დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016560 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანების (სსმ, №55, 18.05.2010) პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. |
| მუხლი 3 |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, ამ წესით რეგულირებული არაანაზღაურებადი საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარადგენს განცხადებას სტაჟირების გავლის თაობაზე. |
| მუხლი 4 |
1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირები) არ უნდა აღემატებოდეს სტრუქტურული ქვედანაყოფის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა 50%-ს.
2. სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტაჟიორთა რაოდენობა აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში. |
თავი II
სტაჟირების კომისია |
| მუხლი 5 |
1. სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია. მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.
2. სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. კონკურსის ფორმას, სტაჟიორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სტაჟირების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს მინისტრი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში. 3. კონკურსის თემატიკას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიხედვით ამტკიცებს მინისტრი. 4. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 3 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე. 5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. 6. კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას, ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის მასალას. 7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები. 10. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. |
| მუხლი 6 |
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. კონკურსის ფორმას, სტაჟიორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სტაჟირების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში. 3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში კონკურსის თემატიკას ამტკიცებს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. |
| მუხლი 7 |
1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო).
2. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან სტაჟირების კომისია ვერ შეარჩევს დადგენილი მოთხოვნების შესაბამის კანდიდატს. |
თავი III
კონკურსის გავლა და სტაჟიორის მიღება |
| მუხლი 8 |
1. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. განცხადების მიღებისა და განხილვის ვადას სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდილი პირებისა, განსაზღვრავს მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდილ პირებში შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. აღნიშნული ვადები მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში. |
| მუხლი 9 |
1. გადაწყვეტილებას კონკურსის წარმატებით გავლის შესახებ იღებს შესაბამისი სტაჟირების კომისია.
2. სტაჟირების კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი იღებს კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სათანადო სტრუქტურული ერთეული, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს. 3. მინისტრის უფლებამოსილება, კომისიის წარდგინების საფუძველზე, ასევე კონკურსის გარეშე პირის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებულ იქნეს მინისტრის მოადგილეზე. |
| მუხლი 10 |
1. მინისტრის მიერ პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნისას სტაჟირების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურულის ქვედანაყოფის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან მინისტრს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორთან გასაუბრება და შეფასება ხორციელდება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 3. გასაუბრების შედეგად სტაჟირების ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათების, სტაჟიორის მოსწრებისა და მის მიერ მიღებული ცოდნის გათვალისწინებით, მიიღება გადაწყვეტილება სტაჟირების წარმატებით გავლის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე. 4. სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით. |
თავი IV
სტაჟირების საერთო პირობები |
| მუხლი 11 |
1. სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და საჯარო სამართლის იურიდილი პირი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მისი უფლებების განხორციელებას. 3. ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულება და განუსაზღვროს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს დაწესებულების და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. |
| მუხლი 12 |
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას; დ) ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს წინადადება მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაყვანის შესახებ. |
| მუხლი 13 |
1. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) სტაჟიორად დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა საფუძვლიანად გაეცნოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ბ) უფლებამოსილების განხორციელებისას განუხრელად იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ; დ) იქონიოს კონტაქტი იმ დაწესებულების მოხელეებთან, სადაც გადის სტაჟირებას; ე) სტაჟირების პერიოდში ხელმძღვანელის ზედამხედველობით აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის მითითებით. სამუშაოს შესრულებას შესაბამის გრაფაში ხელის მოწერით ადასტურებს სტაჟიორის ხელმძღვანელი. პირადი მოსწრების დღიური სტაჟიორმა სტაჟირების ვადის გასვლის მომენტისათვის უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესაჯამებლად. აკრძალულია სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის შენობიდან გატანა. ვ) ყოველდღიურად ხელმოწერით დააფიქსიროს სტაჟირების გავლის ადგილას გამოცხადება და სამუშაო საათების შემდეგ შენობიდან გასვლა. ზ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 2. ხელწერილი სამინისტროს ან დაწესებულების შინაგანაწესი გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს. 3. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი. |
| მუხლი 14 |
1. მინისტრი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაყვანის შესახებ.
2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. |
| მუხლი 15 |
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება. ბ) ამ წესით დადგენილი ნორმების დარღვევა; გ) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟიორის შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. |
| მუხლი 16 |
დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები