დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016450 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №361
2012 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1 . „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებით (სსმ III, 30.11.09, №147, მუხლი 1732) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საკონკურსო ტესტის მომზადება
1. ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი.
2. ტესტები შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში კომისიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 19. საკონკურსო ტესტი
1. ტესტი შედგება არა უმეტეს 1 00 კითხვისაგან. შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოსახსნელად აუცილებელია ელემენტარული არითმეტიკული ცოდნა, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს საკითხები, რომლითაც შესაძლებელია კანდიდატის ზოგადი უნარ-ჩვევების შემოწმება.
2. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს არა უმეტეს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
3. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით.
4. ტესტირებისას კანდიდატის ამოცანაა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხი ტესტში და ტესტის თავფურცელში (წერილობითი ტესტირებისას).
5. თუ ტესტსა და ტესტის თავფურცელში (წერილობითი ტესტირებისას) შემოხაზული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათთან არსებული ტესტის თავფურცელში აღნიშნული პასუხი.“.
2. მე -20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტესტირებისათვის კანდიდატს ეძლევა გონივრული ვადა, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია ტესტში შეკითხვების რაოდენობაზე და ეცნობება ტესტირების ჩატარებისას.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წერილობითი ტესტირებისას, კანდიდატს არა აქვს უფლება აუდიტორიიდან გასვლისას თან იქონიოს ტესტი ან აუდიტორია დატოვოს ტესტის ჩაბარების გარეშე. მსგავს შემთხვევაში მისი ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.“.
3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ტესტის დარიგების წესი
1. წერილობითი ტესტირებისას, ტესტირების დაწყების წინ ყოველ კანდიდატს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია ტესტი.
2. წერილობითი ტესტირებისას, კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებულია, ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას გადაეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.“.
4. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სავალდებულო ინსტრუქტაჟის ტექსტს ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ან ტესტირების ორგანიზატორი.“.
5. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით საშვებს გასცემს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო ან ტესტირების ორგანიზატორი.“.
6. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2. მეთვალყურეების დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ან ტესტირების ორგანიზატორი.“.
7. 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა – 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური – ტესტში შემავალი კითხვების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
4. ტესტირების გამსვლელ ქულას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები