დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1853 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 17/01/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.380.000.05.001.001.176 |
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ფართობზე“;
ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტს სიტყვების „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის“;
გ) „ა.მ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ოპერაციების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის“, ხოლო სიტყვის „კომპანიები“ შემდეგ – სიტყვები „ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო“;
დ) პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული ტერმინებისა, ამ კანონის მიზნებისათვის ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნედლეული – ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი ბუნებრივ მდგომარეობაში, იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის;
ბ) საშუალებები – ყველა ტერმინალი, რეზერვუარი, საქაჩი და საკომპრესორო სადგური, ჩასატვირთი, მათ შორის, საზღვაო ჩასატვირთი მოწყობილობა, სააღრიცხვო სადგური, საკომუნიკაციო ხაზი და დანადგარი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სხვა სადგური თუ მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის;
გ) ნავთობის გადამუშავება – ნედლი ნავთობის დისტილაცია, გადამუშავება ან ნავთობის პროდუქტების სხვაგვარად გამოყოფა, ნავთობის პროდუქტების გადამუშავება, რაფინირება, შემდგომი გამოყოფა ან შერევა (კომპაუნდირება), აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დ) გაზის დამუშავება – ბუნებრივი გაზის ნავთობგაზპროდუქტებად გარდაქმნა;
ე) ტრანსპორტირების საქმიანობა (ტრანსპორტირება) – სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ფარგლებში ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გადაზიდვა: ნედლეულის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვების ან ათვისების პუნქტიდან ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, ანდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის პუნქტიდან ან ქარხნიდან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია. ტრანსპორტირების საქმიანობა არ მოიცავს ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) საქმიანობას და „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს;
ვ) ნავთობის პროდუქტები – ბენზინი, დიზელი, ნავთი, მაზუთი, ნაფტა და სხვა ნივთიერება, რომელიც მიიღება ნედლი ნავთობის გადამუშავებით;
ზ) გაზის პროდუქტები – მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და სხვა ნივთიერება, რომელიც მიიღება ბუნებრივი გაზის დამუშავებით;
თ) ნავთობგაზპროდუქტები – ნავთობის პროდუქტები და გაზის პროდუქტები;
ი) რეზერვუარი – მიწისზედა ან მიწისქვეშა ხელოვნური საცავი, ან განცალკევებული, ლითოლოგიური საზღვრებით შეზღუდული გეოლოგიური სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ნედლეულის, თხევადი გაზის, ნავთობქიმიური პროდუქტების, ასევე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის საჭირო ნივთიერებათა მოსაგროვებლად და შესანახად;
კ) ბაზარი – ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების გასაღების ბაზარი;
ლ) ქარხანა – ნავთობგადამამუშავებელი ან გაზის დამამუშავებელი ქარხანა;
მ) ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – ნავთობის გადამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით;
ნ) გაზის დამამუშავებელი ქარხანა – ბუნებრივი გაზის დამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით;
ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია, განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით);
პ) ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნედლეულის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან ტრანსპორტირების საქმიანობა;
ჟ) საქმიანობის არსებული ლიცენზია – ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფოს მიერ გაცემული, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების სფეროში საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
რ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის ლიცენზია;
ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს განაცხადს საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით;
ტ) სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა მილსადენი (შემკრები და არამაგისტრალური მილსადენების ჩათვლით) და ყველა სხვა საშუალება, რომელიც საჭიროა ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე ტრანსპორტირებისათვის. სატრანსპორტო საშუალება არ მოიცავს ნებისმიერ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საშუალებას, ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით;
უ) ტრანსპორტირების კომპანია – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქმიანობის ლიცენზიას (მილსადენის ექსპლუატაციის უფლებას), გაიღებს სახსრებს და ატარებს ეკონომიკურ რისკს იმ თანხის პროპორციულად, რომელიც ჩადებული აქვს ამ საქმიანობაში;
ფ) გადამზიდავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან განკარგავს ნედლეულს ან ნავთობგაზპროდუქტებს და რომელიც არ არის ტრანსპორტირების კომპანია ან/და რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება ტრანსპორტირების კომპანიასთან, რათა მან ასეთი პირის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდოს ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები;
ქ) გადაზიდვის უკანასკნელი პუნქტი – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული პუნქტი, სადაც ნედლეულზე ან ნავთობგაზპროდუქტებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მომხმარებელს ან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიის მფლობელს, ან სადაც ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები კვეთს საქართველოს საზღვარს;
ღ) საქმიანობის ფართობი – ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელზედაც ამ ლიცენზიის მფლობელს ეძლევა უფლება, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.“.
2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „ოპერაციები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან ტრანსპორტირების საქმიანობა“.
3. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტს სიტყვების „საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების“ და „ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ოპერაციების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის“;
გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობაში სახელმწიფო მმართველობის ადმინისტრაციული და მარეგულირებელი უფლებამოსილებების ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში გაერთიანება და შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა.“.
4. მე-6 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის შესაბამისად.“.
5. მე-7 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს სიტყვის „ოპერაციების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის“;
ბ) მე-7 პუნქტს სიტყვის „ოპერაციების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის“, ხოლო სიტყვა „საფასური“ შეიცვალოს სიტყვებით „საფასური, რომელიც არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს“.
6. მე-8 მუხლის:
ა) სათაურიდან და პირველი პუნქტიდან, 81 მუხლის სათაურიდან, მე-19 მუხლის პირველი პუნქტიდან და 301 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში სააგენტოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება;
ბ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
გ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
ვ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანობის მიზნით;
ზ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;
თ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა.“;
გ) მე-2 პუნქტში სიტყვა „პუნქტით“ შეიცვალოს სიტყვებით „და 11 პუნქტებით“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1. ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა
მუხლი 251. ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა
ტრანსპორტირება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა გადამზიდავისათვის არადისკრიმინაციულ საფუძველზე, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 252. სპეციალიზებული ტრანსპორტირება
1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, მის აფილირებულ კომპანიას ან სხვა პირს უფლება აქვს, სააგენტოში შეიტანოს განაცხადი ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად მხოლოდ მის მიერ წარმოებული ან მისი ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით.
2. სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა სხვა გადამზიდავებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მილსადენის ჭარბი (გამოუყენებელი) სიმძლავრე არადისკრიმინაციულ საფუძველზე, თუ:
ა) მიზანშეწონილი საოპერაციო ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს მოთხოვნისა და წარმოების ექსპანსიის პოტენციას, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით, მილსადენის სრული სიმძლავრე რეგულარულად არ გამოიყენება საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის;
ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ხელშეკრულებას დადებს ან შესთავაზებს მის დადებას მესამე მხარეს, რომელიც არ არის მისი აფილირებული კომპანია, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის.
მუხლი 253. ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა
1. სააგენტო განიხილავს ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს, ადგენს ტარიფს, აგრეთვე ამტკიცებს ტრანსპორტირების მომსახურების პირობებს.
2. ტრანსპორტირების კომპანიისა და გადამზიდავის ინტერესების დაცვის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილება არსებულ ტარიფში.
3. სააგენტოს მიერ დადგენილი ტარიფი:
ა) იცავს გადამზიდავს მონოპოლიური ფასებისაგან;
ბ) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს საკუთარი ხარჯები, რომლებიც მოიცავს: ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების დასაბუთებულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;
გ) ხელს უწყობს ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტირების კომპანია აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის პირობებს მომსახურების ხარისხზე;
დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ტრანსპორტირების სფეროში მოკლე- და გრძელვადიანი ზღვრული ხარჯებისა და ფასების ასახვით, აგრეთვე ტრანსპორტირების მომსახურების სიჭარბისა და სიმცირის რეგულირებით;
ე) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ეკონომიკურად გამართლებული ყველა ხარჯი, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები, და რეგულირების საფასური.
მუხლი 254. ტარიფის დადგენისა და ამოქმედების წესი და პროცედურები
1. სატარიფო განაცხადის განხილვისა და ტარიფის დადგენისათვის სააგენტო ნორმატიული აქტებით განსაზღვრავს შემდეგ წესსა და პროცედურებს:
ა) სატარიფო განაცხადის მიღების წესს;
ბ) სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს;
გ) გადამზიდავისა და სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ტარიფის დასაბუთების პროცედურებს;
დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;
ე) ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯების გამოთვლის მეთოდებსა და პროცედურებს.
2. ტარიფი ძალაში შედის სააგენტოს მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე სააგენტოს მოთხოვნას. ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯები აისახება რეგულირების საფასურში.
მუხლი 255. საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო
საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სააგენტო.
მუხლი 256. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები
1. სააგენტო ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.
2. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:
ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, მმართველი პერსონალის რეკვიზიტები, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ასევე იურიდიული პირის საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაციის ორგანო;
ბ) ყველა იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც ფლობს აქციების 5 ან მეტ პროცენტს ან განმცხადებლის მოგების პროცენტს.
3. განაცხადს უნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა;
ბ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;
გ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;
დ) ინფორმაცია განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობისა და იმ თანხის წყაროს შესახებ, რომელსაც იგი გამოიყენებს საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;
ე) დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ვ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
4. თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას:
ა) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
ბ) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზედაც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით;
გ) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებელობა იმ მოვალეობების შესრულებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან;
დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ასეთი ინტერესის შესახებ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება.
5. თუ განმცხადებელი არის აფილირებული კომპანია, მაშინ მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფინანსური და საქმიანობის შესრულების გარანტიები.
6. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს მიეცემა შესაბამისი საქმიანობის უფლება, კერძოდ:
ა) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას და საქმიანობა განახორციელოს საქმიანობის ლიცენზიის შესაბამისად;
ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის; წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ;
გ) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა;
დ) განმცხადებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის.
მუხლი 257. საქმიანობის შემოწმება
განხორციელებული საქმიანობის საქმიანობის ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ქარხანა და სატრანსპორტო საშუალება სამუშაო პროცესში და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.
მუხლი 258. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა
1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 6 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.
2. ავარიის შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, გამოასწოროს ავარიის შედეგები, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას ავარიით მიყენებული ზიანი, საქმიანობის ლიცენზიისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს დეტალური ანგარიში.
3. სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ ლიცენზიის მფლობელისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების განხილვის საფუძველზე.
4. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუჩეროს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი:
ა) ვერ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას;
ბ) ვერ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს;
გ) ვერ ასრულებს სააგენტოს სამართლებრივ აქტებს;
დ) ვერ ასრულებს ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობას.
5. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი:
ა) არ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას;
ბ) არ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს;
გ) არ ასრულებს სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ;
დ) არ ასრულებს სააგენტოს სამართლებრივ აქტებს;
ე) არ ასრულებს ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობას.
6. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს წერილობითი შეტყობინება ეგზავნება საკითხის განხილვამდე 30 დღით ადრე. მასში მითითებული უნდა იყოს:
ა) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი;
ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მოქმედების ან უმოქმედობის დეტალური აღწერა, რომელიც წარმოადგენს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს;
გ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის შემდგომი ქმედება, რომელიც საჭიროა საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზის გამოსასწორებლად ან აღმოსაფხვრელად.
7. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს სააგენტოს მიერ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საკითხის განხილვას და დაიცვას თავისი უფლებები.
8. საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საკითხის განხილვიდან 10 დღის განმავლობაში სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
9. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და ოპერატიულ დახურვას საკუთარი სახსრებით. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასა და მიტოვებაზე, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოძრავი ქონების აღებას, საქმიანობის ფართობის აღდგენასა და დამუშავებას საკუთარი სახსრებით.
10. ნებისმიერ დროს, მათ შორის, საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს მისთვის საქმიანობის ლიცენზიით, სააგენტოს ნორმატიული აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს (მათ შორის, გარემოს დაცვის და დაზიანებული მიწის აღდგენის ვალდებულებებს), ფინანსურად აგებს პასუხს ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააგენტოსთან ერთად შექმნილ სალიკვიდაციო ფონდში წინასწარ გადარიცხოს აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დასაფარად საკმარისი თანხა ან სააგენტოს წარუდგინოს აკრედიტივი ამ თანხის გადახდის შესახებ.
მუხლი 259. საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა
1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სააგენტოსთვის 30 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების შემდეგ უფლებამოსილია, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებაზე.
2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი საქმიანობის ლიცენზიაზე ამ პირის სასარგებლოდ.
3. საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზნით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას უნდა დაერთოს მესამე პირის განაცხადი და საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ კანონითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია. მესამე პირისათვის საქმიანობის ლიცენზიის გადაცემის მომენტიდან წინა ლიცენზია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად მიიჩნევა.
4. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან ისეთი ცვლილებებით გაცემის შესახებ, რომლებიც შეესაბამება ამ კანონსა და სააგენტოს ნორმატიულ აქტებს. სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ დაასკვნის, რომ:
ა) განმცხადებელს აქვს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და შესაბამისი გამოცდილება (კვალიფიკაცია), რათა წარმართოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და შეასრულოს მისთვის გადაცემული მოვალეობები;
ბ) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამა საკმარისია წინა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის წარსამართად, შეცვლილი პირობების, მათ შორის ფასების, საბაზრო მოთხოვნის, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების მიწოდების შესაძლებლობის ან სხვა შესაბამისი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.
5. მესამე პირისთვის გადაცემული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ხანგრძლივობა უდრის წინა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის ხანგრძლივობას.
6. სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ამ ლიცენზიით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების გარანტია.
მუხლი 2510. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები
1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს:
ა) დააპროექტოს, ააშენოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას და სატრანსპორტო საშუალებას;
ბ) დადოს გარიგებები მესამე მხარესთან ნავთობის გადამუშავების ან გაზის დამუშავების მიზნით, რომლებსაც ფლობს ან განკარგავს მესამე მხარე; დადოს გარიგებები გადამზიდავთან ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით, რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს გადამზიდავი;
გ) რეგულარულად შეამოწმოს და შეაკეთოს ქარხანა და სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერი სახელმწიფო უწყების ჩარევის გარეშე;
დ) სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების შემთხვევაში შეცვალოს ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგია და საშუალებები, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სახეობა და შემადგენლობა;
ე) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტები;
ვ) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს გზები, ხიდები, ნავსადგურები, საჰაერო სივრცე, თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ტელეკომუნიკაციები და სხვა სახელმწიფო საკუთრება;
ზ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნას და გამოიყენოს საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ეროვნულ ვალუტაში;
თ) საბანკო ანგარიშზე მიიღოს და შეინახოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული ამონაგები, განახორციელოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება, შეუზღუდავად გამოიყენოს ანგარიშზე არსებული თანხები.
2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის პირობებისა და მასში განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და სააგენტოს სამართლებრივი აქტები;
გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად, სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები;
ე) პასუხი აგოს ხელმძღვანელობის, პერსონალის, აგენტების და ქვეკონტრაქტორების ქმედებაზე;
ვ) საქმიანობის ფართობი გამოიყენოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის;
ზ) არ დაუშვას უცხო პირთა თავისუფალი გადაადგილება საქმიანობის ფართობზე, ასევე მათ მიერ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ქარხნის, მოწყობილობების, კომუნიკაციებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობითა და საქმიანობის ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიცირებისათვის მიიღოს სააგენტოს ნებართვა;
ი) გადაიხადოს ყველა გადასახადი და ჯარიმა, შეასრულოს სხვა საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება და გარემოს დაცვა;
ლ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შეიმუშაოს გეგმა, წვრთნა ჩაუტაროს პერსონალს და დაამონტაჟოს საჭირო აპარატურა, რათა ავარიის შემთხვევაში მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები;
მ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას არ მიაყენოს ზიანი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;
ნ) ფინანსურად აგოს პასუხი ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით;
ო) უპირატესობა მიანიჭოს საქართველოში დამზადებულ დანადგარებს, მასალებსა და პროდუქციას, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები, ფასები, საწარმოო პარამეტრები და მიწოდების პირობები კონკურენტუნარიანია;
პ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებას, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;
ჟ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას თანაბარ პირობებში უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს, სამუშაოებზე არ დაუშვას სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირები;
რ) საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქარხნისა და სატრანსპორტო საშუალების ეფექტიანი, უსაფრთხო და ოპერატიული დახურვა;
ს) აღადგინოს დაზიანებული საქმიანობის ფართობი;
ტ) ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს წარუდგინოს ფინანსური გარანტია საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან, ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასთან დაკავშირებით.
მუხლი 2511. ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება
1. სააგენტო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიცირების სახელმწიფო დეპარტამენტთან – „საქსტანდარტთან“ ერთად განიხილავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის ახალ სტანდარტებს და მონაწილეობს მათ დამტკიცებაში.
2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ლაბორატორიას გასასინჯად ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშებს. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.
3. სააგენტოს ექსპერტებს უფლება აქვთ, პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზონაში სამუშაო საათების დროს, აიღონ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები და წარუდგინონ ლაბორატორიას გასასინჯად. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.
4. თუ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტოს უფლება აქვს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებას.“.
8. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 302 მუხლი:
„მუხლი 302. საქმიანობის არსებული ლიცენზია
საქმიანობის არსებული ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში სააგენტოში უნდა შეიტანოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. საქმიანობის არსებული ლიცენზიის საფუძველზე სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 დეკემბერი.
№1853-რს
დოკუმენტის კომენტარები