საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 16/01/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016207
  • Word
0
16/01/2013
ვებგვერდი, 16/01/2013
000000000.00.00.016207
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 31, 03.11.2009წ., მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ალბათობის მაღალი ხარისხი წინასასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ თანაფარდ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დამაკმაყოფილებელია სხდომის მოსამართლისათვის, რათა ვარაუდის მაღალი ხარისხით იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.“.

2. კოდექსის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. განმეორებით დაკავების, ბრალის წარდგენისა და მსჯავრდების აკრძალვა

1. დაუშვებელია პირის განმეორებით დაკავება მხოლოდ ერთი და იმავე მტკიცებულებების ან/და ინფორმაციის საფუძველზე.

2. არავის შეიძლება წარედგინოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისათვის იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა.“.

3. 38-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს. თუ ბრალდებული გადახდისუუნაროა და დანიშნული ჰყავს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, ამ მუხლში მითითებული უფლებების განსახორციელებლად გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.“.

4. 39-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება; გამოითხოვოს ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას  ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.“.

5. 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც სასამართლოს შეფასებით აჭიანურებს სასამართლო განხილვას, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით. ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ საკუთარი სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს სასამართლო განხილვას.

4. თუ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, სასამართლო სხდომას გადადებს არა უმეტეს 10 დღის ვადით. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ ადვოკატი კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოში, მოქმედებს ამ მუხლის   მე-3 ნაწილით დადგენილი წესი.“.

6. 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანხმობით დამცველად შეიძლება დაშვებულ იქნეს უცხოელი ადვოკატი. თანხმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარუდგენს თავისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვას, ლიცენზიას, სერტიფიკატს ან სხვა დოკუმენტს სისხლის სამართლის დარგში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების თაობაზე.

3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის გამოკითხვის ოქმების ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.“.

7. 72-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.“.

8. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 73. პრეიუდიცია

1. გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება:

ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი;

ბ) განაჩენი ნასამართლობაზე;

გ) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე საქმის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილი განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის მათ;

დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“.

2. მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.“.

9. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

10. 76-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.“.

11. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 84. დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება

დაცვის მხარის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.“.

12. 85-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.“.

ბ) მე-17 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

13. 91-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას.“.

14. 105-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს:

ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ)  თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;

გ) თუ ქმედება არ არის ბრალეული;

დ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;

ე) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

ვ)  თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

ზ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

თ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო/ან და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;

ი) თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

კ) თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით;

ლ) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);

მ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები და იმავე კოდექსის 164 1 , 339 1 , 348 1 , 203-ე, 221-ე, 236-ე, 260-ე, 339-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებული შემთხვევები);

ნ) თუ ვითარება შეიცვალა.“.

15. 105-ე მუხლის მეორე ნაწილიდან და ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

16. 111-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, ვინც მოცემულ საქმეზე აწარმოებს საქმის გამოძიებას. ამ შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება მის მიერ ასეთი ხარჯების გადახდის შეუძლებლობა.

2. დაცვის მხარის უფლება, მიმართოს შუამდგომლობით სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით, არ ვრცელდება ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე.“.

17. 144-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.“.

18. 195-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან ან, სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს.“;

ბ) მე-5 ნაწილ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების წარმდგენ მხარეს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება სასამართლოს განაჩენთან ერთად.“.

19. 207-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა და/ან მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

2. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა ასევე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე.“.

20. 240-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე.“.

21. 283-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.“.

22. 284-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.

23. 292-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს და/ან მის ადვოკატს.

3. მსჯავრდებულის  ადვოკატს და/ან მსჯავრდებულს, რომლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მის დაუსწრებლად იქნა გამოტანილი, უფლება აქვთ, გაასაჩივრონ განაჩენი მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში. ადვოკატს გასაჩივრების უფლება არ აქვს, როდესაც პირი ძებნილია.“.

24. მე-300 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს და/ან მის ადვოკატს.

3. მსჯავრდებულის  ადვოკატს და/ან მსჯავრდებულს, რომლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მის დაუსწრებლად იქნა გამოტანილი, უფლება აქვთ, გაასაჩივრონ განაჩენი მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში. ადვოკატს გასაჩივრების უფლება არ აქვს, როდესაც პირი ძებნილია.“.

25. 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვთ პროკურორს, მსჯავრდებულს და/ან მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს და/ან მის ადვოკატს. ადვოკატს გადასინჯვის შუამდგომლობის დაყენების უფლება არ აქვს, როდესაც პირი ძებნილია.“.

  მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                         . სააკაშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლთა სრულყოფისა და დახვეწის აუცილებლობით. აღსანიშნავია, რომ დაზუსტებასა და სრულყოფას საჭიროებს „ალბათობის მაღალი ხარისხის“ განმარტება, ერთი და იმავე ქმედებისათვის განმეორებით ბრალის წარდგენის საკითხი, შეჯიბრებითობის პრინციპი, ადვოკატის უფლებები, პრეიუდიცისა და ირიბი ჩვენების საკითხები და სხვ.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლებში არსებული ხარვეზების გამოსწორება, მათი დახვეწა, სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგ მუხლებში. ცვლილების არსი მდგომარეობს შემდეგში:

ალბათობის მაღალი ხარისხი:

პროექტის თანახმად, ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტი და მისი დეფინიცია შევსებულია ისეთი კატეგორიით, როგორიცაა „თანაფარდ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

განმეორებით ბრალის წარდგენის აკრძალვა ერთი და იმავე ქმედებისათვის

პროექტის თანახმად, დაუშვებელია პირისათვის როგორც მსჯავრის დადება, ასევე ბრალის წარდგენა იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისათვის იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა.

შეჯიბრებითობის პრინციპი

პროექტის თანახმად, უქონელი ბრალდებულისა და/ან სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატის მიერ ჩატარებული გამოძიების ხარჯებს სახელმწიფო და ფარავს. 

დაცვის მხარეს ისეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებაც ექნება , როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. ასევე, შეეძლება მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება.

დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებული საგმოძიებო მოქმედება არ შეიძლება ჩაატაროს იმ გამომძიებელმა, რომელიც მოცემულ საქმეზე აწარმოებს გამოძიებას. ამასთან, დაუშვებელია პროკურორის დასწრებაც.

ექსპერტიზის ჩატარების შესახებ როგორც გამომძიებლისა და პროკურორის, ასევე დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულო იქნება არა მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისათვის, არამედ ნებისმიერი საექსპერტო დაწესებულებისათვის.

პროექტის მიხედვით, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ საკუთარი სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს სასამართლო განხილვას, ხოლო თუ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, სასამართლო სხდომას გადადებს არა უმეტეს 10 დღის ვადით.

ადვოკატის უფლებები

პროექტის მიხედვით, დაცვის ქვეშ მყოფისაგან ფორმალური დასტური დაცვი  განსახორციელებლად აღარ იქნება სავალდებულო ადვოკატისათვის. ამასთან, გაფართოვდა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საჩივრის შემტანი სუბიექტების წრე: საჩივრის შეტანის უფლება, მსჯავრდებულთან ერთად, მიეცა მის ადვოკატსაც.

სისხლის სამართლის საქმეში უცხოელი ადვოკატის მონაწილეობის შესახებ კეთდება სპეციალურ დათქმა, რომლის თანახმად, შესაძლებელი იქნება უცხოელი ადვოკატის აყვანა, მაგრამ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანხმობით .

პროექტის მიხედვით უზრუნველყოფილია ადვოკატის უფლება მიიღოს მეორე მხარისგან  გამოკითხვის ოქმები.

მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა

პროექტის თანახმად, თუ სასამართლო იღებს გადაწვეტილებას მტკიცებულებდასაშვებობის საკითხზე, მისი ასეთი გადაწყვეტილება სავალდებულოა რომ იყოს დასაბუთებული.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 პრეიუდიცია

პროექტის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღება აღარ იქნება შესაძლებელი, თუ მას მხარე საეჭვოდ ხდის. ამასთან, თუ მას მხარე საეჭვოდ არ ხდის, ფაქტის პრეიუდიციად მიჩნევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით.

პროექტით გათვალისწინებულია ისიც, რომ მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.

ირიბი ჩვენება

პროექტის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამასთან, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელი იქნება.

ბრალის გამომრიცხველი გარემოებანი, როგორც გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის საფუძვლები

პროექტით შემოთავაზებულ რედაქციაში მითითება კეთდება  გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის საფუძველზე - ბრალის არარსებობაზე. ის განსხვავებულია დღეს მოქმედი რედაქციისაგან, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის საფუძველად ბრალის გამომრიცხველი მხოლოდ ორი გარემოებაა მითითებული: შეურაცხაობა ასაკის ან ფსიქიკური დაავადების გამო.

სასამართლო სხდომის ოქმი

პროექტით სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება სხდომის ოქმი მოამზადოს სხდომის გადადების შემთხვევაშიც.

ჯარიმები სასამართლო პროცესზე

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისთვის, სასამართლო პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის    ჯარიმების მაქსიმალური ზღვარი 5000 ლარიდან ჩამოდის 500 ლარზე, ხოლო დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, გამოიწვევს მისთვის მხოლოდ საპროცესო ხარჯების დაკისრებას.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.

კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);

კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის განსაზღვრა.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში   საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;

კანონპრექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.

ე) კანონპროექტის ავტორი;

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი

საქართველოს მთავრობა.