დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1132 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/03/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 13/04/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.003.489 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94. პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში
1. სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ:
ა) ადვოკატები;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე;
გ) ერთ-ერთი თანამონაწილე – დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით;
დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
2. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე დავებისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაუშვებელია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის მუშაკი.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 27 მარტი.
№1132–Iს
დოკუმენტის კომენტარები