საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 24/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.05.001.003.295
  • Word
400
23/10/2008
სსმ, 26, 24/10/2008
010.190.030.05.001.003.295
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში (შემდგომში – პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი), კომიტეტის წევრთა მინიმალური ოდენობის ორი მესამედის დანიშვნიდან 7 დღის ვადაში.“.

2. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4–მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.“.

3. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.“.

4. 87-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.“.

5. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 6 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.“.

6. 89-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.“.

    7. 90-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. თუ ფრაქციაში დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.“.

8. 107-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.“.

9. 135-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს უფლება აქვთ მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრაციაში გატარებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს.“.

10. 142-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ღია კენჭისყრის შედეგები ეჭვს იწვევს, პლენარული სხდომის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მოთხოვნით შეიძლება დაისვას სახელობითი კენჭისყრის ჩატარების საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სათანადოდ მოტივირებული განცხადება კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას იმავე დღეს უფლება არა აქვთ მოითხოვონ სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.“.

11. 188-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს. მისი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.“.

12. 193-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ არჩევნებში მონაწილეობდა 3 კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ.“.

13. 195-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტები მიმართავენ პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პლენარული სხდომების უახლოესი კვირის დღის წესრიგში. თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, კენჭი ეყრება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

14. 215-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საკითხის დასმის შესახებ განცხადება წერილობითი ფორმით წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს შესაბამის პროცედურებს. პარლამენტი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, საკითხი მაშინვე დგება კენჭისყრაზე.“.

15. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 223

დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.“.

16. 226-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 226

პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის ინიციატივით უახლოეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა შეიძლება მიიღოს რეზოლუცია ან სხვა გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შედეგების შესახებ.“.

17. 228-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.“.

18. 266-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 266

პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ რეგლამენტის სისტემატური და უხეში დარღვევისათვის შეიძლება კენჭისყრაზე დადგეს საკითხი მისთვის ოქმში შეტანით შენიშვნის გამოცხადების შესახებ. საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 23 ოქტომბერი.

№400–IIს