საქართველოს მოქალაქეები _ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს მოქალაქეები _ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/2/516,542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 14/05/2013
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016013
  • Word
2/2/516,542
14/05/2013
ვებგვერდი, 23/05/2013
000000000.00.000.016013
საქართველოს მოქალაქეები _ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2/516,542

 

2013 წლის 14 მაისი

 

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

2. ოთარ სიჭინავა – წევრი;

3. ლალი ფაფიაშვილი – წევრი;

4. თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) 516 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით; ბ) 542 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეების – ვახტანგ ხმალაძისა და ლაშა ტუღუშის წარმომადგენელი – ვლადიმერ სანიკიძე. მოსარჩელე ვახტანგ მაისაიას წარმომადგენელი – კახა კუკავა. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – თამარ ხინთიბიძე. სპეციალისტი – ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გერმანიის ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის ფონდის, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანიის დახმარების ფონდის ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ევროპის საბჭოს მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების იურიდიული განათლების ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, კავკასიის სამართლის სკოლის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განათლებისა და ტრენინგების ფონდის ლექტორი და ასოცი რებული პროფესორი ბესარიონ ბოხაშვილი.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის 516) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა – ალექსანდრე ბარამიძემ, ლაშა ტუღუშმა და ვახტანგ ხმალაძემ . საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2011 წლის 19 აგვისტოს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2012 წლის 19 ნოემბერს №2/1/516 საოქმო ჩანაწერით 516 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის 542) მომართა საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2012 წლის 18 სექტემბერს.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2012 წლის 19 ნოემბერს №2/2/542 საოქმო ჩანაწერით 542 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამავე საოქმო ჩანაწერით 542 კონსტიტუციური სარჩელი 516 კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანდა ერთ საქმედ.

5. საქმის არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 18 დეკემბერს.

6. 516 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.

7. 542 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

8 . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის სადავოდ მითითებული ნაწილის თანახმად, საქართველოს ინტერესის საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.  

9. 516 კონსტიტუციურ სარჩელზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” ბუნდოვანი შინაარსისაა და პირს არა აქვს შესაძლებლობა, წინასწარ განჭვრიტოს , თუ რომელ მოქმედებას უკრძალავს მას კანონი. მოსარჩელეთათვის პრობლემატურია სადავო ნორმაში მოხსენიებული ტერმინი “სხვა ინფორმაცია”. მათი აზრით, მოცემული ტერმინის შინაარსი ფართო ხასიათისაა და მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, განსხვავებით ამავე ნორმის პირველი ნაწილისაგან, რომელიც დასჯადად აცხადებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემას, ხოლო , თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების ცნება განსაზღვრულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით. შესაბამისად, ტერმინ „სხვა ინფორმაციაში”, მოიაზრება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება, მათ შორის, საჯარო ინფორმაცია, პირადი შეხედულებები და მოსაზრებები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისთვის, რომელიც მის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას წარმოადგენს.

10. მოსარჩელეთა მტკიცებით, ასევე ბუნდოვანია ტერმინი „საქართველოს ინტერესის საზიანოდ”. მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება „სხვა ინფორმაციის” გამჟღავნებამ ან დაკარგვამ, ზიანი მოუტანოს საქართველოს ინტერესებს, თუ ეს ინფორმაცია არ არის „სახელმწიფო საიდუმლო”, როგორც ამას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონი განმარტავს. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ არის საიდუმლო, მის გამჟღავნებას ან დაკარგვას არ შეუძლია ზიანი მოუტანოს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, მათი აზრით, გასაჩივრებული დებულება დანაშაულად აცხადებს ისეთ ქმედებას, რომლის ფორმულირება შინაარსობრივად მცდარია.

11. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ინფორმაციის გადაცემა უცხოეთის ორგანიზაციისთვის ამ უკანასკნელის დავალებით. სადავო ნორმა არ განმარტავს უცხოეთის ორგანიზაციას. შესაბამისად, იგი მოიაზრებს ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელსაც ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში გააჩნია და შეიძლება ჩაითვალოს „უცხოეთის ორგანიზაციად” დანაშაულის შემადგენლობის ამ ელემენტის მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა გულისხმობს ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადაცემას ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რაც ზიანის მომტანია საქართველოს ინტერესისთვის, თუმცა აღნიშნული ტერმინების ბუნდოვანება ვერ აკმაყოფილებს კანონის წინასწარგანჭვრეტადობის კრიტერიუმს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით.

12. მოსარჩელემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კანონმდებელი ვალდებულია ნებისმიერი ნორმა ჩამოაყალიბოს იმგვარად, რომ პირმა უშუალოდ ან იურისტის დახმარებით მაინც, ზუსტად გაიგოს , თუ რა ქმედება არის აკრძალული. აღნიშნული მოთხოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირების შემთხვევაში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის დებულებები უნდა იყოს მკაფიოდ და არაორაზროვნად ჩამოყალიბებული. სადავო ნორმის შემთხვევაში პირს ეკრძალება არა მხოლოდ ღია ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, არამედ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება, გაანალიზება და დასაბუთება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ფიქრობს და არც აქვს სურვილი მოქმედებდეს ქვეყნის საზიანოდ. ამგვარი ქმედების სისხლის სამართლებრივად დასჯა ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

13. მოსარჩელისთვის ასევე გაუგებარია, თუ რას გულისხმობს ტერმინი საქართველოს ინტერესის საზიანოდ”. მოსარჩელის აზრით, ღია ინფორმაციის გადაცემა უცხოეთის ორგანიზაციისთვის შესაძლებელია თეორიულად ქვეყნისთვის გარკვეული ზიანის მომტანი იყოს, თუმცა არ უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად, ვინაიდან წარმოუდგენელია ამგვარი შემთხვევების ამომწურავად განსაზღვრა და პირის დავალდებულება, ამგვარ აკრძალვას შეუსაბამოს თავისი ქმედება. სადავო ნორმის მოქმედებით, ფაქტობრივად პირს ეკრძალება აზროვნება, ვინაიდან მის მიერ შექმნილი ინფორმაცია შესაძლებელია ქვეყნის საზიანოდ იქნეს მიჩნეული და დაისაჯოს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ვერ პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

14. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით დასჯადია უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის როგორც შეგროვება, ასევე გადაცემა. მოსარჩელე მხარის აზრით, ინფორმაციის გადაცემასთან მიმართებით, შესაძლებელია, სადავო ნორმას გარკვეული გამართლება ჰქონდეს, თუმცა მოქმედი რედაქციის პირობებში, ინფორმაციის შეგროვება უკვე დასრულებულ დანაშაულად ითვლება, რაც პირს უკრძალავს , ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.

15. მოსარჩელის განმარტებით, მას არ შეუძლია სადავო ნორმის იმგვარი ფორმულირება, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიზანია, საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის გარდა, კიდევ რაიმე სხვა ქმედება დასჯადად გამოაცხადოს და შესაბამის ნორმას მკაფიოდ, ნათლად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად ვერ აყალიბებს, ამგვარი ქმედება საერთოდ არ უნდა იქნეს დასჯადად გამოცხადებული.

16.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.  

17. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლ ად, დამატებით ასევე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.

1 8. 542 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს ფარგლებში, მიჩნეულ იქნეს ჯაშუშობად და პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

19. მოსარჩელისთვის პრობლემატურია სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინები – „სხვა ინფორმაცია” და „საქართველოს ინტერესის საზიანოდ”. მისი აზრით, აღნიშნული ტერმინები გაუგებარი და ბუნდოვანია. შესაბამისად, საჭიროა დაკონკრეტდეს მათი დეფინიცია.

20. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ ტერმინ „სხვა ინფორმაციაში” იგულისხმება აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რაც შესაძლებელია ადამიანმა ზეპირად წარმოთქვას ან წერილობით გადმოსცეს. ამავდროულად, კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია პირის უფლება , შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია, მათ შორის, მიაწოდოს იგი უცხო ქვეყნის ორგანიზაციას. შესაბამისად, თუ კანონმდებელს სურს, დაიცვას გარკვეული სახის ინფორმაცია, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მიაკუთვნოს საიდუმლო ინფორმაციათა კატეგორიას და შესაბამისი ცვლილება განახორციელოს კანონმდებლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ღია ინფორმაციის შეგროვებას ან გადაცემას დასჯადად გამოაცხადებს , წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციის 24-ე მუხლთან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, დასჯადად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, ხოლო , თუ სახელმწიფოს სურს , დაადგინოს განსხვავებული სტანდარტი, იგი ვალდებულია შეცვალოს თავად კონსტიტუციის 24-ე მუხლი და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტერმინი „სხვა ინფორმაცია” არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

21. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ტერმინი „საქართველოს ინტერესის საზიანოდ” მოძველებულ, საბჭოთა სამართლისთვის დამახასიათებელ ცნებას წარმოადგენს და თანამედროვე სამართალში არ უნდა გამოიყენებოდეს. აღნიშნული ტერმინი მთლიანად პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, შესაბამისად, შეუძლებელია სამართალშემფარდებელმა დაადგინოს, თუ რა სახის ქმედება წარმოადგენს საქართველოს ინტერესის საზიანოს და მას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭოს. შესაბამისად, აღნიშნული ტერმინიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ გამოხატვის თავისუფლებას.

22. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა დაკონკრეტდეს სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „უცხოეთის ორგანიზაცია”, ვინაიდან იგი წარმოადგენს ზოგად ტერმინს და მასში შესაძლებელია მოაზრებულ იქნეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთშია რეგისტრირებული და არამხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არიან დაზვერვასთან. შესაბამისად, კანონმდებლობამ უნდა შემოიტანოს დაკავშირებული ორგანიზაციის ცნება, რათა დასჯადი იყოს მხოლოდ დაზვერვის ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციის დავალებით ინფორმაცის შეგროვება ან გადაცემა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს.

24. მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის განმარტებით, სადავო ნორმა არის ბუნდოვანი და პირი თავის ქმედებას ამ ნორმის მოთხოვნებს ვერ შეუსაბამებს. მოპასუხე იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „სხვა ინფორმაცია” ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს , თუ რა სახის ინფორმაციის მიღება და გავრცელება არის აკრძალული (დასჯადი) და რა სახის – ნებადართული. ამასთანავე, სადავო ნორმა ვერ პასუხობს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს . დასახვეწია და იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რათა იგი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი. მოპასუხე ასევე დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „უცხოეთის ორგანიზაცია” არის ბუნდოვანი და დაზუსტებას საჭიროებს.  

25. მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, პირი დაისჯება იმ შემთხვევაში, თუ მას სურდა, რომ მისი ქმედება ყოფილიყო ქვეყნისთვის საზიანო, მიუხედავად იმისა, ასეთი შედეგი დადგა თუ არა რეალურად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა პრობლემატურია, ვინაიდან პირმა შესაძლებელია ვერ განსაზღვროს, თუ რა ტიპის ინფორმაციის გადაცემისთვის დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სადავო ნორმა ნათლად არ მიუთითებს, რა კატეგორიის ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ეკრძალება პირს, შესაბამისად, იგი შესაძლებელია დაისაჯოს ღია ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის შემთხვევაშიც, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იყოს.

26. მოპასუხის აზრით, სადავო ნორმა იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ ნათელი და გასაგები გახდეს, თუ რა სახის ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა წარმოადგენს დასჯად ქმედებას. ამასთანავე, სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „საქართველოს ინტერესების საზიანოდ” ბუნდოვანია და საჭიროა უფრო ნათლად ჩამოყალიბდეს, რათა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირს გააზრებული ჰქონდეს, რომ იგი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას კი არ ახდენს, არამედ დანაშაულს სჩადის საქართველოს ინტერესების საზიანოდ. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა უნდა დაიხვეწოს და შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან.

27. საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გერმანიის ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის ფონდის, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანიის დახმარების ფონდის ექსპერტმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ევროპის საბჭოს მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების იურიდიული განათლების ადგილობრივმა წარმომადგენელმა საქართველოში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, კავკასიის სამართლის სკოლის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განათლებისა და ტრენინგების ფონდის ლექტორმა და ასოცირებულმა პროფესორმა ბესარიონ ბოხაშვილმა განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაფასებლად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს სამი საფეხურისგან შემდგარ ტესტს. აღნიშნული ტესტის თანახმად, შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 1) შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით; 2) იგი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ კანონიერ მიზანს; 3) შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაშიან პროპორციული უნდა იყოს მიზნის, რომლის მიღწევაც აღმასრულებელ ხელისუფლებას სურს. შეზღუდვის კანონით განსაზღვრულობის კრიტერიუმი გულისხმობს, რომ კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ნათელი და განსაზღვრული. კანონი განსაზღვრულია, თუ იგი ხელისუფლების ორგანოებს არ ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის შეუზღუდავ ან ძალიან ფართო დისკრეციას, ან კანონი არის იმგვარად ფორმულირებული, რომ საშუალო ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს წაიკითხოს და აღიქვას, რისი თქმა სურდა კანონმდებელს.  

28. სპეციალისტის აზრით, სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „საქართველოს ინტერესის საზიანოდ” გულისხმობს უფრო მეტად სუბიექტურ მომენტს, ვიდრე – ობიექტურს. ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „როგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” იმსჯელა, თუ რამდენად ზოგადი იყო მოხსენება კონკრეტულ ეროვნული უშიშროების ინტერესებთან დაკავშირებით. სასამართლომ უდიდესი ყურადღება დაუთმო იმას, რომ ეროვნულ სასამართლოს (ლორდთა პალატას) კონკრეტულ საქმეში განმარტებული ჰქონდა, თუ რას წარმოადგენს ეროვნული უშიშროება. შესაბამისად, სასამართლო დაკმაყოფილდა ამით და თქვა, რომ ეროვნული უშიშროება ძალიან ნორმალურად და ჯეროვნად არის ჩამოყალიბებული. სადავო ნორმის შემთხვევაში არ არის განმარტებული, თუ რას გულისხმობს ტერმინი „საქართველოს ინტერესის საზიანოდ”, ამდენად, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ იგი კანონმდებლობაში უფრო ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს ან განიმარტოს სასამართლოს მიერ. 

29. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „სხვა ინფორმაცია” გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა და მასზე ნებისმიერ პირს ხელი მიუწვდება. სპეციალისტის აზრით, ნებისმიერ პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, ანალიტიკური კვლევა ან ანალიზი შესაძლებელია ჩაითვალოს სახელმწიფო ინტერესის საზიანოდ. შესაბამისად, იმისათვის, რათა გამოირიცხოს თვითნებობის მომეტებული საშიშროება, მნიშვნელოვანია, სადავო ნორმით დაზუსტდეს და განიმარტოს, თუ რა სახის ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებად.  

30. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 516 კონსტიტუციურ სარჩელზე ააიპ კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება.

31. სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, აშშ-ის და კანადის უზენაესი სასამართლოების პრაქტიკა სადავო საკითხებთან მიმართებით. სასამართლოს მეგობარი ხსენებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ნორმის წინასწარგანჭვრეტადობა სისხლის სამართლის კანონისადმი წაყენებულ სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს. კანონი ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს , შეაფასოს , თუ რა მოქმედებები იკრძალება და რა შემთხვევაში უნდა მოელოდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამა თუ იმ ქმედების დანაშაულად შერაცხვა და სანქციის ამოქმედება აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების დისკრეციაში აღმოჩნდება , ეს კი კანონიერების პრინციპის დარღვევაა, რომლის თანახმადაც , დანაშაული შეიძლება მხოლოდ კანონმა განსაზღვროს.

32. საქმეზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება ასევე წარმოადგინა შპს „თავისუფალმა უნივერსიტეტმა” , რომელსაც თან ერთვის ვოშბორნის სამართლის სკოლის მიერ მომზადებული კვლევა სადავო საკითხთან მიმართებით. სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში მიმოხილულია აშშ-ის, გერმანიის, ისრაელის კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა სადავო საკითხებთან მიმართებით. ამასთან, სასამართლოს მეგობარმა წარმოადგინა სადავო ნორმის ანალიზი და მოსაზრებები მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

33. სასამართლოს მეგობარი მიუთითებს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „საქართველოს ინტერესის საზიანოდ” დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ელემენტს წარმოადგენს, ხოლო , რაც შეეხება სუბიექტურ ელემენტს, სასამართლოს მეგობარს მიაჩნია, რომ ჯაშუშობა, როგორც დანაშაული , პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. შესაბამისად, დანაშაულის სუბიექტს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, მოსალოდნელი ზიანი საქართველოს ინტერესებისთვის და სურს ეს შედეგი ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას. ქმედების მოტივი და მიზანი სხვადასხვა შეიძლება იყოს და ისინი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენენ.

34. სასამართლოს მეგობრის აზრით, ის გარემოება, რომ „საქართველოს ინტერესის საზიანოდ” ობიექტური შემადგენლობის ნაწილია, ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელსაც საქმე ეხება, თვისობრივად შეუძლია საქართველოს ინტერესს ზიანი მიაყენოს. ამგვარი ინტერპრეტაციის პირობებში, სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „სხვა ინფორმაცია” ღია და დიდწილად შინაარსმოკლებულ ტერმინად აღარ გვევლინება, როგორც ამას მოსარჩელე მხარე ამტკიცებს. სისხლის სამართლის სასამართლოს მოუწევს იმის დადგენა, რომ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც მოიპოვა, შეაგროვა ან გადასცა ბრალდებულმა უცხოეთის ორგანიზაციას, შეეძლო თუ არა საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მოტანა. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციას ამგვარი ხასიათი არა აქვს, თავისთავად , დანაშაულის შემადგენლობა ვერ იარსებებს.

35. სასამართლოს მეგობარმა მიუთითა, იმისთვის, რომ ადამიანს ჯაშუშობა დანაშაულად შეერაცხოს, მას უნდა ესმოდეს, რომ „საქართველოს ინტერესის საზიანოდ“ მოქმედებს, ანუ ეს ელემენტი მისი განზრახვით მოცული უნდა იყოს. ამ განმარტებას ადასტურებს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, „განზრახი დანაშაულის სხვა (შედეგის გარდა) მაკვალიფიცირებელი ნიშანი პირს ბრალად შეერაცხება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ნიშანს მოიცავდა მისი განზრახვა“. აქედან გამომდინარე, არამხოლოდ ინფორმაცია უნდა იყოს თვისობრივად პოტენციურად ზიანის მომტანი, არამედ პირს უნდა ესმოდეს, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ზიანის მომტანია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დამტკიცდება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ცოდნა გააჩნდა, დანაშაულის ეს ნიშანი (ინფორმაცია უნდა იყოს გადაცემული საქართველოს ინტერესის საზიანოდ) მას ბრალად ვერ შეერაცხება და, შესაბამისად, ქმედება 314-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ვერ დაკვალიფიცირდება. ამდენად, პირი უნდა მუშაობდეს საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოდ და მან უნდა იცოდეს ამის შესახებ.

36. სასამართლოს მეგობრის განმარტებით, ჯაშუშობისთვის, როგორც დანაშაულისთვის დამახასიათებელი მეთოდი არის გარეშე ძალასთან თანამშრომლობა, მისი უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება და ამ გზით ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო ფართოვდება იმ საკითხთა სფერო, რომელსაც სახელმწიფოები არეგულირებენ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობით ან საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილ წარმონაქმნებთან ურთიერთობით, ძალიან რთული იქნება , ამომწურავად განისაზღვროს ინტერესთა სფერო, სადაც სახელმწიფოები ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია მართებული არ იყოს, ჯაშუშობის დანაშაული მხოლოდ თავდაცვის ინტერესების სფეროთი შემოიფარგლოს და არ გავრცელდეს სხვა ინტერესებზეც, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, საერთაშორისო ურთიერთოებები, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, რომელთაც შეიძლება არ ჰქონდეთ მაინცდამაინც საბრძოლო ან თავდაცვასთან დაკავშირებული ხასიათი. შესაბამისად, უპრიანი იქნება, თუ სადავო ნორმის დაკონკრეტება მოხდება ინფორმაციის ხასიათის განსაზღვრის გზით.

37. სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ ინფორმაცია უნდა იყოს განსაკუთრებულად დაცული სახელმწიფოს მიერ და არა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ეს კრიტერიუმები ინფორმაციამ შეიძლება მაშინაც დააკმაყოფილოს, თუ ის არ არის კლასიფიცირებული როგორც საიდუმლო ინფორმაცია და გასაიდუმლოების არანაირი ოფიციალური პროცედურა არ გაუვლია. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციის გავრცელებაც შეიძლება იყოს ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მომტანი და სასარგებლო გარეშე სუბიექტებისთვის, რომლებსაც გავლენის მოხდენა შეუძლიათ სახელმწიფოს ინტერესებზე. თუმცა, იმავდროულად, იგივე ინფორმაცია შეიძლება სახელმწიფოს დაცვით სარგებლობდეს და არ იყოს ხელმისაწვდომი (იმ სახით , როგორც მას კონკრეტული პირი ავრცელებს) საზოგადოებისთვის. ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ჯაშუშობის დანაშაული არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებით.

38. სასამართლოს მეგობარმა მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია და მასში არაფერი იცვლება, ჯაშუშობის დანაშაულის მეშვეობით მის გავრცელებაზე საკანონმდებლო ბარიერის დაწესება აზრს მოკლებულია და ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებს. არსებული რედაქციით, 314-ე მუხლის სადავო ნორმა იმგვარი შემთხვევის კრიმინალიზებასაც იწვევს, როდესაც პირი უცხოურ ორგანიზაციას გადასცემს სახელმწიფოს საწინააღმდეგო, მაგრამ საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

 

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. 516 და 542 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. 516 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ორ უმნიშვნელოვანეს და ერთმანეთისგან განსხვავებულ კონსტიტუციურ ღირებულებას იცავენ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შესაბამისობის საკითხს თითოეულ მათგანთან ცალ-ცალკე შეაფასებს.

 

სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით

 

2. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი განამტკიცებს პირის გამოხატვის თავისუფლებას, იცავს ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და გამოთქვას საკუთარი აზრი. ხსენებული კონსტიტუციური უფლების შინაარსსა და ფარგლებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი განმარტება. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” მიუთითა, რომ „კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლება, მისი თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის. თავისუფალი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. ეს არის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებისათვის, ადამიანის გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის” დაყენებას, რაც დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისათვის” (საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-14). საკონსტიტუციო სასამართლომ თავის შემდგომ გადაწყვეტილებებშიც არაერთხელ მიუთითა და ხაზი გაუსვა გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინა პირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის 1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-26).

3. გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევ, განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს. კონსტიტუციის 24-ე მუხლს ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსი აქვს. მისი დაცვის ქვეშ ექცევა, ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით როგორც ზეპირად და წერილობით, ასევე სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით შეგროვება და გავრცელება. „...თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს ...დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა, რომელიც აზრისათვის არის დამახასიათებელი. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს...” (საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-13).

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვების თანახმად, დასჯადია საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. უდავოა, რომ სადავო ნორმა ზღუდავს ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ქმედება უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, იმის დასადგენად, სახეზეა თუ არა კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა, უნდა განისაზღვროს: ზოგადად, ისეთი ქმედება, რომელიც გულისხმობს სხვისი დავალებით ამა თუ იმ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, ექცევა თუ არა კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროში. სხვისი დავალებით მოქმედებას ფართო შინაარსი აქვს და იგი შესაძლებელია გულისხმობდეს როგორც შრომით ურთიერთობებს და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ასევე უბრალოდ თხოვნას, მოთხოვნას და სხვ. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა პირის ქმედება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით იმ პირობებში, როდესაც იგი ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ახდენს არა საკუთარი ინიციატივით, არამედ სხვისგან მიღებული დავალების ფარგლებში.

5. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. ხსენებულ საქმეზე მოსარჩლეებს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც სადავოდ ხდიდნენ იმ ნორ ატიულ აქტს, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებით, ვინაიდან ისინი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორები, აუდიტორიაში ვეღარ მოახერხებდნენ გარკვეული აზრების გამოხატვას და ინფორმაციის გაცვლას, იზღუდებოდა მათი გამოხატვის თავისუფლება. სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუციის 24-ე მუხლით „დაცული სიკეთე არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობის ან გარკვეულ თანამდებობაზე ყოფნის უფლება” (საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-16). აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულად ვერ განიხილება პირის უფლება, დაიკავოს რაიმე თანამდებობა ან შევიდეს სხვა პირთან რაიმე სახის შრომით ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, თანამდებობის დაკავება, შრომით თუ სხვა ურთიერთობაში შესვლა, საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, თავის თავში მოიაზრებს თუ არა გარკვეული ინფორმაციის შეგროვებას ან გავრცელებას, აზრის გამოხატვას და სხვისთვის გაზიარებას. შესაბამისად, ვერც თავისთავად უცხოეთის ორგანიზაციასთან ან/და უცხო ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობის უფლებას დავინახავთ გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სიკეთედ. კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლება თავის თავში არ მოიაზრებს იმის გარანტიას, რომ უფლების სუბიექტმა გარკვეულ პირებთან დაამყაროს შრომითი თუ სხვა სახის ურთიერთობა, მიიღოს გასამრჯელო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ და ა.შ.

6. თუმცა განსხვავებულია შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა პირის შრომითი ან სხვა სახის ურთიერთობის თანმდევი პროცესია და მის ფარგლებში ხორციელდება. კონსტიტუციის 24-ე მუხლი საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას, „მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის 2/482,483,487,502 გადაწყვეტილება). ჟურნალისტური, კვლევითი, სამეცნიერო, პედაგოგიური და სხვა ისეთი საქმიანობა, რომელიც ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას გულისხმობს, თავისთავად, შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეული დავალების ფარგლებში მოქმედებას. ჟურნალისტი, ისევე როგორც მკვლევარი, შეიძლება იღებდეს შეკვეთებს და ამზადებდეს სტატიებს სხვადასხვა ტელევიზიების, გაზეთების, სამეცნიერო თუ საინფორმაციო სააგენტოებისათვის. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების უფლების არსის საწინააღმდეგო იქნება, კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულად არ იქნეს განხილული ჟურნალისტის, მკვლევარის, მასწავლებლის ან/და სხვა პირის საქმიანობა, როდესაც იგი იღებს, ამუშავებს ან/და ავრცელებს ინფორმაციას სხვისი დავალებით. კონსტიტუციის 24-ე მუხლის მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის თავისუფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს ინფორმაციისა და აზრის გავრცელება საზოგადოებასთან ან/და სახელმწიფოსთან კომუნიკაციის პროცესში. დასახელებული მიზნიდან გამომდინარე, მაგალითად, სხვისი დავალებით მომუშავე ჟურნალისტს, თავისი საქმიანობის ფარგლებში ესაჭიროება დაცვა იმავე ხარისხით, როგორც მის კოლეგას, რომელიც ანალოგიურ ქმედებას საკუთარი ინიციატივით ახორციელებს. შესაბამისად, ინფორმაციის მიღება და გავრცელება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე სხვა პირის დავალებით, დაცულია კონსტიტუციის 24-ე მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა, კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას წარმოადგენს.

7. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კონსტიტუციაში მოცემული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. კანონმდებელი ვალდებულია, უფლებაშემზღუდველი ნორმების დადგენისას, დაიცვას გონივრული ბალანსი მისაღწევ მიზანსა და შეზღუდულ უფლებას შორის, რათა ადამიანის უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების არსებობა მხოლოდ ფორმალურ, დეკლარაციულ ხასიათს შეიძენდა. დემოკრატიული სახელმწიფო პატივისცემით უნდა მოეკიდოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მისი შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული, საჭირო და აუცილებელი თავად დემოკრატიული საზოგადო ბის არსებობის, ადამიანთა თანაცხოვრებისათვის. უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის უფლებამოსილება არსებობს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ თანაზომიერების პრინციპის მკაცრი დაცვის პირობით.

8. ამავდროულად, გამოხატვის თავისუფლების რეგულირებისას კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმის გავლენა პირის უფლებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლება „მსუსხავ ეფექტს” განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „მსუსხავი ეფექტის” გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია.

9. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, მის საფუძველზე რა შემთხვევებში და რა წინაპირობის არსებობისას შეიძლება დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვების თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს „საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა”. აღნიშნული ნორმის შინაარსის განმარტება უნდა მოხდეს მისი არსიდან და მიზნიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა ნორმებთან სისტემური წაკითხვით.

10. №516 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა იმგვარადაა აგებული, მასში მოცემული აკრძალული ქმედება შესაძლებელია ჩადენილ იქნეს გაუფრთხილებლობითაც, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა ამის თაობაზე პირდაპირ არაფერს მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ასეთი შინაარსით წაკითხვა, მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის არასწორ აღქმას ეფუძნება. სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით, დანაშაული შესაძლებელია იყოს განზრახი და გაუფრთხილებლობითი. ამასთან, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში”. სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი არ უთითებს, რომ „ჯაშუშობის” ჩადენა შესაძლებელია გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, სადავო ნორმით განსაზღვრული ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასჯადი, თუ იგი განზრახ არის ჩადენილი.

11. სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით”. პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის არსებობისათვის კი აუცილებელია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. პირდაპირ განზრახვას არაპირდაპირი განზრახვისაგან, მართლსაწინააღმდეგო შედეგის მიმართ პირის ნებელობითი დამოკიდებულება განასხვავებს. კერძოდ, თუ პირს დანაშაულის ჩადენისას სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა ან ითვალისწინებდა შედეგის განხორციელების გარდუვალობას, განზრახვა პირდაპირია. ხოლო, თუ პირს არ სურდა შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას, განზრახვა არაპირდაპირია. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რიგი ქმედებების (მაგალითად: ყაჩაღობა, ჯაშუშობა) დამთავრებულ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის, კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა არ არის აუცილებელი. თითოეულ სისხლისსამართლებრივ ნორმას თავისი დაცვის ობიექტი გააჩნია, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ყოველთვის იწვევს იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას, რომლის დაცვასაც ემსახურება კონკრეტული ქმედების კრიმინალიზაცია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლში ჩამოყალიბებული განზრახი დანაშაულის განმსაზღვრელი კრიტერიუმები (ქმედების დანაშაულებრიობის შეგნება და შედეგის დადგომის სურვილი ან გულგრილი დამოკიდებულება მის მიმართ) გამოსადეგია ნებისმიერი განზრახი დანაშაულის შინაარსის განსაზღვრისას, მათ შორის, ისეთი დანაშაულის, როგორიცაა ჯაშუშობა (სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით განსაზღვრული ქმედება).

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვები დანაშაულებრივი ქმედების აღწერისთვის იყენებს სამ კუმულაციურ ელემენტს: 1. სახეზე უნდა იყოს ინფორმაციის შეგროვების ან/და გადაცემის ფაქტი. 2. აღნიშნული უნდა ხდებოდეს უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით. 3. ქმედება უნდა იყოს საქართველოს ინტერესების საზიანო. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმის საფუძველზე, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აცნობიერებს, რომ აღასრულებს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვებით განსაზღვრულ ქმედებას, კერძოდ, გაცნობიერებულად მოქმედებს უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, აგროვებს ან/და გადასცემს ინფორმაციას და, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ მისი ეს ქმედება საქართველოს ინტერესების საზიანოა. ამასთან, პირს უნდა ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა. იმ შემთხვევაში, თუ პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების მიმართ რომელიმე ხსენებული კომპონენტი აკლია, მის მიმართ, სადავო ნორმის საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილი, ერთი მხრივ, დასჯად ქმედებად აცხადებს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის ისეთი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვებას, შენახვას, გადაცემას, გამოძალვა ან გატაცებას მათთვის გადაცემის მიზნით, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას. ხოლო, მეორე მხრივ, 314-ე მუხლის ამავე ნაწილის სადავოდ გამხდარი სიტყვებით, განსაზღვრული აკრძალვა შეეხება ,,სხვა ინფორმაციის”, ანუ იმ ინფორმაციის, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას, შეგროვებას და გადაცემას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმაში მითითებული სიტყვების „სხვა ინფორმაციის” ქვეშ მოაზრებულია ინფორმაციის ის ფართო სპექტრი, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ნორმა პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელებისთვისაც, რომელიც შესაძლოა საყოველთაოდ იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის საჯარო წყაროებიდან, ცალსახაა, რომ სადავო ნორმის დაცვის ობიექტი არ არის კონკრეტული ტიპის ინფორმაცია. უდავოა, რომ კანონით განსაზღვრული შეზღუდვა უკავშირდება არა ინფორმაციის ხასიათს, არამედ სუბიექტს, ვისი დავალებითაც ხდება ამ ინფორმაციის შეგროვება ან/და გადაცემა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვები, პირის დასჯადობას უკავშირებს უცხო ქვეყნის დაზვერვასა და უცხოეთის ორგანიზაციასთან საქართველოს ინტერესების საზიანოდ თანამშრომლობას და არა თავად გადაცემული ინფორმაციის საიდუმლო ხასიათს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა შესაძლებელია კონსტიტუციის შესაბამისი იყოს იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, ინფორმაციის ხასიათის მხედველობაში მიღების გარეშე, მისი შეგროვება და გადაცემა ხელყოფს კონსტიტუციის 24-ე მუხლში მითითებულ ლეგიტიმურ კონსტიტუციურ მიზნებს.

15. სადავო ნორმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს როგორც უცხო ქვეყნის დაზვერვის, ისე უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით მოქმედების შემთხვევაში. უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით ინფორმაციის მიწოდების აკრძალვის ლეგიტიმური ინტერესი, უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის მიწოდებასთან შედარებით, შესაძლებელია რადიკალურად განსხვავებული იყოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს უცხო ქვეყნის დაზვერვის და უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა ან/და გადაცემასათან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.

16. უცხო ქვეყნის დაზვერვის მოქმედება, როგორც წესი, სახელმწიფოს უშიშროებისათვის საფრთხის შემცველია. უცხო ქვეყნის სპეცსამსახური, თავისი არსით, წარმოადგენს კონკრეტული სახელმწიფოს ხელში სხვა სახელმწიფოზე ზემოქმედების გარკვეულ ინსტრუმენტს. ამას ადასტურებს თვით დაზვერვის ფუნქციები და ამ ფუნქციების შესრულების მეთოდები თუ საშუალებები. ხსენებული სპეცსამსახურის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ინტერესის სფეროში მყოფი სახელმწიფოს შესწავლა, რაც, თავისთავად, გულისხმობს ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას. თანამედროვე პირობებში, უცხო ქვეყნის დაზვერვის მაქსიმალურ ეფექტურობას განსაზღვრავს კრიტერიუმი, რომელიც გულისხმობს ინტერესის სფეროში მყოფი სახელმწიფოს, როგორც ასეთის, ამომწურავ და კომპლექსურ შესწავლას, როგორც პოლიტიკურ- ეკონომიკურ ჭრილში გამოკვლევას, ასევე მის შესახებ ტექნიკური ხასიათის მონაცემების დამუშავებას. ამასთანავე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესის სფერო არ შემოიფარგლება სახელმწიფოს ფუნქციონირების ზემოხსენებული განზომილებებით. უცხო ქვეყნის დაზვერვის ინტერესის საგანი გაცილებით უფრო ფართო სპექტრს მოიცავს და ამ კონტექსტში შესაძლოა კულტურულ თუ სხვა სფეროებში აქტივობასაც მოიაზრებდეს. სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის თანამედროვე მეთოდიკის მრავალფეროვნება და მოქმედების ფართო არეალი პრობლემის კომპლექსურ ხასიათზე მიუთითებს.

17. ზემოაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად მათ შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის ისეთი, რომელიც ხელმისაწვდომია ღია წყაროებიდან. უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, თავისთავად, გულისხმობს მათ საქმიანობაში დახმარებას და ხელშეწყობას. უცხო ქვეყნის დაზვერვა, როგორც ასეთი, მიმართულია ინტერესის სფეროში მყოფ სახელმწიფოზე უპირატესობის მოპოვებისკენ და ეს ხდება შესწავლის ობიექტად ქცეული სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. სახელმწიფო, რომლის სპეცსამსახური ეფექტურად მუშაობს, იღებს სარგებელს აღნიშნული საქმიანობიდან, ხოლო სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს აქტივობა – ზარალდება. შესაბამისად, სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანი ასახვას პოულობს მისი ინტერესების საფრთხის შექმნაში. ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველო დაცული იყოს სხვა ქვეყნის საიდუმლო სამსახურის მიერ მის შესახებ ინფორმაციის, ნებისმიერი ფაქტის, საგნის ან მონაცემის შესწავლისაგან. უცხოეთის სპეციალური სამსახურების დაკვირვების ობიექტად ქცევისაგან დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს უშიშროების კონცეფციის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია. შესაბამისად, როდესაც კანონმდებელი უცხოეთის დაზვერვის დავალებით საქართველოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ან/და მიწოდებას კრძალავს, მოქმედებს სახელმწიფო უშიშროების დაცვის ლეგიტიმური მიზნის ფარგლებში.

18. სადავო ნორმის თანახმად, დასჯად ქმედებად ითვლება არა უცხოეთის დაზვერვისათვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება თავისთავად, არამედ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქმედება საქართველოს ინტერესების საზიანოა. როგორც აღინიშნა, ზოგადად, სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს, დაცული იყოს უცხო ქვეყნის დაზვერვის დაკვირვებისაგან. შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეიძლება მივიჩნიოთ დაზვერვისათვის ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საქართველოს ეხება. რამდენადაა ესა თუ ის ინფორმაცია საქართველოსთან შემხებლობაში, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სადავო ნორმა უცხოეთის დაზვერვის დავალებით ინფორმაციის მიწოდებისათვის დასჯადობას აწესებს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფოსთან შემხებლობა ჩადენილ ქმედებას საქართველოსათვის საზიანოდ აქცევს. უცხოეთის დაზვერვის დაკვირვების ობიექტად ყოფნის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, უდავოდ, წარმოადგენს სახელმწიფოს უშიშროების ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის მნიშვნელოვან საშუალებას.

19. ლეგიტიმური მიზნის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ უნდა იწვევდეს პირის უფლების იმაზე მაღალი ხარისხით შეზღუდვას, რაც უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადეობის არსებობისათვის. უნდა შემოწმდეს, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად, გამოხატვის თავისუფლების ამ ფორმით შეზღუდვა, ხომ არ არსებობს პირის უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა იმავე მიზნის მიღწევა. როგორც ზემოთ აღინიშნა, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ინტერესის საგანს შესაძლებელია წარმოადგენდეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ მათთან თანამშრომლობის ფაქტი თავისთავად სახელმწიფოსთვის საზიანოა, მიწოდებული ინფორმაციის ღია ან საიდუმლო შინაარსის მიუხედავად. შესაბამისად, სადავო ნორმის შინაარსის დავიწროება მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებდა მის ეფექტიანობას და უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით მოქმედ პირებს დამატებით შესაძლებლობებს გაუჩენდა. იმ პირობებში, როდესაც უცხო ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობის ფაქტი თავისთავად საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო უშიშროებისათვის, დაზვერვისთვის ერთი შეხედვით უწყინარი ინფორმაციის გადაცემამაც შესაძლებელია სახელმწიფო ინტერესები მნიშვნელოვნად დააზიანოს. შესაბამისად, სადავო ნორმა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის აკრძალვის კონტექსტში წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.

20. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების უფლების ხასიათიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს, უცხოეთის დაზვერვის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის სადავო ნორმით განსაზღვრული ფორმით აკრძალვას ხომ არ აქვს „მსუსხავი ეფექტი” გამოხატვის თავისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც არ ექცევა სადავო ნორმის რეგულირების სფეროში. სადავო ნორმის აღნიშნული ეფექტი შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი ბუნდოვანი ხასიათით ან სხვა გარემოებით.

21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვები ცალსახად განსაზღვრავს, რომ უცხოეთის დაზვერვის დავალებით საქართველოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა დასჯად ქმედებას წარმოადგენს. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა ინფორმაციის ხასიათთან მიმართებით მაქსიმალურად ფართოდ არის ფორმულირებული და, შესაბამისად, მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ამავე დროს, ტერმინები ,,დავალება”, ,,უცხო ქვეყნის დაზვერვა”, ,,შეგროვება ან გადაცემა”, საკმარისად ნათლად არის ჩამოყალიბებული და ნებისმიერი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისათვის გასაგებია, რა შეიძლება მოიაზრებოდეს აღნიშნული ტერმინების ქვეშ. სადავო ნორმით განსაზღვრული ქმედება დასჯადია მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაში, შესაბამისად, უდავოა, რომ პირისთვის, რომელიც კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლებში მოქმედებს, ნათელია, თუ რა ქმედება არის დასჯადი უცხოეთის დაზვერვის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის კონტექსტში. ამასთან, არ არსებობს საფრთხე, რომ უცხო ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობის აკრძალვის ქვეშ პირმა მოიაზროს დაზვერვის გარდა სხვა სუბიექტის დავალებით მოქმედების აკრძალვა ან სხვა ისეთი ქმედების შეზღუდვა, რომელიც სადავო ნორმით რეალურად არ არის კრიმინალიზებული.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სადავო ნორმა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით ინფორმაციის შეგროვების და გადაცემისათვის პასუხისმგებლობის დადგენის ნაწილში ჩამოყალიბებულია საკმარისი სიცხადით, იგი წარმოადგენს უფლების შეზღუდვის პროპორციულ საშუალებას და, ამავე დროს, არ გააჩნია მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე. სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვები უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქმიანობის აკრძალვის ნაწილში არ ხდის იძულებულს ადამიანებს, გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისას, პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით, იმაზე მეტად შეიზღუდონ თავი, ვიდრე ამას სადავო ნორმა ადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოს ინტერესების საზიანოდ ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის დანაშაულად განსაზღვრის ნაწილში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.

23. უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობის შემოწმებისაგან დამოუკიდებლად, უნდა დადგინდეს უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით საქართველოს ინტერესების საზიანოდ სხვა ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხი. უცხო ქვეყნის დაზვერვისგან განსხვავებით, ნებისმიერ უცხოეთის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მათთვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება ვერ იქნება განხილული სახელმწიფოს უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად. შესაბამისად, უცხოეთის ორგანიზაციასთან მიმართებით სადავო ნორმაში მოცემული სიტყვები საქართველოს ინტერესების საზიანოდ” განსხვავებული დატვირთვის მატარებელია. სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვების საფუძველზე, პირი შესაძლებელია დაისაჯოს მხოლოდ იმ ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემისათვის, რომელთან თანამშრომლობაც საქართველოს ინტერესების საზიანოა.

24. ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ტერმინში „უცხოეთის ორგანიზაცია”, ვერ იქნება მოაზრებული ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან უცხო ქვეყნის დაზვერვასთან, მოქმედებენ მისი დავალებით და ეს უკანასკნელი მას იყენებს როგორც საფარს. ასეთი ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივად უცხო ქვეყნის დაზვერვისათვის ინფორმაციის მიწოდებას ნიშნავს. შესაბამისად, მათი დავალებით პირის მიერ განზრახ ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის შემთხვევაში, იგი ფაქტობრივად უშუალოდ დაზვერვის დავალებით მოქმედების ანალოგიურ ქმედებას ახორციელებს. პირი ასეთი ქმედებისათვის დაისჯება იმ შემთხვევაშიც, სადავო ნორმაში ტერმინი უცხოეთის ორგანიზაცია” საერთოდ რომ არ იყოს ნახსენები. შესაბამისად, „უცხოეთის ორგანიზაციაზე” მითითებით, სადავო ნორმა აწესებს პირის სისხლი სამართლებრივ პასუხისმგებლობას ისეთი ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული უცხო ქვეყნის დაზვერვასთან, თუმცა ამის მიუხედავად, თავად ამ ტიპის თანამშრომლობის ფაქტი სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო შეიძლება იყოს.

25. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ისეთი არასახელმწიფო სუბიექტების როლი, როგორებიცაა ტერორისტული ორგანიზაციები, სახელმწიფოებად არცნობილი სეცესიონისტური მოძრაობები, უცხოეთის კერძო სამხედრო კომპანიები და სხვა წარმონაქმნები, რომლებიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას იმაზე არანაკლებ რისკს უქმნიან, ვიდრე მტრულად განწყობილი სახელმწიფოები შეუქმნიდნენ ერთმანეთს. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ უცხოეთის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სახელმწიფოს უშიშროებისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხის შემცველი იყოს, როგორც უცხოეთის დაზვერვასთან თანამშრომლობა და გარკვეული ტიპის უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის დასჯადობის დაწესება კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალოს, თუმცა სადავო ნორმაში „უცხოეთის ორგანიზაციის” შინაარსის განსაზღვრისთვის კანონმდებელი არ ასახელებს კონკრეტულ მახასიათებლებს და იყენებს ტერმინს „საქართველოს ინტერესების საზიანოდ”. სადავო ნორმის მიღებით, კანონმდებელი ფაქტობრივად სამართალშემფარდებლისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების სფეროში მოქმედი პირების განმარტების საგნად ხდის იმას, თუ რა პირობებში და რომელ უცხოეთის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა არის დასჯადად გამოცხადებული.

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციის შესაბამისად მოხდეს. თუმცა ეს არ არის საკმარისი სადავო ნორმის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. როგორც აღინიშნა, გამოხატვის თავისუფლების სფეროში პასუხისმგებლობის დაწესებისას, იგი აუცილებლად უნდა პასუხობდეს განსაზღვრულობის ისეთ სტანდარტს, რომელიც გამორიცხავს „მსუსხავ ეფექტს” პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი რეგულირების გარეთ მოქცეული გამოხატვის თავისუფლების მიმართ. სადავო ნორმა გარკვეული წინაპირობების არსებობისას (საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოობა) პირთა ფართო ჯგუფთან (უცხოეთის ორგანიზაციები) ურთიერთობისათვის აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუმცა საკითხს, უცხოეთის რომელი ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა შეიძლება იყოს დანაშაული, კანონმდებელი, ერთი მხრივ, სამართალშემფარდებლის, მეორე მხრივ კი, ნორმის შესაძლო სუბიექტთა განმარტების ამარა ტოვებს. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედი პირი შესაძლებელია სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ აღიქვამდეს უცხოეთის ორგანიზაციების იმაზე ფართო სპექტრთან თანამშრომლობას, ვიდრე ამას სადავო ნორმა ითვალისწინებს. შესაძლებელია პირმა უარი თქვას რიგ უცხოეთის ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე იმის შიშით, რომ ეს შეიძლება სახელმწიფოსთვის საზიანო იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი” გამოხატვის თავისუფლებაზე, რადგან რეალურად აქვს უფლების შეზღუდვის იმაზე გაცილებით ფართო ეფექტი, ვიდრე ეს სადავო ნორმითაა გათვალისწინებული, რისი შეზღუდვაც კანონმდებელს უნდოდა და რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემასთან დაკავშირებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის არაპროპორციული. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან უცხოეთის ორგანიზაციის” ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.

 

სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით

 

27. №516 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

28. აქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი განამტკიცებს პირის ქმედობის სამართალდარღვევად განსაზღვრისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურ სტანდარტებს. აღნიშნული დებულების თანახმად, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით მოწესრიგებულია კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპი, რომელთან მიმართებითაც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას მოსარჩელე მხარე არ ითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს სადავო ნორმის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან შესაბამისობის საკითხზე.

29. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება არამხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, II-16). ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, იგი კავშირშია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და წარმოადგენს ამ უფლებით დაცული სფეროს ნაწილს. შესაბამისად, სადავო ნორმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პასუხობს განსაზღვრულობის კონტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს.

 30. განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს , რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმ ართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

31. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონი შეიძლება ჩაითვალოს განუსაზღვრელად, როცა განმარტების ყველა მეთოდი მოსინჯულია, მაგრამ მაინც გაურკვეველია მისი ნამდვილი შინაარსი, ანდა არსი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია მისი მოქმედების ფარგლები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-19). დანაშაულის დამდგენი სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, შესაძლებელი იყოს მისი თითოეული ელემენტის ნამდვილი შინაარსისა და ფარგლების დადგენა, რათა ადრესატმა სწორად აღიქვას კანონი და მისი მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს თავისი ქცევა, ამასთან, დაცული იყოს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან. „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები” ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-36).

32. მოსარჩელეები სადავო ნორმის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად მიუთითებენ, რომ ტერმინი „სხვა ინფორმაცია” განუსაზღვრელად ფართო შინაარსის მატარებელია და იგი თავის თავში მოიაზრებს ისეთ ინფორმაციას, რომლის შეგროვება და გადაცემა შეიძლება არ იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მომტანი. ამდენად, მათი აზრით, არ არის მიზანშეწონილი ასეთი ქმედება დასჯადი იყოს.

 33. როგორც უკვე აღინიშნა, „სხვა ინფორმაციად” ჩაითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება. შესაბამისად, ამ ნაწილში ნორმის განჭვრეტადობის პრობლემა არ დგას. საკმარისი სიცხადითაა განსაზღვრული ის, თუ რა ტიპის ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის აღკვეთა სურს კანონმდებელს. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციაც მიემართება არა ნორმის განჭვრეტადობის საკითხებს, არამედ ნებისმიერი ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის დასჯადად გამოცხადების მიზანშეწონილობას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ კრიტერიუმებს და არა იმას, თუ რომელი ქმედებისთვის არის დასაშვები პასუხისმგებლობის დაწესება. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი არ არეგულირებს სხვა ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის დასჯადობის მიზანშეწონილობის კონსტიტუციურობის საკითხს, დასახელებულ კონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებით აღნიშნული საკითხის შეფასება შეუძლებელია.

34. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ მათთვის ბუნდოვანია ტერმინების „საქართველოს ინტერესის საზიანოდ” და „უცხოეთის ორგანიზაცია” შინაარსი. მათი აზრით, აღნიშნული ტერმინები განუსაზღვრელი ხასიათისაა და იძლევა მათი გამოყენების პროცესში თვითნებური განმარტების საშუალებას. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ ნორმის ბუნდოვანება აღწევს იმ ხარისხს, რომ პირისათვის გაუგებარი ხდება, თუ რა მოქმედების განხორციელებას უკრძალავს მას კანონი და, შესაბამისად, იგი შეიძლება დაისაჯოს ისე, რომ საერთოდ ვერ აცნობიერებდეს მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით გასზაღვრულია განზრახი დანაშაული და არსებული კანონმდებლობის პირობებში ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა არ არის დასჯადი. თუ პირი ვერ აღიქვამს სადავო ნორმით დადგენილ გარემოებებს და არ აქვს სუბიექტური დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ, სახეზე არ იქნება დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა და სადავო ნორმით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია პირმა ამტკიცოს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ იგი შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ აცნობიერებდა, რომ სჩადიოდა სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვებით განსაზღვრულ დანაშაულს.

35. ზემოხსენებულის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ჯაშუშობა დასჯადია მხოლოდ მისი განზრახ ჩადენის შემთხვევაში, თავისთავად არ არის საკმარისი ნორმის განჭვრეტადობის სამტკიცებლად. „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას წინასწარ დადგენილი, საჯაროდ ხელმისაწვდომი და არაინდივიდუალიზებული სამართლებრივი წესების შესაბამისად შეძლოს იმის განჭვრეტა, თუ რა ქმედებები წარმოადგენს სამართალდარღვევებს და საკუთარი ქცევის შესაბამისად წარმართვა, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტიაა თვითნებური დევნისა და ბრალდების წინააღმდეგ” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). მოცემულ შემთხვევაში, პირის დასჯის წინაპირობად განსაზღვრულია საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვასთან და უცხოეთის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფაქტი. როგორც უკვე აღინიშნა, უცხოეთის დაზვერვისათვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ინტერესების საზიანოა. შესაბამისად, უცხოეთის დაზვერვასთან თანამშრომლობის კონტექსტში, სადავო ნორმაში საკმარისი სიცხადითაა განსაზღვრული, თუ რა ქმედებაა კრიმინალიზებული კანონმდებლის მიერ და ამ მხრივ განჭვრეტადობის პრობლემა არ არსებობს.

36. უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის დასჯადობის კონტექსტში, სადავო ნორმის შინაარსი არ არის ცალსახად და ნათლად განსაზღვრული. სამართალშემფარდებელმა და გამოხატვის სფეროში მოქმედმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განსაზღვრონ, რომელი ორგანიზაციის დავალებით განხორციელებული ჯაშუშობა არის საქართველოს ინტერესების საზიანო. აღნიშნული დანაწესი იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად ხდება დამოკიდებული სამართალშემფარდებლის ინდივიდუალურ შეფასებაზე. უცხოეთის ამა თუ იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საქართველოს ინტერესების საზიანოდ მიჩნევა მრავალ ფაქტორს შეიძლება ემყარებოდეს, ხოლო სადავო ნორმა არანაირ დამატებით მითითებას არ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ორგანიზაციების განსაზღვრა. ნორმის ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, შეფასების ფარგლები იმდენად ფართოა, რომ ერთი და იმავე ქმედებისათვის სადავო ნორმის საფუძველზე სისხლი სამართლებრივი დასჯადობის დადგენისას, სხვადასხვა სასამართლო, სადავო ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, დიდი ალბათობითაა შესაძლებელი, მივიდეს განსხვავებულ დასკვნამდე (ნაწილმა ჩათვალოს რომ კონკრეტული ქმედება სადავო ნორმით ისჯება, ხოლო ნაწილმა არა). პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა შესაძლებელია იძლეოდეს სასამართლოს მიერ მისი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის მიერ გაკეთებული დათქმის კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. მართლია, შეუძლებელია, კანონმა გაითვალისწინოს ყველა იმ შემთხვევისა თუ სიტუაციის თითოეული ასპექტი, რომელიც მომავალში განვითარდება, მაგრამ კანონმდებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის განსაზღვრისას ვალდებულია, მიიღოს ნორმა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებში სასამართლოს მიერ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგენის შესაძლებლობას. სადავო ნორმა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საკმარისი სიზუსტით გადაწყდეს ამა თუ იმ უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა დასჯადია თუ არა.

 37. ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა. მოცემულ შემთხვევაში, უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით საქართველოს ინტერესების საზიანოდ ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის განსაზღვრის კონტექსტში სადავო ნორმა იმდენად ფართოდ ინტერპრეტირებადია, რომ იგი ნორმის გამომყენებელ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნორმატიული ბოჭვის არარსებობის პირობებში განსაზღვროს, უცხოეთის რომელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაა „სახელმწიფოს ინტერესების საზიანო”. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი ზოგადი ნორმის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დასჯადობის დაწესება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმადაც, პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან უცხოეთის ორგანიზაციის არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №516 (საქართველოს მოქალაქეები  – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან უცხოეთის ორგანიზაციის” საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

2. კონსტიტუციური სარჩელი №542 (საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან უცხოეთის ორგანიზაციის” საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. კონსტიტუციური სარჩელი №516 (საქართველოს მოქალაქეები   – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ...დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

4. კონსტიტუციური სარჩელი 542 (საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ...დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

5. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

6. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

8. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

9. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.   

 

კოლეგიის წევრები:

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი

 

 

ასლი დედანთან სწორია

 

საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლოს მდივანი                ქეთევან ერემაძე