დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 13/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016009 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №8
2012 წლის 13 აგვისტო
ქ. ბათუმი
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 7 აგვისტოს №4 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 08/08/2012, 010220020.34.059.016005) დამტკიცებულ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 1. განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება საარჩევნო კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საერთო სამსახურში სამუშაო დღის 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე), გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია – საერთო სამსახური.
განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი.
ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/ მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 7. საჩივრის განხილვის პირობები და წესი
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.
თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს უსკოში .
თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.
მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი, ასევე მითითებულ უნდა იქნეს საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საჩივრის განხილვისათვის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონით დადგენილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.
საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.
მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.
საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.
მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.
საჩივრის განხილვის დროს მხარის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ არის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველი.
უმაღლესი საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარეს მიუთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ა. მიქელაძე
კომისიის მდივანი ქ. ჯიქია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები