„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1090
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016704
1090
05/12/2012
ვებგვერდი, 13/12/2012
140010000.08.002.016704
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1090

2012 წლის 5 დეკემბერი

    ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

დ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი);

ე) საფინანსო–სამეურნეო დეპარტამენტი;

ვ) კადრების მთავარი სამმართველო;

ზ) საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო;

თ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;

ი) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

კ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

ლ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;

მ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

ნ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო);

ო) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი;

პ) რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (დეპარტამენტი);

ჟ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი);

რ) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი);

ს) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი);

ტ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.“;

ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:

ა) მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;

დ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი დროული წარდგენის უზრუნველყოფა; საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება;

ზ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მისი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;

თ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულების, მათი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული სანებართვო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ი) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით ოპერატიული დანაყოფების საქმიანობის უზრუნველყოფა, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებების საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

კ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;  დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი მათ შესრულებაზე, დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნულ უშიშროების საკითხებში ოფიცერთა საქმიანობაზე კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება;

ლ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარება, ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, კერძოდ, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემეთვალყურეობის, პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კიბერდანაშაულის გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;

მ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ავტომაგისტრალების პატრულირება, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ნ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთავარი სამმართველო) ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან;

ო) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაცია, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელება;

პ) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის რეფორმირების სტრატეგიული გეგმის შემუშავება; ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მათ საქმიანობაში თანამედროვე მენეჯმენტის ფორმებისა და მეთოდების დანერგვა; კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან მისი ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემაში საზოგადოების თანამონაწილეობის ფორმების შემუშავება სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით; მსოფლიოს საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების მოწინავე პრაქტიკის დანერგვის მიზნით სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საზოგადოებრივი განვითარების ადეკვატურად სამინისტროს სისტემის უწყვეტი და დინამიკური განვითარების გეგმის შემუშავება;

ჟ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;

რ) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის, აგრეთვე კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების განხორციელება;

ს) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;

ტ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.“.

2. ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, განახორციელოს 2012 წლის 31 დეკემბრამდე.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი