საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 528-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016018
528-IIს
05/04/2013
ვებგვერდი, 12/04/2013
010190030.06.001.016018
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 219-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 219

    1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის ახალ წევრებს პარლამენტი ირჩევს ამ ორგანოთა შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

   2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

     3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

  4. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

    5. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები.

  6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის:

   ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 დღისა;

   ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

  7. კანდიდატურების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

    8. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა, ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, უნდა დაასრულოს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან:

    ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

    ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

    9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.

   10. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან:

    ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

    ბ) 1 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

  11. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა განისაზღვრება ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს.

   12. პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 3 ტურად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-13−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული კანდიდატი გამოვლინდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთანავე, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.

   13. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

    14. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. მე-2 ტურში არჩევისთვის საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა შემდეგი პირობების დაცვით:

   ა) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ  თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;

   ბ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული მხოლოდ 1 წევრი და მე-2 ტურში ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, 1 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;

   გ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული წევრი და მე-2 ტურში ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, 2 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

    15. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით.

   16. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით.

  17. პარლამენტში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 2 ტურად. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-18 და   მე-19 პუნქტებით დადგენილი წესით.

    18. თუ კენჭისყრის პირველ ტურში იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ, არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

    19. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრება დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით დადგენილი წესით.

   20. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

   მუხლი 2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 5 აპრილის საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის    219-ე მუხლით დადგენილი პირობებითა და წესით, იმავე მუხლის მე-6,  მე-8 და მე-10 პუნქტების „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ვადებში.

   მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 5 აპრილის საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 აპრილი 2013 წ.

N528-IIს