„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ს-135
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 040110030.33.058.016039
ს-135
24/05/2013
ვებგვერდი, 27/05/2013
040110030.33.058.016039
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №ს-135

2013 წლის 24 მაისი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის №103 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/05/2011, 040110030.33.058.016014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი“ თანდართული რედაქციით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის

უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების/ სარგებლობის/ მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
3. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე ქონების პრივატიზება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო აუქციონისას ქონების შემძენის/ სარგებლობის/ მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულებაა არის საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა, ხოლო პირობებიანი  აუქციონისას ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელი/ სარგებლობის/ მართვის უფლებით გამცემი პირის მიერ განსაზღვრული სხვა საპრივატიზებო, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულება.
4. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე – ის ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, ამასთან, ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზება.
5. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს თანხმობით იღებს ის ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების/ სარგებლობის/ მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრე­ბის/სარ­გებ­ლობის/მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო, სარგებლობაში გადასაცემი და მართვის უფლებით გადასაცემი ქონების საწყისი საფასური პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს მიერ დგინდება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შემთხვევაში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების შესაბამისად.
8. ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები.
9. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
10. ელექტრონული აუქციონის ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი.
11. ელექტრონული აუქციონი ცხადდება პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.
12. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
13. ის ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი ერიცხება ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, მოძრავი ნივთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე პრივატიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდება­რებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს მოძრავი ნივთის პრივატიზების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს/დამფუძნებლის თანხმობით.
14. ის ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, უძრავი ნივთის ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ინფორმაციას, გადაცემიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს სამინისტროს.
15. იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებას სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს/დამფუძნებელს.

მუხლი 2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების/ სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო.
2. ქონების პრივატიზების/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო, ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით  გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ქონების პრივატიზების/სარგებლობის/მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
3. ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი.

დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს.

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო თანხის არანაკლებ 10%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადას;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ბიჯის სიდიდეს;

ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

4. ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;

ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;

დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობის საფასურს;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის 3 თვის თანხას, ხოლო 6 თვეზე ნაკლები ვადით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – სარგებლობის საწყისი თანხის 30%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას.

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ბიჯის სიდიდეს;

ი) სარგებლობაში გადაცემის ვადას;

კ) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. აქციების ან წილის პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას და ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

გ) წილის ოდენობას საზოგადოების კაპიტალში;

დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს დასახელებას;

ბ) იმ იურიდიული პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო კოდს რომლის აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემაც ხორციელდება;

გ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, საწარმოში წილის ოდენობას, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;

ე) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;

ვ) მართვის უფლებით გადაცემის საწყის საპრივატიზებო საფასურს;

ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს მართვის უფლებით გადაცემის საწყისი თანხის არანაკლებ 10%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდის ვადას;

თ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ი) მართვის უფლებით გადაცემის პირობებს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) ბიჯის სიდიდეს;

ლ) მართვის უფლებით გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და მისამართს;

მ) მართვის უფლებით გადაცემის ვადას;

ნ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც მართვის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

7. ქონების შემძენს/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო ქონების შესახებ პრივატიზების/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობის/მართვის უფლებით გადასაცემ ქონებას.

მუხლი 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან განმკარგავი/ სარგებლობის/მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო თანხაზე/საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურზე დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) „ინტერნეტ ბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს თანხის გადახდა ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება.

3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/ გაააქტიუროს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად/ მოსარგებლედ/მართვის უფლებით მიმღებად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.


მუხლი 4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილებისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს/გაააქტიუროს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები (რომლებმაც მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია) არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
11. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო თანხა;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ წესით გათვალისწინებული პირობები.


მუხლი 5. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში საპრივატიზებო/ სარგებლობაში/ მართვის უფლებით გადამცემი ორგანოსა და გამარჯვებულს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
2. ხელშეკრულება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების/სარგებლობის უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო/ სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში.
3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში  გადაცემის საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების/ სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც პრივატიზების შემთხვევაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 2 წელს.
4. ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული შემოსულობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას შემოსულობის ნაწილად.
6. აუქციონში გამარჯვებულზე (პრივატიზების შემთხვევაში) საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის (პრივატიზების შემთხვევაში) შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
7. საინვესტიციო პირობების არარსებობისას (პრივატიზების შემთხვევაში) მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან პრივატიზების/ სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
3. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
4. მომხმარებელი უფლებამოსილია:

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

5. მომხმარებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;

ბ) პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღირებულება.


მუხლი 7. ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურების (ელექტრონულად), ასევე წარმოდგენის საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.

მუხლი 8. დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.