„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016504
238/ნ
08/11/2012
ვებგვერდი, 09/11/2012
430210000.22.022.016504
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №238/ნ

2012 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების (ვებპორტალი, 18.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076) პირველი მუხლით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XIX1:

,,თავი XIX1

ქართული ჟესტური ენისა და წერითი მეტყველების  ბილინგვური პროგრამა

ა) შესავალი

        ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის  ჟესტური ენა არის თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის   პრივილეგირებული საშუალება.    ქართული წერითი მეტყველება კი   სასკოლო საგნების, ანუ აკადემიური ცოდნის მიღებისა და სმენიანებთან ურთიერთობის საშუალებაა.  ამდენად,  მათთვის  მნიშვნელოვანია  ქართული ენის ამ ორი განსხვავებული კოდის ცოდნა. მათი დაუფლებით ყრუ და სმენადაქვეითებულნი შეძლებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებასა და საკუთარი   შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზებას.   ამიტომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს ქართული ჟესტურის ენისა და წერითი მეტყველების ბილინგვურად სწავლებას.

 ბ) საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები   

            ქართული ჟესტური ენისა და   წერითი მეტყველების  ბილინგვური პროგრამა  განკუთვნილია  ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის. მისი მიზანია სასკოლო განათლების მთავარი  სახელმწიფო მიზნის განხორციელების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს  აღზრდას ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები თავისუფალი პიროვნებისა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ქართული ჟესტური ენისა და  წერითი მეტყველების   ბილინგვურად სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:

·      ჟესტური ენით კომუნიკაციისა და წერითი მეტყველების (კითხვის და წერის) უნარების განვითარება;

·      ყრუ და სმენიანი საზოგადოების წევრებთან წარმატებული კომუნიკაცია;

·      სხვადასხვა სახის ტექსტის შექმნისა და გაგების უნარის განვითარება;

·      ქართული ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობისა და ფასეულობების პატივისცემა;

·      განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;

·      დადებითი განწყობილების ჩამოყალიბება ყრუთა ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობის მიმართ;

·      პლურილინგვური კომპეტენციის განვითარება.

 გ) საგნის სწავლება დაწყებით საფეხურზე

დაწყებით საფეხურზე ქართული ჟესტური ენისა და   წერითი მეტყველების  ბილინგვური სწავლების აღმზრდელობითი მიზნებია:

·   მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის  ამოქმედება და განვითარება (მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, ლოგიკური აზროვნება და სხვა);

·   დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის მიმართ;

·  სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომელთაგანაც სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება,  წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა.

რაც შეეხება ამ პროგრამის საგანმანათლებლო მიზანს, სწავლის ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციური უნარების ათვისებას ორივე კოდის გამოყენებით:

·    სხვადასხვა ტიპის ტექსტის ჟესტურ ენაზე გაგება და გადმოცემა; 

·    სხვადასხვა სახის წერილობითი ტექსტის შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;

·    სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;

·    სხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი  ტექსტების შეთხზვა.

დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი. სწავლის პროცესში წარუმატებლობის, მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისთვის  სწავლების მეთოდიკაში სხვა ფაქტორებთან ერთად  გასათვალისწინებელია  მოზარდების გონებრივი განვითარების კანონზომიერებები, მათი აზროვნების კონკრეტულ-ხატოვანი და შემოქმედებითი ბუნება და შესათავაზებელია სწავლების სათანადო სტრატეგიები (მაგ:. თვალსაჩინო მეთოდი, მულტისენსორული მეთოდი).

საგნობრივი კომპეტენციები დაწყებით საფეხურზე

I  დონე

მიმართულება 1. ჟესტურ ენაზე  ინფორმაციის მიღება და გაგება-გააზრება

ჟ.ქ. I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და  მარტივი ინსტრუქციების გაგება.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ, ადექი, გამოდი დაფასთან, გაიმეორე, გადაშალე წიგნი და სხვ.);

      ჟ.ქ. I. 2მოსწავლეს შეუძლია  ნაცნობ თემებზე შექმნილი მცირე  ვიდეოდიალოგების გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს სასაუბრო თემას;
  • ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როგორი და სხვ.);
  • განარჩევს მიმიკით გამოხატულ ემოციებს.

ჟ.. I.3.  მოსწავლეს შეუძლია მარტივი აღწერითი ხასიათის ტექსტის გაგება.

   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/მიუთითებს რეალურ საგანზე;
  • ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს მოცემული ნიშან-თვისებების მიხედვით  (მაგ, გრძელი, მოკლე, მაღალი, ყვითელი...) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს/ ხატავს მას;
  • ამოიცნობს  მათ ადგილმდებარეობას (მაგ, აქ/იქ, მაგიდის ქვეშ, ეზოში, ხეზე) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს/ხატავს/განალაგებს მათ.

ჟ.ქ. I.4.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობით ილუსტრირებულ ტექსტს (მარტივი ამბავი, ადაპტირებული  ზღაპარი/მოთხრობა) გაგება. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს პერსონაჟებს,  მიუთითებს მათ სურათზე;
  • ამოიცნობს ტექსტის ერთი მონაკვეთის ძირითად შინაარსს და უკავშირებს მას შესაბამის ნახატს;
  • ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს და მიუთითებს მათ სურათზე (ვინ? რამდენი? რატომ? როგორი? სად? და სხვ.);
  • მოქმედებათა თანმიმდევრობის მიხედვით განალაგებს ამბის გამომხატველ სურათებს.

მიმართულება 2.  ჟესტურ ენაზე  ინფორმაციის გაცემა

ჟ.ქ. I. 5.   მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ინფორმაციის გაცემა-გაზიარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

  • იმეორებს მასწავლებლის მიერ შესრულებულ ჟესტებს;
  • ხუთივე პარამეტრის (ხელების კონფიგურაციის, სხეულთან მიმართებით  ხელის მდებარეობის, ხელის მოძრაობის ტრაექტორიის, ხელისგულების მიმართულებისა და სახის მიმიკის) დაცვით ასახელებს ნასწავლ სიტყვებს;
  • მასწავლებელთან ერთად გადმოსცემს რეპეტიციული ხასიათის ლექსებს, შინაარსს უსადაგებს ჟესტური ენის თანმხლებ სხეულის ენასა   და გამომეტყველებას.

ჟ.ქ.I.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციებზე დაყრდნობით კითხვებზე პასუხი.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასახელებს ილუსტრაციებზე წარმოდგენილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს;
  • ასახელებს მათ რაოდენობას;
  • ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ, გრძელი/მოკლე, მწვანე, წითელი, დაბალი/მაღალი და სხვ. );
  • ასახელებს  მათ ადგილმდებარეობას (მაგ., სკამის ქვეშ, სკამზე, ჩანთაში და სხვა);
  • ასახელებს მათ მოქმედებებს (მაგ., დარბის, ხატავს, თამაშობს).

 

მიმართულება 3. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)

ჟ. ქ. I. 7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ფურცელზე განასხვავებს და გამოყოფს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს – ლოგოს, ილუსტრაციას, სათაურს, ძირითად ტექსტს;
  • ტექსტში პოულობს აბზაცებს;
  • აბზაცში პოულობს სტრიქონს,  სტრიქონში – სიტყვას;
  • ტექსტში პოულობს სასვენ ნიშნებს  (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს).

ჟ. ქ.  I. 8. . მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·     თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს და აკავშირებს შესაბამის ნახატთან და ჟესტთან;

·     სიტყვის ორთოგრაფიულ ხატში გამოკვეთს ნაცნობ ასოს და გამოხატავს მას დაქტილით;

·     ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო ასოებს;

·     სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს/ასოებს;

·     სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს შლის ასოებად და დაქტილებად;

·     სიტყვათა ჩამონათვალში ამოიცნობს მითითებულ სიტყვას.

ჟ. ქ. I.9.  მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·     ცნობს ყველა ბეჭდურ და ნაწერ ასოს და დაქტილით გამოხატავს მათ;

·     სიტყვის შემადგენელ ასოებს/დაქტილებს ამთლიანებს სიტყვებად;

·     კითხულობს დაქტილით ნაცნობ სიტყვებს;

·     მოძრავი ანბანით აწყობს სიტყვებს, ორ- ან სამსიტყვიან წინადადებებს და დაქტილით კითხულობს მათ;

·     კითხულობს სიტყვებს, წინადადებებს და  მცირე  ზომის  საანბანო პერიოდის ტექსტებს.

ჟ. ქ. I. 10.   მოსწავლეს შეუძლია მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·      გადაჭრის საკითხავ ამოცანებს არასიტყვიერ საშუალებებზე დაყრდნობით (მაგ., იპოვე, რომელი წინადადება შეესატყვისება ნახატს; ააკავშირე წარწერა ნახატთან; მონიშნე, მოცემული სამი ნახატიდან რომელს შეესაბამებეს ტექსტი; დაასრულე ნახატი ტექსტის მიხედვით; იპოვე განსხვავება ტექსტსა და ნახატს შორის და სხვ.).

ჟ. ქ.  I.11. მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების გადაწერა.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·    ამოიცნობს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს;

·    ხელის სწორი მოძრაობით გამოწერს  ანბანის ასოებს;

·    იცავს ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს;

·    ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს  სიტყვებს;

·    ასრულებს სახალისო აქტივობებს კითხვისას ნასწავლი სიტყვებისა და ასოების გამოყენებით (კროსვორდის შევსება,  რებუსის ამოხსნა და სიტყვის გადაწერა და სხვ.).

   მიმართულება 4.   ენა

ჟ. ქ. I.12.  მოსწავლეს შეუძლია ჟესტური ენის ზოგიერთი მორფოსინტაქსური ფორმის ამოცნობა და გამოყენება.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განარჩევს და გამოხატავს  საგნის მრავლობითობას (იყენებს ზოგადი სიმრავლის ნიშანს);
  • განარჩევს და იყენებს  პირის ნაცვალსახელებს მხოლობით რიცხვში;
  • განარჩევს პირველ და მეორე პირთა კუთვნილებით ნაცვალსახელებს მხოლობით რიცხვში;
  • განარჩევს და იყენებს ყოფნა/ქონა/ყოლა ზმნათა ფორმებს;
  • განარჩევს და იყენებს მოძრაობის აღმნიშვნელ პანტომიმურ ზმნებს აწმყოსა  და წარსულ დროში (წერა, ხატვა, შენება, ფრენა...);
  • ამოიცნობს და იყენებს ზმნა „სვლის“ კლასის მიხედვით განსხვავებულ ფორმებს;
  • განარჩევს და იყენებს მოქმედების მიმართულების გამომხატველ ფორმებს;
  • ამოიცნობს  სასვენ ნიშნებს  (წერტილს, კითხვით  ნიშანს);
  • ამოიცნობს მოქმედებას ახლანდელსა და  წარსულ დროში;
  • ამოიცნობს და იყენებს ზოგიერთ  ფორმას სივრცეში საორიენტაციოდ.

ჟ. ქ. I.13.  მოსწავლეს შეუძლია წერილობით ტექსტებში ზოგიერთი გრამატიკული ფორმის ამოცნობა და ფუნქციის გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განარჩევს არსებითი სახელების მხოლობითისა და –ებ-იანი მრავლობითის ფორმებს (ბიჭი/ბიჭები...);
  • ამოიცნობს  კუთვნილების გამოხატველ ნათესაობით ბრუნვას (თეას თასი);
  • განარჩევს სამივე პირის ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში;
  • ამოიცნობს  ადგილმდებარეობის გამომხატველ ზოგიერთ თანდებულს;
  • განარჩევს ზმნის მესამე პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის ფორმებს;
  • ამოიცნობს  ზოგიერთი ზმნის სამივე პირის ფორმას მხოლობით რიცხვში.
  •  

    მიმართულება 5.   კოდთა ცვლა/მონაცვლეობა

ჟ. ქ. I.14. მოსწავლეს კომუნიკაციისას შეუძლია ქართული  ჟესტური  ენისა და  ქართული წერითი მეტყველების მონაცვლეობით გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • შესრულებული კითხვითი ამოცანის პასუხს ჟესტურ ენაზე ამბობს (მაგალითად: ასახელებს, რამდენი და რა განსხვავება იპოვა ტექსტსა და სურათს შორს);
  • წაკითხული წინადადების შინაარსს ჟესტური ენით გადმოსცემს;
  • წერით მეტყველებაში ნასწავლ მორფოსინტაქსურ ფორმებს უკავშირებს  ჟესტური ენის შესაბამის  ფორმებს (მაგ., კუთვნილების გამომხატველი ენობრივი საშუალებები და სხვ.). 

მიმართულება 6. კულტურათა დიალოგი

ჟ.ქ. I.15. მოსწავლე ავლენს კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·      აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებსა თუ ტექსტებში ასახულ  კულტურულ და სოციოკულტურულ რეალიებს (ილუსტრაციებზე ასახული ზღაპრის გმირები, დღესასწაული, ნუგბარი - ჩურჩხელა, გოზინაყი, დაბადების დღე და სხვა);

·      აღმოაჩენს და იყენებს ჟესტურ ენაში ადამიანის  სახელის დარქმევის წესს.

 

სარეკომენდაციო შინაარსი

  • წერითი მეტყველების სწავლებისთვის საჭირო ცნებები

ტექსტი, სათაური, აბზაცი, სიტყვა,  ასო, ანბანი, წერტილი, კითხვის ნიშანი.

  • სარეკომენდაციო ლექსიკური თემატიკა
  • ოჯახი;
  • სხეულის ნაწილები;
  •  სამოსი;
  • ამინდი;
  •  წელიწადის დროები;
  •  საკვები, სასმელი;
  • ოთახი, ავეჯი;
  • სათამაშოები;
  •  ცხოველები და ფრინველები;
  •  ყოველდღიური აქტივობები;
  • სასკოლო ნივთები;
  • დაბადების დღე;
  • დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ლექსიკა.

II  დონე

მიმართულება 1. ჟესტურ ენაზე  ინფორმაციის მიღება და გაგება-გააზრება

ჟ.ქ. II. 1.  მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და  მარტივი ინსტრუქციების გაგება.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·   სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., მიპასუხე, გამოდი დაფასთან, გაიმეორე, დახურე ფანჯარა/კარი, გადაშალე წიგნი და სხვ.);

·   ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

 ჟ.ქ. II. 2მოსწავლეს შეუძლია  ნაცნობ თემებზე შექმნილი მცირე ვიდეოდიალოგების გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს სასაუბრო თემას;
  • ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როგორი და სხვ.);
  • ამოიცნობს მარტივ მიზეზს;
  • განარჩევს მიმიკით გამოხატულ ემოციებს.
  • ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებას საგნებისა და მოვლენების მიმართ (მაგ., არ მიყვარს კვერცხი; მიყვარს გაზაფხული);
  • ჟესტური ენის თანმხლებ სხეულის ენაზე დაყრდნობით ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების მნიშვნელობა.

ჟ.. II.3.  მოსწავლეს შეუძლია მარტივი აღწერითი ხასიათის ტექსტის გაგება.

   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/მიუთითებს რეალურ საგანზე;
  • ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს მოცემული ნიშან-თვისებების მიხედვით  (მაგ., გრძელი, მოკლე, მაღალი, ყვითელი...) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს/ ხატავს მას;
  • ამოიცნობს  მათ ადგილმდებარეობას (მაგ., აქ/იქ, ზევით/ქვევით..., ეზოში, ხეზე) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს/ხატავს/განალაგებს მათ.

ჟ.ქ. II.4.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობით ილუსტრირებულ ტექსტს (მარტივი ამბავი, ადაპტირებული  ზღაპარი/მოთხრობა) გაგება. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს პერსონაჟებს,  მიუთითებს მათზე სურათში;
  • ამოიცნობს ტექსტის ერთი მონაკვეთის შინაარსს და უკავშირებს მას შესაბამის ნახატს;
  • ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს და მიუთითებს მათზე სურათში (ვინ? რამდენი? რატომ? როგორი? სად? და სხვ.);
  • ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას;
  • აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
  • განსაზღვრავს მოქმედებათა ადგილს;
  • ამოიცნობს პერსონაჟების დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს.

მიმართულება 2.  ჟესტურ ენაზე ინფორმაციის გაცემა

ჟ.ქ. II. 5.   მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ინფორმაციის გაცემა-გაზიარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

  • ხუთივე პარამეტრის (ხელების კონფიგურაციის, სხეულთან მიმართებით  ხელის მდებარეობის, ხელის მოძრაობის ტრაექტორიის, ხელისგულების მიმართულებისა და სახის მიმიკის) დაცვით ასახელებს ნასწავლ სიტყვებს.
  • მასწავლებელთან ერთად გადმოსცემს რეპეტიციული ხასიათის ლექსებს, შინაარსს უსადაგებს ჟესტური ენის თანმხლებ სხეულის ენასა და გამომეტყველებას.
  •  

ჟ.ქ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·    რეაგირებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე (მაგ.: სხეულის ენით გამოხატავს თანხმობას/უარს; აჩვენებს, რა უნდა; მიუთითებს, ვისია საგანი და სხვ.);

·    თითო სიტყვით უპასუხებს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე ან რეაგირებს სხეულის ენით.

  • ასახელებს მარტივ მიზეზს (იმიტომ, რომ...);
  • მარტივად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საგნის, მოვლენის მიმართ (მომწონს/ არ მომწონს);
  • უპასუხებს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს (მაგ. სად არის? რას აკეთებს? რა აქვს? რა უნდა? და სხვ.).

ჟ.ქ.II.7. მოსწავლეს შეუძლია კითხვების დახმარებით სურათის აღწერა.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს;
  • ასახელებს მათ რაოდენობას;
  • ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ., გრძელი/მოკლე ფეხები, მწვანე, წითელი, დაბალი/მაღალი და სხვ.);
  • ასახელებს, როგორია სხვასთან მიმართებით (მაგ., დათვზე პატარაა, კურდღელზე დიდია...);
  • ასახელებს  მათ ადგილმდებარეობას (მაგ., სკამის ქვეშ, სკამზე, ჩანთაში და სხვა);
  • ასახელებს მათ მოქმედებებს (მაგ., დარბის, ხატავს, თამაშობს).

ჟ.ქ.II.8. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციებზე დაყრდნობით უმარტივესი ამბის გადმოცემა.

  • ილუსტრაციებზე დაყრდნობით გადმოსცემს შესწავლილი ტექსტის მოკლე შინაარსს.
  • თავისი წარმოდგენის მიხედვით ხატავს და საკუთარ ნახატზე დაყრდნობით გადმოსცემს  ამბის დასასრულს.

მიმართულება 3. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)

ჟ. ქ. II. .9. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ფურცელზე განასხვავებს და გამოყოფს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს – ლოგოს, ილუსტრაციას, სათაურს, ძირითად ტექსტს;
  • ტექსტში პოულობს აბზაცებს;

·     ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონების, სტრიქონში – სიტყვების, სიტყვაში კი – ასოებისას;

  • ტექსტში პოულობს სასვენ ნიშნებს  (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს);
  • ითვლის აბზაცში წინადადებების რაოდენობას.

ჟ. ქ. II.10. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·    კითხულობს დაქტილით ნაცნობ და უცნობ სიტყვებს.

·    მოძრავი ანბანით აწყობს სიტყვებს, ორ- ან სამსიტყვიან წინადადებებს და დაქტილით კითხულობს მათ;

·    კითხულობს  წინადადებებს და  მცირე  ზომის   ტექსტებს;

·    შეყოვნებით და წერტილის გამომხატველი დაქტილით მიჯნავს წინადადებებს ერთმანეთისგან.

ჟ. ქ. II. 11.  მოსწავლეს შეუძლია მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·    ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სავარჯიშოების მარტივ ინსტრუქციებს;

·    გადაჭრის საკითხავ ამოცანებს არასიტყვიერ საშუალებებზე დაყრდნობით (მაგ., იპოვე, რომელი წინადადება შეესატყვისება ნახატს; ააკავშირე წარწერა ნახატთან; მონიშნე, მოცემული სამი ნახატიდან რომელს შეესაბამებეს ტექსტი; დაასრულე ნახატი ტექსტის მიხედვით; იპოვე განსხვავება ტექსტსა და ნახატს შორის და სხვ.);

·   ტექსტში მოიძიებს და ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანის გადასაჭრელად (მაგ., შემოხაზე სწორი ვარიანტი;  უპასუხე კითხვებს, ხაზი გაუსვი სათამაშოს აღმნიშვნელ სიტყვებს);

·   მარტივ პრაგმატულ ტექსტში (კალენდარში, გაკვეთილების ცხრილში, საყიდლების სიაში) პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს აქვს მუსიკა, რამდენი გაკვეთილი აქვს სამშაბათს და სხვ.).

ჟ. ქ.  II.12.  მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების გადაწერა.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·   აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს;

·   ხელის სწორი მოძრაობით გამოწერს  ანბანის ასოებს;

·   იცავს ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს;

·   ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს  სიტყვებს;

·   ასრულებს სახალისო აქტივობებს კითხვისას ნასწავლი სიტყვებისა და ასოების გამოყენებით (კროსვორდის შევსება, რებუსის ამოხსნა და სიტყვის გადაწერა და სხვ.).

ჟ.ქ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი საინფორმაციო მიკროტექსტების წერა.

  • ავსებს გაკვეთილების ცხრილს;
  • წერს საყიდლების სიას;
  • სხვადასხვა თემაზე ქმნის მარტივ  სქემატურ ნახატებს თემატური მინაწერებით (მაგ., ჩემი ოჯახი, ჩემი ოთახი, ჩემი სკოლა და სხვა).

            მიმართლება 4.   ენა

ჟ. ქ. II.14.  მოსწავლეს შეუძლია ჟესტური ენის ზოგიერთი მორფოსინტაქსური ფორმის ამოცნობა და გამოყენება.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განარჩევს და გამოხატავს  საგნის მრავლობითობას (იყენებს ზოგადი სიმრავლის ნიშანს);
  • განარჩევს და იყენებს  პირის ნაცვალსახელებს მხოლობით რიცხვში;
  • განარჩევს პირის ნაცვალსახელებს მრავლობით რიცხვში;
  • განარჩევს და იყენებს  პირველ, მეორე და მესამე პირთა კუთვნილებით ნაცვალსახელებს მხოლობით რიცხვში;
  • განარჩევს და იყენებს ყოფნა/ქონა/ყოლა ზმნათა ფორმებს.
  • განარჩევს და იყენებს მოძრაობის აღმნიშვნელ პანტომიმურ ზმნებს აწმყოსა  და წარსულ დროში (წერა, ხატვა, შენება, ფრენა...);
  • ამოიცნობს და იყენებს ზმნა „სვლის“ კლასის მიხედვით განსხვავებულ ფორმებს;
  • განარჩევს და იყენებს მოქმედების მიმართულების გამომხატველ ფორმებს;
  • ამოიცნობს და იყენებს ზოგიერთ  ფორმას სივრცეში საორიენტაციოდ;
  • განარჩევს და გამოხატავს  მოქმედებას ახლანდელ და წარსულ დროში;
  • ამოიცნობს მოქმედებას მომავალ დროში;
  • ამოიცნობს და  იყენებს წერტილისა და კითხვის ნიშნის გამომხატველ ჟესტებს.

ჟ. ქ. II.15.  მოსწავლეს შეუძლია წერილობით ტექსტებში ზოგიერთი გრამატიკული ფორმის ამოცნობა და ფუნქციის გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განარჩევს არსებითი სახელების მხოლობითისა და –ებ-იანი მრავლობითის ფორმებს (ბიჭი/ბიჭები...);
  • ამოიცნობს  კუთვნილების გამომხატველ ნათესაობით ბრუნვას (თეას თასი);
  • განარჩევს სამივე პირის ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში;
  • ამოიცნობს  ადგილმდებარეობის გამომხატველ ზოგიერთ თანდებულს;
  • განარჩევს ზმნის მესამე პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის ფორმებს;
  • ამოიცნობს  ზოგიერთი ზმნის სამივე პირის ფორმას მხოლობით რიცხვში.

    მიმართულება 5.   კოდთა ცვლა/მონაცვლეობა

ჟ. ქ. II.16. მოსწავლეს კომუნიკაციისას შეუძლია ქართული  ჟესტური ენისა და  ქართული წერითი მეტყველების მონაცვლეობით გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ჟესტურ ენაზე მიცემულ ინსტრუქციას წერილობით ასრულებს;
  • წერილობით ტექსტზე დაყრდნობით მიღებულ პასუხს გადმოსცემს ჟესტურ ენაზე  (მაგალითად: ასახელებს, რამდენი და რა განსხვავება იპოვა ტექსტსა და სურათს შორის);
  • ჟესტურ ენაზე დასმულ კითხვებს უპასუხებს წერით ტექსტზე დაყრდნობით;
  • წაკითხული წინადადების შინაარსს ჟესტური ენით გადმოსცემს;
  • წერით მეტყველებაში ნასწავლ მორფოსინტაქსურ ფორმებს უკავშირებს  ჟესტური ენის შესაბამის  ფორმებს (მაგ., კუთვნილების გამომხატველი ენობრივი საშუალებები და სხვ.). 
  •  

მიმართულება 6. კულტურათა დიალოგი

ჟ.ქ. II.17.  მოსწავლეს შეუძლია კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის გამოჩენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·  აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებსა თუ ტექსტებში ასახულ  კულტურულ და სოციოკულტურულ რეალიებს (ილუსტრაციებზე ასახული ზღაპრის გმირები, დღესასწაული, ნუგბარი - ჩურჩხელა, გოზინაყი, დაბადების დღე და სხვა);

·  აღმოაჩენს და იყენებს ჟესტურ ენაში ადამიანის  სახელის დარქმევის წესს.

·  ადარებს ერთმანეთს  ყრუთა/სმენადაქვეითებულთა და სმენიანთა სოციოკულტურულ გარემოს, ზნე-ჩვეულებებს, ქცევის წესებს,  პოულობს მსგავსებასა და განსხვავებებს.

სარეკომენდაციო შინაარსი

  • წერითი მეტყველების სწავლებისთვის საჭირო ცნებები

ტექსტი, სათაური, აბზაცი, სიტყვა,  ასო, ანბანი, წერტილი

  • ლექსიკური თემატიკა
  • ოჯახი;
  • სხეულის ნაწილები;
  •  სამოსი;
  • ამინდი;
  •  კალენდარი: წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები;
  •  საკვები, სასმელი;
  • ოთახი, ავეჯი;
  • სათამაშოები;
  •  ფლორა და ფაუნა;
  •  ყოველდღიური აქტივობები;
  • სწავლა: სკოლა, კლასი, სასკოლო ნივთები, სასკოლო საგნები, სასკოლო აქტივობები;
  • კვირის განრიგი, დღის რეჟიმი;
  • დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ლექსიკა.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი