„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 20/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.320.050.05.003.003.277
  • Word
311
02/10/2008
სსმ, 24, 20/10/2008
010.320.050.05.003.003.277
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 14

1. თანამდებობაზე გამწესებიდან ერთი თვის ვადაში პირი ვალდებულია შეავსოს და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო დეკლარაციის დამოწმებულ ასლს გადასცემს თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოს/ორგანოებს, თანამდებობის პირს.

2. თანამდებობის პირი, რომელიც წლის განმავლობაში გამწესდება სხვა თანამდებობაზე (სხვა დაწესებულებაში), თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მან თანამდებობის დატოვებისას დეკლარაცია შეავსო ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

3. პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმავე დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება არა უმეტეს სამი თვის ვადით, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

4. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი, გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

5. თანამდებობის პირი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ვალდებულია ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების თარიღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები.

6. პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი თანამდებობაზე გამწესდება თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის ვადაში.

7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე, ხოლო შემოსავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა კალენდარული წლის მდგომარეობით.

8. ამ მუხლით დადგენილ ვადებში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შეუვსებლობისა და წარუდგენლობის შემთხვევაში თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე პირს განუსაზღვრავს ათდღიან დამატებით ვადას დეკლარაციის შევსებისა და წარდგენისათვის და წერილობით აფრთხილებს ამ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. დამატებითი ვადა აითვლება პირისათვის გაფრთხილების ოფიციალური გაცნობიდან.

9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეივსება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

    მუხლი 15

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ:

ა) პირის სახელი, გვარი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი;

ბ) პირის სამსახური, დაკავებული თანამდებობა, სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომერი;

გ) პირის, მისი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი;

დ) პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა; თუ ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), ქონების საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა;

ე) პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა; თუ ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა);

ვ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი, მესაკუთრის ვინაობა, ფასიანი ქაღალდის სახეობა, ნომინალი, რაოდენობა;

ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება აქვს პირს, მისი ოჯახის წევრს – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების რეკვიზიტები, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე რიცხული თანხა;

თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში;

ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა – სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე პირის ვინაობა, საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, მონაწილეობის ფორმა, საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, საწარმოს იურიდიული მისამართი, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის დროის მონაკვეთი, საანგარიშო პერიოდში სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი;

კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა – სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების მიუხედავად) – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი;

მ) პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს – საჩუქრის მიმღების ვინაობა, საჩუქრის გადამცემი, გადამცემის მიმღებთან კავშირი, საჩუქრის სახეობა, საჩუქრის საბაზრო ღირებულება;

ნ) საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს, ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან/და გასავლის გარდა – პირი, მისი ოჯახის წევრი, ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის სახეობა, შემოსავლის ან/და გასავლის ოდენობა (ღირებულება);

ო) საიდუმლო გრაფა – ქონების სახეობა (შინაარსი) და ქონებასთან დაკავშირებული პირის, მისი ოჯახის წევრის ვინაობა, ქონებასთან პირის, მისი ოჯახის წევრის კავშირი, ქონების საბაზრო ღირებულება ან/და ოდენობა;

პ) დეკლარაციის შევსების თარიღი და პირის ხელმოწერა.“.

2. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა დეკლარაციის პირველი გვერდისა და საიდუმლო გრაფისა.“.

4. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 20

1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.

2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს თავმჯდომარე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არა უგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროში წარდგენის შემდეგ. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

3. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

4. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს დეკლარაცია.

5. თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნების ბრალეული დარღვევა, თუ იგი არ არის სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

6. თუ კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენი თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც ასეთი ქმედობისათვის გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან გათავისუფლებისა, წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ კორუფციულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 2 ოქტომბერი.

№311–II