,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 20/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.05.001.003.205
  • Word
43
20/06/2008
სსმ, 10, 20/06/2008
010.190.030.05.001.003.205
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.“.

2. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის კომიტეტებია:

ა) აგრარულ საკითხთა;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

გ) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის;

დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;

ვ) ევროპასთან ინტეგრაციის;

ზ) თავდაცვისა და უშიშროების;

თ) იურიდიულ საკითხთა;

ი) რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების;

კ) საგარეო ურთიერთობათა;

ლ) საპროცედურო საკითხთა და წესების;

მ) საფინანსო-საბიუჯეტო;

ნ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;

ო) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის;

პ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.“.

3. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური ოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.“.

4. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში (შემდგომში – პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფი), კომიტეტის წევრთა მინიმალური ოდენობის ორი მესამედის დანიშვნიდან 7 დღის ვადაში.“.

5. 38-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტი თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.

2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ კომიტეტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, მათ უფლება აქვთ წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“.

6. 39-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;

ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;

ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.“.

7. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40

კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

8. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4–მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს.“.

9. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს.“.

10. 87-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.“.

11. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 7 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.“.

12. 89-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.“.

    13. 90-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. თუ ფრაქციაში დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.“.

14. 107-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს.“.

15. 109-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ ქვეპუნქტი:

„ჩ1) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;“.

16. 115-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:

ა) თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს 3 კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას;

დ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს 3 კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში და შექმნილი აქვთ საპარლამენტო ფრაქცია.“.

17. 125-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ ფრაქციის შექმნისას იგი იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს, მის რეგისტრაციას ახორციელებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია.“.

18. 135-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვთ მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრაციაში გატარებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს.“.

19. 142-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ღია კენჭისყრის შედეგები ეჭვს იწვევს, პლენარული სხდომის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მოთხოვნით შეიძლება დაისვას სახელობითი კენჭისყრის ჩატარების საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სათანადოდ მოტივირებული განცხადება კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას იმავე დღეს უფლება არა აქვთ მოითხოვონ სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.“.

20. 188-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს. მისი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს.“.

21. 193-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ არჩევნებში მონაწილეობდა 3 კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ.“.

22. 195-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტები მიმართავენ პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პლენარული სხდომების უახლოესი კვირის დღის წესრიგში. თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, კენჭი ეყრება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

23. 215-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს. საკითხის დასმის შესახებ განცხადება წერილობითი ფორმით წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს შესაბამის პროცედურებს. პარლამენტი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, საკითხი მაშინვე დგება კენჭისყრაზე.“.

24. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 223

დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.“.

25. 226-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 226

პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის ინიციატივით უახლოეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა შეიძლება მიიღოს რეზოლუცია ან სხვა გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შედეგების შესახებ.“.

26. 228-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.“.

27. 266-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 266

პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ რეგლამენტის სისტემატური და უხეში დარღვევისათვის შეიძლება კენჭისყრაზე დადგეს საკითხი მისთვის ოქმში შეტანით შენიშვნის გამოცხადების შესახებ. საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის დ. ბაქრაძე

თავმჯდომარე

თბილისი,

2008 წლის 20 ივნისი.

№43–რს