„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016541
21/ნ
04/02/2013
ვებგვერდი, 05/02/2013
430190000.22.022.016541
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №21/ნ

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებით (სსმ, 07.04.2011წ., სარეგისტრაციო კოდი − 430190000.22.022.016087) დამტკიცებული ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესისა და პირობების” მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდეს ამ წესის პირველი, მეორე და მე-5 მუხლების და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც ამ მუხლითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დადგენილი პროცედურებით გამოთქვამს სურვილს გამოცდებში მონაწილეობის შესახებ და რომელსაც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საგანი დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში;

ბ) გამოცდები ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემდეგი წესის შესაბამისად:

ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით დანიშნოს გამოცდები 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ოთხ საგანში: ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში;

ბ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით თებერვალში დანიშნოს გამოცდები იმ პირებისათვის, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ/არ ჩააბარეს გამოცდები ან იმ პირებისათვის, რომლებმაც ექსტერნატის ფორმით დაძლიეს საშუალო საფეხური ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა  საგანში ან მხოლოდ ამ პუნქტის  ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწილებულ ოთხ საგანში;

ბ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გადაწყვეტილებას თებერვალში გამოცდების დანიშვნის შესახებ იღებს პირველი გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებასა და საჯაროდ გამოცხადებას;

ბ.დ) პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ბრძანების შესაბამისად თებერვლის თვეში ჩატარებულ გამოცდებში და ვერ ჩააბარებს გამოცდას კონკრეტულ საგანში/საგნებში, უფლებამოსილია აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდების ჩაბარების მიზნით გავიდეს ნებისმიერ მომავალში გამოცხადებულ გამოცდებზე;

ბ.ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ჩაატაროს გამოცდები 2013 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მოამზადოს ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისათვის და მისთვის შეიმუშაოს გამოცდის ჩაბარების სპეციალური პროცედურა და  საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ადაპტური ფიზიკური გარემო და ადაპტირებული საგამოცდო მასალის მომზადება.

დ) გამოცდების ჩატარების მიზნით:

დ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა გამოცდების ჩატარების განრიგს უგზავნის რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს განრიგის მიწოდებას სამინისტროსათვის;

დ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლეების/ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას, აგრეთვე იმ პირთა რეგისტრაციას, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; რეგისტრაცია იწყება პირველი გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე და სრულდება პირველი გამოცდის ჩატარებამდე 2 დღით ადრე.

დ.გ) რეგისტრაციის დროს:

დ.გ.ა) მოსწავლე/ექსტერნი რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც სწავლობს  ან  დაძლია,  ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საგანი  საშუალო საფეხურში  შემავალ ყველა კლასში;

დ.გ.ბ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად  ვერ/არ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური;

დ.დ) იმ პირთა თაობაზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომლებმაც 2011 და 2012 წლებში სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გამოცდაზე რეგისტრაციის დროს ეყრდნობა ცენტრის მონაცემთა ბაზებს;

დ.ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების პროცედურებს,  გამოცდების ჩატარების განრიგს და ქმნის საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიებს; მოსწავლის მიერ 2013 წლის 21 მაისის ჩათვლით ნიშნის გამოსწორების მიზნით სემესტრულ გამოცდაზე დაშვების თაობაზე სკოლისათვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის  საგანში/საგნებში მოსწავლისთვის დამატებით დანიშნოს სკოლის გამოსაშვები გამოცდა 2013 წლის 29 მაისის ჩათვლით;

ე) საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. გამოცდის ჩატარების პროცედურების დადგენის დროს განსაზღვრული უნდა იქნეს:

ე.ა) საგნის შესაბამისად ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით გამოცდის  ჩატარების ფორმა და  გამოცდისთვის გამოყოფილი დრო;

ე.ბ) გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები;

ე.გ) გამოცდის მიმდინარეობის დროს არსებული შეზღუდვები;

ვ) გამოცდის ჩატარების პროცესზე მეთვალყურეობის გაწევის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ნიშნავს მეთვალყურეს, ხოლო გამოცდებზე დაკვირვების მიზნით სამინისტრო და რესურსცენტრი უფლებამოსილი არიან დანიშნონ დამკვირვებლები;

ზ) გამოცდების საფუძველზე პირი ფასდება 10-ქულიანი სისტემით და გამოცდა წარმატებით  ჩაბარებულად ეთვლება, თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ საგანში მიიღებს არანაკლებ 5.0 ქულას;

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გამოცდის შედეგებს პირს აცნობებს  შესაბამისი გამოცდის დასრულებიდან არა უგვიანეს 48 საათისა;

ი) გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:

ი.ა) გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები განიხილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანოს – საპრეტენზიო კომისიის მიერ, რომელშიც უნდა იყოს თითოეული საგნის არანაკლებ ერთი პედაგოგი; კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საგამოცდო პროცესში ან პირის შეფასებაში;

ი.ბ) გამოცდაში მონაწილე პირი უფლებამოსილია შესაბამისი გამოცდის შედეგის გამოცხადების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 საათისა შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ი.გ) საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს  24 საათისა;

ი.დ) საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემოთ მოყვანილი  გადაწყვეტილება:

ი.დ.ა) პირის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ი.დ.ბ) პირის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის არშეფასების თაობაზე;

ი.ე) გამოცდის შედეგების გასაჩივრების დროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია პირს მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააცნოს მისი საგამოცდო ნაშრომი. გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული  საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ საკითხის/დავალების შესახებ, რომლის თაობაზეც წარდგენილია საპრეტენზიო განაცხადი. კომისია იხილავს მხოლოდ იმ საკითხის/დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში საკითხზე/დავალებაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება პირის ნამუშევარში შემავალი ყველა საკითხის/დავალების შეფასების სისწორე;

ი.ვ) გამოცდის შედეგთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის შემდეგ  საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ი.ვ.ა) პირის მიერ მიღებული შეფასების შეცვლის თაობაზე;

ი.ვ.ბ) პირის მიერ მიღებული შეფასების უცვლელად დატოვების თაობაზე;

კ) ბოლო გამოცდასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადებზე გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი დღის ვადაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გამოცდების საბოლოო შედეგებს:

კ.ა) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები;

კ. ბ) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები;

ლ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია თებერვლის გამოცდების შედეგები ბოლო გამოცდის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს რესურსცენტრს, რომელიც უზურნველყოფს აღნიშნული მონაცემების სამინისტროსთვის მიწოდებას;

მ)  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გამოცდების საბოლოო შედეგებს, აგრეთვე ჩატარების შემთხვევაში თებერვლის გამოცდების შედეგებს უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას არა უგვიანეს 2013 წლის 20 ივნისისა;

ნ) ამ პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების:

ნ.ა) ელექტრონული ფორმით, ცენტრის მიერ განსაზღვრული სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შევსებას (თითოეული საგნის შესაბამისად) 2013 წლის 5 ივნისამდე უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ნ.ბ) სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდის გაკეთებას, ამონაბეჭდის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაგზავნას 2013 წლის 10 ივნისამდე უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ნ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ცენტრისთვის გადაგზავნას 2013 წლის 15 ივნისამდე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

ო)  პირს უფლება აქვს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ საგანში ამ მუხლის შესაბამისად მიღებული დადებითი შეფასება გამოიყენოს უვადოდ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი