დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.038.016127 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №121
2012 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებით (სსმ, 21/ 06/201 2, 010320020.22.038.016119) დამტკიცებული შინაგანაწესის მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.
2. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ შესაბამისი თანხმობით, წარდგენილი უნდა იქნეს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის.
4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
5. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 8. მივლინების წესი
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი.
2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, ასევე მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.
3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით.
4. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ მე-5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრაციული დეპარტამენტი ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები