ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 202-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.016897
202-რს
28/12/2012
ვებგვერდი, 12/01/2013
080050000.05.001.016897
ამნისტიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.

  ამასთანავე, შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიაჩნია, რომ საქართველოში დღეს არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონის შესაბამისად აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას.

    მუხლი 1

  გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

    მუხლი 2

   გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

    მუხლი 3

   გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა: ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (110-ე მუხლი; 111-ე მუხლი; 112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 220მუხლის მე-2 ნაწილი; 2291 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 3421 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 142მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 1433 მუხლის პირველი ნაწილი; 1442 მუხლი; 1443 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641 მუხლი; 1642 მუხლი; 1643 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი; 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია (3691 მუხლის მე-2 ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).

    მუხლი 4

  ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

    მუხლი 5

  1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა და დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

  2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამ პუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).  

    მუხლი 6

   გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

    მუხლი 7

   გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

    მუხლი 8

  1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის  ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

  2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

    მუხლი 9

   გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის    239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

    მუხლი 10

   გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

    მუხლი 11

  1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

  2.  თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).  

  3. დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

    მუხლი 12

  გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირს: 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; მე-200 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2051 მუხლის მე-2 ნაწილი; 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 214-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები; 237-ე მუხლის პირველი ნაწილი; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 240მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 384-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 389-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.

    მუხლი 13

  გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

    მუხლი 14

  გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 263-ე მუხლით.

    მუხლი 15

  გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 303-ე მუხლით.

    მუხლი 16

  ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება.

    მუხლი 17

  პირზე, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 18

   ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

    მუხლი 19

  პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

    მუხლი 20

  ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე, ასევე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე.

    მუხლი 21

   ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული  2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა.

    მუხლი 22

   გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. 

    მუხლი 23

  1. ბრალდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი.

  2. ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

  3. მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

   4. ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით (გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.   

    მუხლი 24

  1. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ აღასრულონ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ამავე კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში. იმავე ვადაში მოხდეს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.

  2. საქართველოს მთავარი პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ ამ კანონის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს ან ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

    მუხლი 25

   ყველა პირს, რომლებზედაც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

    მუხლი 26

  ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების  ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.   

    მუხლი 27

   ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 დეკემბერი 2012 წ.

N202-რს