დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 866 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 19/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016647 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №866
2012 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ
სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით:
1. სტუდენტები, რომლებიც 2012-2013 და შემდგომი სასწავლო წლებისათვის ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ჩაირიცხებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვებენ ან/და ნაწილობრივ მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და საკუთარი სურვილით აიღებენ ვალდებულებას თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობაში გაითვალისწინოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამავე პუნქტში მითითებული პირების დათხოვნა.
6. სტუდენტის მიმართ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული პრივილეგიები არ გავრცელდება, თუ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა მის ამოწურვამდე შეწყდება სტუდენტის მიერ ან სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.
7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები