრძალულ საქმიანობას;

ხ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე დაიცვან საქართველოს ხელოვნური კუნძულები, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სახის დანადგარები და ნაგებობები;

ჯ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე განახორციელონ კონტროლი და მიიღონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით დადგენილი ზომები უცხო სახელმწიფოთა და უკანონო სამეცნიერო-კვლევითი ან სარეწი საქმიანობის აღსაკვეთად და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

ჰ) ჩადენილი დანაშაულისათვის ჩამოიყვანონ და დააკავონ უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის ეკიპაჟის წევრები და გემზე მყოფი სხვა პირები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

1) განახორციელონ სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან, ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში;

2) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ და მატერიალურ-კულტურულ განვითარებაში.

    მუხლი 36. საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში მყოფ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემებს აკავებს და ბადრაგის თანხლებით გზავნის უახლოეს პორტში ან სხვა შესაბამის პუნქტში, თუ:

ა) გემი იმყოფება დადგენილი წესის შესაბამისად ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;

ბ) გემში პირთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, აგრეთვე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება იმ ადგილებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“;

გ) გემი უკანონოდ ეწევა სარეწ, კვლევით ან ჰიდროგრაფიულ საქმიანობას, ყრის ან მარხავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან წყლის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებსა და დამაბინძურებელ ნარჩენებს, მასალებს ანდა მის სხვა მოქმედებას ზიანი მოაქვს საქართველოსთვის;

დ) საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების ნებართვის გარეშე ხდება გემბანიდან ნებისმიერი სახის საფრენი აპარატის აფრენა ან გემბანზე დაფრენა;

ე) გემის კაპიტანი არ წარადგენს გემის, ტვირთის, მგზავრებისა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს;

ვ) გემი არ ემორჩილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელთა ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილ ორგანოთა განკარგულებებს;

ზ) გემი არღვევს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ წესებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

 მუხლი 37. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების ოქმი

1. არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები და შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანი.

2. გემის დაკავების შემთხვევაში კაპიტანს ჩამოერთმევა გემისა და ტვირთის დოკუმენტები და ისინი დაერთვის ოქმს. თუ შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს ნებისმიერ ენაზე გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე.

3. თუ გემის კაპიტანი ხელს არ აწერს ოქმს, მასში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.“.

13. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიებლად, საჰაერო და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად (თუ მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა და ობიექტებზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის, აღსაკვეთად.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სრული სია სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს შეიარაღებაში, განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.“.

14. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 42. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა

 ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უცხო სახელმწიფოს ატომურ, სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების გემს, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შემოსვლამდე 48 საათით ადრე დიპლომატიური არხებით შეატყობინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, სხვა ნიშნები, შემოსვლისა და გასვლის ადგილი და დრო. გავლის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№616–IIს