დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/3/534 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 11/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016014 |
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგიის
გადაწყვეტილება № 1/ 3/534
2013 წლის 1 1 ივნისი
ქ. ბათუმი
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ტრისტან მამაგულაშვილის წარმომადგენელი ვახტანგ მენაბდე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – თამარ მესხია და თამარ ხინთიბიძე; მოწმეები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს ორგანიზაციული მუშაობის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ნინო წოწონავა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი ლევან ბარდაველიძე; რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი მარინა სალუქვაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №534) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ტრისტან მამაგულაშვილმა და ფირუზ ვანიევმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 11 ივლისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2013 წლის 4 აპრილის საოქმო ჩანაწერით №1/2/534 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. 2013 წლის 8 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა წერილით (01/08-28), რომლითაც ასოციაცია იუწყება, რომ 2013 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელე ფირუზ ვანიევი. წერილს ერთვის გარდაცვალების მოწმობა.
4. საქმის არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2013 წლის 29 აპრილს.
5. №534 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
6. სადავო ნორმის მიხედვით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად, დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში“.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
8. მოსარჩელე ტრისტან მამაგულაშვილი არის საქართველოს მოქალაქე და მისი იურიდიული მისამართია ქარელის რაიონი, სოფელი დვანი. მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 9 მაისით დათარიღებული წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სოფელ დვანში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის ბინა ჯერ-ჯერობით მდებარეობს ქართველი ძალოვანი სტრუქტურების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.
9. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 18 ივლისის წერილი №01/01-25/3546, რომლის მიხედვით, ტრისტან მამაგულაშვილს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელიც განსაზღვრულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამასთანავე, მოსარჩელემ წარმოადგინა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2 მარტის №147 წერილი, რომლის მიხედვით, სოფელ დვანში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახლი ნამდვილად არის ოკუპანტის კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი ოჯახი ცხოვრობს მეზობლის ბინაში. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ტრისტან მამაგულაშვილისთვის არაერთხელ იქნა შეთავაზებული საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მაგრამ განმცხადებელი უარს აცხადებდა იმ მიზეზით, რომ მას სურვილი ჰქონდა, ბინა მიეღო იმავე სოფელში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილს ასევე თან ერთვის 2012 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ტრისტან მამაგულაშვილის მეუღლეს, ირინე მამაგულაშვილს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) ნაკვეთი ქარელის რაიონის სოფელ დვანში.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 18 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდების თაობაზე. სასამართლოს მოთხოვნის საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა 2013 წლის 25 თებერვლით დათარიღებული წერილი (№353314). აღნიშნული წერილის მიხედვით, ტრისტან მამაგულაშვილის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ დვანში, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თიღვის რაიონული სამმართველო, ხოლო მის საკუთრებაში არსებულ სოფელ დვანის ტილიანაში მდებარე სახლზე არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია.
11. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2008 წელს მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მას მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი და ამ დრომდე ვერ ახერხებს დაბრუნებას. მისი აზრით, იგი არის არსებითად თანასწორი იმ პირებთან მიმართებით, რომელთა საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულია უცხო ქვეყნის მიერ. ერთადერთი განსხვავება ამ პირთა ჯგუფებს შორის არის ის, რომ ერთ შემთხვევაში გარკვეული ტერიტორია კანონით ცნობილ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიად, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს ტერიტორიები, მართალია, არ არის კანონით მიჩნეული ოკუპირებულ ტერიტორიად, მაგრამ არის უკონტროლო და იქ არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია. სადავო კანონმა, ოკუპირებული ტერიტორიის ცნების შემოღებით, უპირატესობა მიანიჭა იმ პირთა ჯგუფს, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხოლო პირები, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავისი საცხოვრებელი ადგილი არაოკუპირებული ტერიტორიებიდან, არ მოექცნენ კანონის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, სადავო ნორმები ცხადად ახდენენ პირთა ორი კატეგორიის დიფერენცირებას. დიფერენცირების საფუძველია პირთა ჯგუფის საცხოვრებელი ადგილი.
12. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა თავისთავად არ გულისხმობს დისკრიმინაციის არსებობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს იმგვარი ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია აღნიშნულ პირთა წრის განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება და მათთვის სამართლებრივი ტვირთის დაკისრება.
13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ, ვინაიდან სადავო ნორმის საფუძველზე დიფერენციაცია ხდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და უნდა წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის, ისევე როგორც მთლიანად კანონის, განმარტებიდან საერთოდ არ იკვეთება შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი. შესაძლებელია, ამგვარ მიზანს წარმოადგენდეს სახელმწიფო ფინანსების დაზოგვა, თუმცა რეალურად ძალიან მცირეა იმ პირების რაოდენობა, რომლებმაც ოკუპაციის გამო იძულებით დატოვეს საკუთარი საცხოვრებელი ადგილი არაოკუპირებული ტერიტორიებიდან. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ ჩაითვლება მიზნის მიღწევის ადეკვატურ საშუალებად.
14. მოსარჩელის აზრით, პირის დევნილად მიჩნევისთვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს იმ გარემოებას, მისი საცხოვრებელი ადგილის ტერიტორია აღიარებულ იქნება თუ არა ოკუპირებულად. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, პირმა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი საყოველთაო ძალადობის ან/და შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და იძულებით გადაადგილდეს ქვეყნის საზღვრებში. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოიხსნება პრობლემა და ადმინისტრაციული ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმსჯელებს, თუ ვინ უნდა იქნეს მიჩნეული დევნილად. ამ სტატუსის მინიჭება არ იქნება მიბმული კონკრეტულ ტერიტორიაზე და შეფასების კრიტერიუმად დარჩება ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტი.
15. მოსარჩელის განმარტებით, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ფორმალურად რას უწოდებს კანონმდებელი პირებს, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი დატოვეს ოკუპაციის გამო. არამედ მისთვის პრობლემატურია არსებული სამართლებრივი სისტემა და ნორმატიული რეგულირებები. მისი მტკიცებით, აღნიშნულ პირებს დევნილის სტატუსის მინიჭების გარდა, არა აქვთ სხვა საშუალება, რომ მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები. შესაძლებელია, სახელმწიფომ გაატაროს გარკვეული ინდივიდუალური ღონისძიებები და კონკრეტულ პირებს შეუქმნას სოციალური გარანტიები, თუმცა ამგვარი ღონისძიებები არ უნდა გახდეს სახელმწიფოს მიერ საკითხის ნორმატიული რეგულირების თავიდან აცილების საფუძველი.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
17. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის შემოღებისას, კანონმდებელს არ სურდა დაეწესებინა დიფერენცირებული მიდგომა ტერიტორიული ნიშნით. ოკუპირებული ტერიტორიის, როგორც ცნების, საკანონმდებლო რეგლამენტაციის მიზანს წარმოადგენდა 2008 წელს მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შედეგად ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტის აღიარება. კანონმდებელს ასევე სურდა, რომ მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა და დახმარება. აქედან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ტერიტორიები, რომლებიც ფაქტობრივად ვერ კონტროლდება საქართველოს მიერ, კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ცვლილება და ეს ტერიტორიები მიჩნეულ იქნეს ოკუპირებულ ტერიტორიებად. შესაბამისად, პირებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის გამო დაეტოვებინათ ამ ტერიტორიებზე არსებული საცხოვრებელი ადგილი, უნდა მიენიჭოთ დევნილის სტატუსი და ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.
18. საბოლოოდ, მოპასუხემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი. მან აღნიშნა, რომ სადავო ნორმის არსებული რედაქცია დისკრიმინაციული შინაარსისაა იმ პირების მიმართ, რომლებიც სამხედრო მოქმედების შედეგად, იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი ტერიტორიდან, რომელზეც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და რომელიც იმავდროულად კანონმდებლობით ოკუპირებულ ტერიტორიად არ არის აღიარებული. მოპასუხე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირები იმავე სოციალური გარანტიებით უნდა სარგებლობდნენ, როგორითაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
19. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს ორგანიზაციული მუშაობის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ნინო წოწონავამ განმარტა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის ქარელის რაიონს და იგი კანონმდებლობით არ არის აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად. მიუხედავად ამისა, სამინისტროში არსებული ინფორმაციით, მოცემულ მომენტში, ამ ტერიტორიაზე გაბმულია მავთულხლართები, დგას საოკუპაციო ძალების ბლოკ-საგუშაგოები და მოსარჩელის სახლი მოქცეულია საოკუპაციო ზოლში. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე ქართველი სამართალდამცავები წესრიგის დაცვას ვერ ახორციელებენ. მოწმემ მიუთითა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელი ტერიტორიებია, სადაც ფაქტობრივად არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, მაგრამ კანონმდებლობით არ არის აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად. ამასთანავე, მოწმემ აღნიშნა, რომ სიტუაცია მუდმივად ცვალებადია და იმ შემთხვევაში, თუ მავთულხლართები მოიხსნება და საოკუპაციო ძალები უკან დაიხევენ, ქართველი სამართალდამცავები გაატარებენ ყველანაირ ზომას, რათა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
20. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა მარინა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და, ამავდროულად, არ არის კანონმდებლობით აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად. მისი განცხადებით, საოკუპაციო ხაზი, ისევე როგორც მისი მიმდებარე ტერიტორიები, მუდმივად ცვალებადია. შესაძლებელია, კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსახლეობა ვერ ახერხებდეს გადაადგილებას და არ კონტროლდებოდეს სამართალდამცავების მიერ, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათ მიეცეთ ამის შესაძლებლობა და სამართალდამცავებმაც დაიცვან მათი უსაფრთხოება. მოწმის განმარტებით, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ფაქტებსა თუ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო.
21. მოწმემ მიუთითა, რომ ოკუპირებული და არაოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და მათ წინაშე არსებული საფრთხეები არ არის იდენტური, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებს აკონტროლებენ საოკუპაციო ძალები, იქ შესვლა არის შეუძლებელი და, ხშირ შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლებიც განადგურებულია, ხოლო მავთულხლართის არსებობის პირობებში, მოსახლეობას მეტ-ნაკლებად მაინც აქვს საშუალება, გადაადგილდეს ამ ტერიტორიაზე. მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, თუმცა თავისი სიმძიმით ვერ გაუტოლდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ პირთა მდგომარეობას.
22. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსმა ლევან ბარდაველიძემ განმარტა, რომ მოსარჩელის იდენტურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ოდენობასთან დაკავშირებით მას არ ჰქონდა ზუსტი სტატისტიკა, თუმცა მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ასეთი ოჯახების რაოდენობა 100.000 აღწევდა, ხოლო დღესდღეობით 3-5 ოჯახი არის დარჩენილი. ამასთანავე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან და იმ ტერიტორიებიდან, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა თითქმის იდენტურია საფრთხეების თვალსაზრისით. ამასთანავე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს ადგილები, სადაც შესაძლებელია მოსახლეობის დაბრუნება, ისევე როგორც არსებობს ტერიტორიები, რომლებიც არ არის აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად, მაგრამ იქ დაბრუნება საფრთხის შემცველია.
23. მოწმემ მიუთითა, რომ დევნილების და მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების სოციალური მდგომარეობა არსებითად არ განსხვავდება. დევნილები იღებენ შემწეობას, ხოლო არაოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება აქვთ, მიიღონ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისთვის განკუთვნილი სოციალური შემწეობა. მოწმის ინფორმაციით, ყველა ასეთი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ხოლო სოციალური შემწეობის ოდენობა დევნილის შემწეობისგან 2-3 ლარით განსხვავდება. მოწმის განცხადებით, შესაძლებელია, არსებობდეს არაოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც არ იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და იგი ამ დახმარებასაც ვერ მიიღებს, თუმცა ასეთი ოჯახები არ არსებობს და არსებობის შემთხვევაში, მოხდება ამ მდგომარეობის დამატებით შეფასება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №534 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების – “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. იწვევს თუ არა გასაჩივრებული რეგულაცია კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დარღვევას, დისკრიმინაციას – ამ საკითხზე პასუხის გასაცემად და დავის გადასაწყვეტად აუცილებელია, როგორც სადავო ნორმის შინაარსის, ისე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის გაანალიზება.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსი და მნიშვნელობა. „ თანასწორობის იდეა არის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებათა სისტემისა, რომლის დამკვიდრების მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები. კანონის წინაშე თანასწორობა – ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ...ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
3. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა – ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის, რადგან თავისუფლების იდეა გაუფასურდება, თუ ის არსებითად ერთნაირი შინაარსის მატარებელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასთვის. ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან. სწორედ „...თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
4. ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის ურთიერთკავშირზე არაორაზროვნად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. „ამ ნორმაში კანონის წინაშე თანასწორობა მოხსენიებულია ადამიანის თავისუფლებასთან ერთად, რაც უდავოდ მიანიშნებს თანასწორობის მნიშვნელობაზე ადამიანის თავისუფლებისათვის – ადამიანის უფლებები ერთნაირად არის თითოეული ადამიანის კუთვნილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ხელმისაწვდომობა მათზე (უფლებებით სარგებლობაზე), მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თავისუფლების სრულყოფილად შეგრძნება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-3.).
5. კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის სწორედ ასეთი ფუნდამენტური მნიშვნელობა ბოჭავს ინტერპრეტატორებს თანასწორობის უფლების განმარტებისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის „ ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „ საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-68). ამასთან, „ თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4.).
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, „თუმცა, თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-8).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებას, დადგენას საფუძვლად დაუდო შემდეგი ძირითადი მიდგომა: „ დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).”
8. იმის დასადგენად, იწვევს თუ არა გასაჩივრებული ნორმა გაუმართლებელ დიფერენციაციას, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ სადავო რეგულაციის არსი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად, დევნილად (შემდგომ – დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში“.
9. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც მიიჩნევს დევნილად. კერძოდ, ამ კანონის მიზნებისათვის პირის დევნილად ცნობისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ა) პირის იძულებით გადაადგილების ფაქტი – როდესაც პირი იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ბ) პირის იძულებით გადაადგილების მიზეზი – საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას; გ) იძულებით გადაადგილების საფუძველი – უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაცია, აგრესია და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა. ნიშანდობლივია, რომ სადავო ნორმის მიხედვით, პირის დევნილად მიჩნევისთვის აუცილებელია, დასახელებული საფუძვლებითა და მიზეზებით პირის იძულებით გადაადგილება მოხდეს უშუალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის გარეშეც ყველა ზემოთ დასახელებული პირობის უტყუარად არსებობა არ არის საკმარისი საფუძველი იძულებით გადაადგილებული პირის დევნილად ცნობისთვის. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებად, ამავე კანონის 11 მუხლის „ნ” ქვეპუნქტის თანახმად, მიიჩნევა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები.
10. სადავო ნორმის შინაარსისა და მიზანმიმართულების უკეთ გარკვევისთვის მნიშვნელოვანია შემდეგ საკითხზე ყურადღების გამახვილება: გასაჩივრებული რეგულაცია დღეს მოქმედი ფორმულირებით ჩამოყალიბდა 2011 წლის 23 დეკემბრის კანონით „„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№5597). აღნიშნული კანონით შეიცვალა არა მხოლოდ სადავო, არამედ არაერთი სხვა ნორმაც. საბოლოოდ, არსებითად შეიცვალა კანონის მიზნობრიობა და რეგულირების ფარგლები, რაც კანონის სათაურის ცვლილებიდანვე იკითხება. კერძოდ, კანონის სახელწოდება იყო: „საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ”, ხოლო ცვლილების შემდგომ კანონის სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“. ამასთან, 2011 წელს განხორციელებულ ცვლილებამდე დევნილის სტატუსი შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: „იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო“.
11. აშკარაა, რომ „„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 23 დეკემბრის კანონის (№5597) მიღება განპირობებული იყო კანონმდებლის სურვილით, განზრახვით, დევნილის სტატუსი დაუკავშიროს ოკუპაციის ფაქტს და უცხო ქვეყნის მიერ ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების ოკუპირების შედეგად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მოაქციოს სახელმწიფოს ზრუნვის სფეროში. ერთი მხრივ, ცხადია, რომ დასახელებული კანონი, ისევე როგორც სადავო ნორმა, მიზნად არ ისახავს ქვეყნის ფარგლებში მოქალაქეთა იძულებით გადაადგილების ყველა საფუძვლის რეგულირებას და დევნილის უნივერსალური დეფინიციის განსაზღვრას. Aამ კანონის მიზანმიმართულება არის, უშუალოდ ოკუპაციის ფაქტის საფუძველზე, ომისა და აგრესიის შედეგად ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამო/მიზეზით იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა და მათთვის შესაბამისი გარანტიების შექმნა. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს სხვა ან ამავე კანონით დევნილის სტატუსის საფუძვლების გაფართოებას, თუმცა ეს არ წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს. საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით და უშუალოდ სადავო ნორმის რეგულირების სფეროს კონსტიტუციურობის შეფასებით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტის შედეგად, ომის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სტატუსის განმსაზღვრელი საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ამ მიზნისთვის კი სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას – სადავო ნორმა უზრუნველყოფს თუ არა ზემოაღნიშნული საფუძვლით იძულებით გადაადგილებული ყველა პირის თანაბარ დაცვას, ხომ არ იწვევს ის არსებითად თანასწორი პირების დაუსაბუთებელ დიფერენციაციას, დისკრიმინაციას?
12. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმამ უპირატესობა მიანიჭა იმ პირთა ჯგუფს, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხოლო პირები, რომლებმაც ასევე იძულებით დატოვეს თავისი საცხოვრებელი ადგილი იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც დასახელებული კანონის მიხედვით არ არის ცნობილი ოკუპირებულ ტერიტორიად, არ მოექცნენ კანონის რეგულირების სფეროში. შედეგად, დევნილის სტატუსი და მისი თანმდევი სოციალური გარანტიები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იმავდროულად, კანონით დაცული სფეროდან გამორიცხული არიან პირები, რომლებმაც, ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირების მსგავსად, დატოვეს მათი სახლები და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო იქ ვერ ბრუნდებიან. ამგვარად, მოსარჩელის აზრით, ცალსახაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარი მოპყრობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
13. მაშასადამე, მოსარჩელისთვის პრობლემატურია არა თავისთავად ოკუპაციის ფაქტთან დევნილის სტატუსის დაკავშირება, არამედ ის გარემოება, რომ კანონმდებელი ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირის დევნილად მიჩნევისთვის დამატებით მოითხოვს სავალდებულო პირობის დაკმაყოფილებას – პირი უშუალოდ „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიიდან უნდა იყოს იძულებით გადაადგილებული.
14. როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარემ (საქართველოს პარლამენტმა) ცნო კონსტიტუციური სარჩელი იმ მოტივით, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. საქართ ველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, ზოგადად სადავო ნორმის, ისევე როგორც კანონის ცვლილების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა ოკუპაციის ფაქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა იდენტიფიცირება, მათი დევნილებად ცნობა და შესაბამისი გარანტიების გავრცელება. ის, ერთი მხრივ, აღნიშნავდა: „ კანონმდებლის მიზანი არის, რომ ოკუპაციის შედეგად ვინც დატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლი, მათ მიმართ იქნეს სოციალური გარანტიები გამოყენებული”. ხოლო, მეორე მხრივ, ხაზგასმით და არაერთგზის თქვა, რომ: „კანონმდებლის მიზანი სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირთა სოციალური დახმარება არის”. უკავშირებს რა უშუალოდ „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიიდან პირთა იძულებით გადაადგილებას მათ დევნილად მიჩნევას, მოპასუხე აღნიშნავს: „ თუ ტერიტორია არის ოკუპირებული და ჯერ სახელმწიფოს არა აქვს აღიარებული, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია, მაშინ დისკრიმინაციულად გამოდის მათ მიმართ ამ კანონის მოქმედება. მაგრამ ის, რომ გასაჩივრებული ნორმა ვცნოთ არაკონსტიტუციურად, მაშინ მთელ კანონს დაეკარგება აზრი... მთელი დებულება უნდა არსებობდეს კანონში, ვინაიდან კანონმდებლის მიზანი სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირთა სოციალური დახმარება არის”.
15. მაშასადამე, მოპასუხის აზრით, სადავო ნორმის შინაარსი და მიზანი არის ოკუპაციის ფაქტთან დევნილობის დაკავშირება და, შედეგად, უშუალოდ „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა. ამიტომაც მიიჩნევს ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გეოგრაფიის დაზუსტება უნდა მოხდეს კანონით „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და, შედეგად, სადავო ნორმის გავრცელება მოხდება ოკუპაციის ფაქტის გამო, ყველა იძულებით გადაადგილებულ პირზე.
16. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არც სასამართლოში საქმის განხილვის შეწყვეტას განაპირობებს და არც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის აუცილებლობას. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების ვალდებულებისაგან. ამ პროცესში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია როგორც მოსარჩელის, ისე საქართველოს პარლამენტის მიერ ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტაციის შესწავლა, გაანალიზება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას არ შემოიფარგლება მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე (სასამართლო მსჯელობს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ვრცელდება პირთა განუსაზღვრელ წრეზე და მრავალჯერადი გამოყენებისაა), ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება, ბუნებრივია, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პარალელურად, სრულყოფილად გამოიკვლიოს და გააანალიზოს ყველა შესაძლო გარემოება, არგუმენტი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებაზე.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს : „1) პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში; ... 2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
18. მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მონაცემების მიხედვით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მოსარჩელის იდენტურ მდგომარეობაში მყოფი პირები მიჩნეულ უნდა იქნენ არსებითად თანასწორ პირებად იძულებით გადაადგილების საფუძვლების, მიზეზების, უფლებათა დარღვევის მდგომარეობის, განვლილი და მოსალოდნელი საფრთხეების მიხედვით. კერძოდ: ომი და აგრესია, საქართველოს კონკრეტული ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა არის მათი იძულებით გადაადგილების საფუძველი. იმავდროულად, ეს ადამიანები არსებითად ერთნაირი საფრთხეების წინაშე დგანან, რის გამოც ვერ ბრუნდებიან საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სოფელ დვანში, სადაც მდებარეობს მოსარჩელის სახლი, არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2011 წლის 9 მაისის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სოფელი დვანი მდებარეობს ქართველი ძალოვანი სტრუქტურების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. იგივეს მოწმობს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2 მარტის №147 წერილი, რომლის მიხედვით, სოფელ დვანში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახლი ნამდვილად არის უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 25 თებერვლით დათარიღებული წერილი (№353314), რომლის მიხედვით, ტრისტან მამაგულაშვილის საკუთრებაში არსებულ სოფელ დვანის ტილიანაში მდებარე სახლი მოქცეულია იმ ტერიტორიაზე, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია. იგივე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სტატუსით მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. კერძოდ, მან აღნიშნა: „სამინისტროში არსებული ინფორმაციით, იქ არსებული მდგომარეობით, ბლოკსაგუშაგოებით, გაბმული მავთულხლართებით მამაგულაშვილის სახლი ნამდვილად არის მოქცეული საოკუპაციო ზოლში. ... საოკუპაციო რეჟიმის მიერ, მოხდა თვითნებურად ამ ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმა, ბლოკსაგუშაგოების დადგმა. შესაბამისად, ქართველი სამართალდამცავები ამ ტერიტორიაზე ვერ ახორციელებენ წესრიგის დაცვას…... მოხდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ამ ტერიტორიის თვითნებურად მითვისება”. ნიშანდობლივია, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურეს დანარჩენმა მოწმეებმაც.
19. სასამართლოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ასევე შემდეგი ვითარება: არც საქართველოს პარლამენტი და არც შესაბამისი სამინისტროები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი) არ ფლობენ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას იძულებით გადაადგილებული პირების რიცხოვნობისა და მათი მდგომარეობის შესახებ იმ ტერიტორიიდან, რომელიც კანონით არ არის მიჩნეული ოკუპირებულ ტერიტორიად, მაგრამ სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ასეთი ვითარება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ტერიტორიების კონტროლს სხვა ქვეყნის სამხედრო ძალები ახორციელებენ, ამასთან ამ ტერიტორიების გეოგრაფია მუდმივად ცვლადია, ოკუპაცია „ მცოცავია“ და დამოკიდებულია უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების თვითნებურ ქმედებებზე. „საოკუპაციო რეჟიმი ამ ტერიტორიებზე ახორციელებს თვითნებურად გადმოსვლას, მავთულხლართების გაბმას, ბლოკსაგუშაგოების დადგმას... სადაც ოკუპანტები არიან განლაგებულები... შესაბამისად, ეს ტერიტორიები განიცდიან ცვლილებებს“ – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა. არსებითად ასეთივე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც. კერძოდ, მან აღნიშნა: „ სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო ასეთი ოჯახების რაოდენობა. ამგვარი პრობლემები იყო ზარდიაანთ კარში, მეჯვრისხევში, პერევში, დვანში, ე.წ. „ სამხრეთ ოსეთის” პირობითი საზღვარი ხან აქეთ გადმოიწევს ხან იქით... მცოცავია, ეს საზღვარი”. იგივე დაადასტურა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა.
20. მაშასადამე, გამოკვეთილი სურათი ტერიტორიის თუ დროის კონკრეტული მონაკვეთის მიხედვით, ამ თვალსაზრისით არ არსებობს, შესაბამისად, ცვლადია ასეთი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობაც. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე დროის კონკრეტულ მონაკვეთში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, ვინაიდან აქ სხვა სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს საქმეზე მოწვეულმა მოწმეებმა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მდგომარეობა „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ტერიტორიებზე, სადაც, დასახელებული მიზეზებით, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, არსებითად ერთნაირია, რადგან აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, სადავო ნორმის საფუძველზე, დევნილებად აღიარებული პირების მსგავსად, ტერიტორიის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებული გახდნენ, მიეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები, „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების მსგავსად, ამ ტერიტორიებზე არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ვინაიდან აქ სხვა სახელმწიფო ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს, შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მოკლებული არიან შესაძლებლობას, მოახდინონ პრევენცია ან რეაგირება კონკრეტულ სამართალდარღვევებზე, უზრუნველყონ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ეფექტური დაცვა. ამასთან, ხელოვნურად გავლებული საზღვრის გადაკვეთა „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საფრთხის იდენტურია. მაშასადამე, ასეთი ადამიანების პრობლემები არის მსგავი, ამასთან, სახელმწიფოს უუნარობა, დაიცვას მათი უსაფრთხოება მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, არის არსებითად ერთნაირი. სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ ის, რომ ამ ადამიანთაგან ნაწილის მუდმივი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, ხოლო მეორე ნაწილის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ზემოაღნიშნული კანონით არ არის ცნობილი ოკუპირებულ ტერიტორიად და რომელიც საოკუპაციო ძალების ქმედების შედეგად, ფაქტობრივად ოკუპაციის ზოლში მოექცა.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მამაგულაშვილი და დევნილები არიან არსებითად თანასწორი პირები და სადავო ნორმა ახდენს მათ დიფერენცირებას – „ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ანიჭებს დევნილის სტატუსს და, ამ სტატუსიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებულ გარანტიებს, ხოლო მიმდებარე ტერიტორიიდან იგივე საფუძვლითა და მიზეზით იძულებით გადაადგილებულ პირს ტოვებს ასეთი გარანტიების მიღმა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დიფერენციაციის საფუძველია „ საცხოვრებელი ადგილი”. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნორმის მიზანმიმართულება არის დევნილის სტატუსის დაკავშირება ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტთან, რასაც ორივე მხარე (მოსარჩელე და მოპასუხე) ადასტურებს. ნორმით გამოწვეული დიფერენციაცია კი განპირობებულია საქართველოს კონკრეტული ტერიტორიების კონკრეტულ პერიოდში ფაქტობრივი ოკუპაციის შედეგებით.
23. მაშასადამე, სადავო ნორმა, მართალია, არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მაგრამ მაინც იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას და, შესაბამისად, საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ არაორაზროვნად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებთან დაკავშირებით. კერძოდ: „ისტორიულად კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ)”. თუმცა იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ „კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების ამომწურავად მიჩნევა თავისთავად გამოიწვევს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ ნებისმიერი სხვა ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევები არ არის დისკრიმინაციული, რადგან არ არის დაცული კონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა არ იქნებოდა სწორი, რადგან თითოეული მათგანის კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოუხსენიებლობა დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს ...დიფერენცირებული მიდგომა შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით და არა მხოლოდ, თუნდაც ამ ნიშნებზე დაყრდნობით, კონკრეტული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის პროცესში. დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით. აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4).
24. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე საქმეზე მიუთითა, რომ თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მას თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. „ კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობისაგან. თუმცა, მეორე მხრივ, დიფერენცირებული მოპყრობის ყველა შემთხვევა (ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერ უფლებებში) ერთნაირი სიმძიმის ვერ იქნება. შესაბამისად, თითოეული მათგანის ერთნაირი სტანდარტითა და იდენტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასების შემთხვევაში, სასამართლომ, თანასწორობის უფლების დაცვის მოტივით, შესაძლოა, მას მიზანი შეუცვალოს, გაზარდოს რისკი დიფერენცირებული მოპყრობის პრაქტიკულად ყველა შემთხვევის არაკონსტიტუციურად მიჩნევისა და იმაზე მეტად შეზღუდოს კანონმდებელი, ვიდრე ამას კონსტიტუციის მე-14 მუხლი მოითხოვს.
კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია ...უნდა ითქვას, რომ, ისტორიულად ცვლადია შეფასებები და შეფასებების ინსტრუმენტები იმისა, რა არის „ბუნებრივი”, „გონივრული” და „აუცილებელი” ამ სფეროში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-5).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს: 1) მკაცრი შეფასების ტესტით; ან 2) „რაციონალური დიფერენციაციის ტესტით”. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები. მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს „კლასიკური, სპეციფიკური” ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში – „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს”.
26. მიუხედავად იმისა, რომ არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარი მოპყრობა არ ეფუძნება „კლასიკურ ნიშანს”, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმის კონსტიტუციურობა მაინც უნდა შეფასდეს „ მკაცრი ტესტის” მიხედვით, რადგან სადავო რეგულაცია არსებითად თანასწორ პირებს საგრძნობლად, მნიშვნელოვნად აცილებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი პირობებისგან, კერძოდ კი, ის პრაქტიკულად გამორიცხავს დევნილების იდენტურ მდგომარეობაში მყოფ პირთა შესაძლებლობას, ისარგებლონ დევნილის სტატუსით გათვალისწინებული გარანტიებით.
27. მკაცრი ტესტის ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, გავარკვიოთ სადავო ნორმის შემოღების ლეგიტიმური მიზანი. „ სადავო აქტების შეფასებისას ...უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას... თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება № 1/2/411 საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი”, შპს „პატარა კახი”, სს „გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი” და შპს „ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-9). ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე.
28. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის და მთლიანად კანონში 2011 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების მიზანი იყო ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტით გამოწვეული შედეგების, მათ შორის, პირთა იძულებით გადაადგილების სამართლებრივი რეგლამენტაცია, მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭება და მათ მიმართ სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებების აღიარება (ადეკვატური სოციალური გარანტიების გავრცელების გზით).
29. ცხადია, ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტის შედეგად დაზარალებული პირების მიმართ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ვალდებულებების აღება და ამ ადამიანების დაცვა წარმოადგენს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს. შეიარაღებული კონფლიქტი ართმევს პირებს ნორმალური ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას. ომი წარმოშობს აურაცხელ დანაკარგს, რაც მოიცავს ინდივიდის ფიზიკურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ, სოციალურ, ეკონომიკურ კეთილდღეობას. ომისა და აგრესიის, ქვეყნის ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათი უფლებების უმრავლესობით სარგებლობის საკითხი თავისთავად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ისევე, როგორც არაერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევა მათი მდგომარეობის გარდაუვალი შედეგია. ამიტომ ეს პირები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან და სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ დაცვას საჭიროებენ. ამასთან, ამ პროცესში გადამწყვეტია თითოეული მათგანისადმი თანაბარი მოპყრობა.
30. ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში აუცილებელია, კანონმდებელმა მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა აირჩიოს. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული ” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი ”, შპს „პატარა კახი ”, სს „გორგოტა ”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი ” და შპს „ენერგია ” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-9). კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაციით ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს, ანუ ის (რეგულაცია) რეალურად უნდა იყოს ორიენტირებული ლეგიტიმური მიზნის დაცვასა და უზრუნველყოფაზე, უფლების შემზღუდავი ღონისძიება მიზნის მიღწევის ვარგის, მისაღებ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. მას გარდაუვლად, ნამდვილად უნდა შეეძლოს კონკრეტული მიზნების, ინტერესების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთნაირად მიადგება ზიანი როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესებს.
31. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო ნორმა ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის მიერ დასახელებული მიზნის მიღწევის ვარგის, დასაშვებ საშუალებად, ის ვერ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გზას, რადგან თავადვე გამორიცხავს ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, ტოვებს რა ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ნაწილს დევნილის სტატუსის მიღმა და იწვევს არსებითად თანასწორი პირების დიფერენციაციას. ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებითად თანაბარი უნდა იყოს მოპყრობა ტერიტორიის ოკუპაციის გამო იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, ვინაიდან მოსარჩელე, რომლის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების არსებითად თანასწორ მდგომარეობაშია. ამ თვალსაზრისით, თანაბარი მოპყრობის აუცილებლობაზე მიუთითებს 1998 წლის 11 თებერვალს გაეროს მიერ მიღებული „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ“, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო აქტს, მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სფეროში.
32. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ სადავო ნორმა დევნილის სტატუსს ანიჭებს რა მხოლოდ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, შესაბამისად, მხოლოდ მათზე ავრცელებს სახელმწიფოს საგანგებო ზრუნვას, ძალისხმევას, ვალდებულებებს - გასაჩივრებული კანონი დევნილებისთვის ქმნის არაერთ მნიშვნელოვან გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა ადაპტაციას ახალ გარემოსთან და ხელს უწყობს მათი თვითრეალიზების შესაძლებლობას, ხოლო ტერიტორიებიდან, რომლებიც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით არ არის მიჩნეული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, იგივე საფუძვლითა და მიზეზებით იძულებით გადაადგილებულ პირებს ტოვებს ზემოაღნიშნულ პრობლემებთან პირისპირ. ამასთანб საკუთარ საცხოვრებელ სახლში მათი დაბრუნება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაკავშირებულია სიცოცხლის, უსაფრთხოების, თავისუფლების, ჯანმრთელობის ხელყოფის რისკებთან.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა იწვევს არსებითად თანასწორი პირების გაუმართლებელ დიფერენციაციას, ვინაიდან ის დევნილის სტატუსის მინიჭებას უკავშირებს მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს, ხოლო ტერიტორიებიდან, რომლებიც დასახელებული კანონით არ არის მიჩნეული როგორც ოკუპირებული ტერიტორია, იგივე საფუძვლითა და მიზეზებით იძულებით გადაადგილებულ პირებს გამორიცხავს დევნილის სტატუსის მაძიებელთა წრიდან.
34. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობით გადაწყდა ზოგადად საკითხი, სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო არა უბრალოდ სიტყვები, არამედ ნორმა, რომელიც იწვევდა დევნილის სტატუსის მინიჭებას მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის და გამორიცხავდა ტერიტორიის ოკუპაციის გამო არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფი სხვა პირებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე საქმეზე მიღებულ საოქმო ჩანაწერში აღნიშნა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად მიღებული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე” (2013 წლის 4 აპრილის №1/2/534 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-22). მაშასადამე, სასამართლო წყვეტს პრობლემას და თუ ის სხვა ნორმებშიც მეორდება, ამ ნორმებს სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ეცლება ნორმატიული შინაარსი. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური შინაარსის და პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება.
35. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის, გადაწყვეტის საგანს არ წარმოადგენდა კანონმდებლობით იმ ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის საკითხი, რომლებზეც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება უცხო ქვეყნის ფაქტობრივი კონტროლის განხორციელების გამო. სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უშუალოდ ის რეგულაცია, რომელიც ტერიტორიის ოკუპაციის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთაგან დევნილის სტატუსს ანიჭებდა მხოლოდ კანონმდებლობით აღიარებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.
36. 2013 წლის 8 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა წერილით (01/08-28), რომლითაც ასოციაცია იუწყება, რომ 2013 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელე ფირუზ ვანიევი. წერილს ერთვის გარდაცვალების მოწმობა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, მოსარჩელე ფირუზ ვანიევის გარდაცვალებით საფუძველი გამოეცალა მისი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განხილვას, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება ფირუზ ვანიევთან მიმათებით უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილის კონსტიტუციური სარჩელი № 534 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან”.
2 . შეწყდეს სამართალწარმოება № 534 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე ფირუზ ვანიევთან მიმართებით;
3. არაკონსტიტუციური ნორმ ა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები