„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 13/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.050.05.001.003.500
  • Word
1157
27/03/2009
სსმ, 9, 13/04/2009
010.320.050.05.001.003.500
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 მუხლები:

     „მუხლი 21

1. ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურე არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე პირი, რომელიც საქმიანობს სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებულ დაწესებულებაში.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება დამხმარე მოსამსახურე.

    მუხლი 22

1. ამ კანონის მიზნებისათვის, სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებული დაწესებულებებია:

ა) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ფონდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ბ.ა) რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან სხვა საჯარო ფუნქციებს;

ბ.ბ) რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;

ბ.გ) რომელთა შემოსავლის წყარო არის კანონით დადგენილი;

ბ.დ) რომლებიც განკარგავენ მნიშვნელოვან სახელმწიფო ქონებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს და ყოველწლიურად ანახლებს საქართველოს მთავრობა.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

1. ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს.

2. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

3. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52მუხლები:

     „მუხლი 51

ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქრად“ არ ჩაითვლება:

ა) სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო, პრემია;

ბ) „დიპლომატიური საჩუქარი“, რომელიც გადაეცემა საჯარო მოსამსახურეს ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტის დროს პროტოკოლით გათვალისწინებული წესით და რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს;

გ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულების მიერ საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის პირად საკუთრებაში გადაცემული სიმბოლური ნიშანი ან სუვენირი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს და რომელიც მიღებულია ერთი წყაროდან ოფიციალური ღონისძიების ჩატარების დროს;

დ) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც არ წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს;

ე) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება;

ვ) საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა იმ კულტურული ფასეულობებისა, რომლებიც გათვალისწინებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 52

თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ მოთხოვნებს ან/და გარკვეული მიზეზებით (ფოსტით მიღებული საჩუქარი, საჯაროდ გადაცემული საჩუქარი) შეუძლებელი იყო საჩუქრის მიღებაზე უარის თქმა, მაშინ ის ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს მიღებული საჩუქრის დასახელება, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულება/ოდენობა, მიუთითოს მჩუქებლის ვინაობა, ხოლო აკრძალული საჩუქარი სამი სამუშაო დღის ვადაში გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს.“.

6. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1. მამხილებლის დაცვა

    მუხლი 201

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ საჩივრის განმხილველი ორგანოს ინფორმირება საჯარო დაწესებულების, საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ კანონის ან საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესების დარღვევის შესახებ, რამაც ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესებს ან საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;

ბ) საჩივრის განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 202

1. ამ კანონით განსაზღვრული დაცვით სარგებლობს მხილება, რომელიც:

ა) არსებითად შეესაბამება სინამდვილეს და დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით;

ბ) გაკეთებულია კეთილსინდისიერად და იმის შეცნობით, რომ მხილება ხელს შეუწყობს კანონის ან საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესების დარღვევის გამოვლენასა და აღკვეთას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას, და დაცული სიკეთე აღემატება მხილებით გამოწვეულ ზიანს.

2. ამ კანონით განსაზღვრული დაცვით არ სარგებლობს მხილება, თუ:

ა) მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია არსებითად მცდარია, რაც მამხილებლისთვის წინასწარ იყო ან უნდა ყოფილიყო ცნობილი;

ბ) მამხილებელი მოქმედებს პირადი გამორჩენის მიღების მოტივით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაწესებული სპეციალური ჯილდოს გარდა.

    მუხლი 203

1. დაუშვებელია მამხილებლის დაშინება, შევიწროება, მასზე ზეწოლა ან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.

2. დაუშვებელია მოკვლევის დასრულებამდე მამხილებლის წინააღმდეგ დისციპლინური ან ადმინისტრაციული წარმოების, სამოქალაქო პროცესის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მხილების ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით, აგრეთვე მამხილებლის გათავისუფლება ან დროებით ჩამოშორება დაკავებული თანამდებობიდან ან სამუშაო ადგილიდან, ასევე ლიცენზიის, გრანტის, ხელშეკრულების პირობების გაუარესება ან სამართლებრივი ურთიერთობის მოშლა მანამ, სანამ არ დადგინდება მამხილებლის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი.

3. თუ მამხილებლის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესი, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) დისციპლინური დევნა, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესი არ არის დაკავშირებული იმ გარემოებებთან, რომლებშიც მამხილებელი ამხელს მხილებულს;

ბ) ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელებისა და სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოებების გამჟღავნებისგან დაცვისათვის;

გ) ამ მუხლით განსაზღვრული დაცვით სარგებლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობას, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივებას.

4. მამხილებლის წინააღმდეგ სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესის თუ დისციპლინური წარმოების განხორციელებისას საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს, რომ:

ა) მამხილებლის წინააღმდეგ სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესის თუ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ არის მხილების ფაქტი;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები მამხილებლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და პროცესი თანაბრად სამართლიანი იქნებოდა ნებისმიერი სხვა პირის მიმართაც.

    მუხლი 204

განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, როდესაც მამხილებლის ან მხილების საქმეში მოწმის, აგრეთვე მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება საქმეში მონაწილეობის გამო, მამხილებელი და მოწმე უფლებამოსილი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

    მუხლი 205

დაუშვებელია მხილების საჩივრის განხილვა იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მხილების საჩივარი ან რომელიც პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არსებობს სხვა არსებითი, ობიექტური გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის მიუკერძოებლობას.

    მუხლი 206

1. მხილებულს უნდა ეცნობოს მის წინააღმდეგ მიმართული მხილების საჩივრისა და არსებული მტკიცებულებების შესახებ; უნდა მიეცეს მხილების საჩივარზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; მხილებულის პოზიცია უნდა აისახოს საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში.

2. მამხილებლისა და მოწმის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მხილებულს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მამხილებლისა და მოწმის ვინაობის შესახებ.

    მუხლი 207

1. საჩივრის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს უმოკლეს გონივრულ ვადაში, შესაბამისი კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. თუ მხილების საჩივრის განხილვის დასრულების შემდგომ გაირკვა, რომ ჩადენილი დარღვევა შესაძლებელია გახდეს მხილებულისთვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საჩივრის განმხილველი ორგანოები ვალდებული არიან მიმართონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს.

    მუხლი 208

1. თუ მხილების საჩივარი მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს მხილების საჩივრით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების უშუალო ხელმძღვანელს.

2. თუ მხილების საჩივარი მიმართულია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ, მამხილებელს უფლება აქვს მხილების საჩივრით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ზემდგომ თანამდებობის პირს.

    მუხლი 209

1. საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს წერილობით და უნდა შეიცავდეს:

ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას;

ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალს და აღწერას;

გ) გადაწყვეტილების დასაბუთებას.

2. გადაწყვეტილება საჩივარზე არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.

3. დაუშვებელია საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებებს, ფაქტებს, მტკიცებულებებს ან არგუმენტებს, რომლებიც არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი მხილების საჩივრის განხილვის პროცესში.“.

   

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 27 მარტი.

№1157–Iს