2012 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურებისა და ახალი ვადების განსაზღვრის წესის შესახებ

  • Word
2012 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურებისა და ახალი ვადების განსაზღვრის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016043
  • Word
25/2012
20/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
010240020.15.008.016043
2012 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურებისა და ახალი ვადების განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 25/2012

201 2ლის 20 ივლისი

. თბილისი

2012 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურებისა და ახალი ვადების განსაზღვრის წესის შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის , 119-მუხლისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე;

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 119-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულმა, 2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველი სამი საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს და აცნობონ პარტიის გადაწყვეტილება 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით:

ა) 2008 წლის 21 მაისის პარლამენტის არჩევნებში მათ მიერ პროპორციული წესით მიღებული ხმების შესაბამისად, „1“; „2“ და „3“ რიგითი ნომრების არჩევის შესახებ;

ან

ბ) 2008 წლის 21 მაისის პარლამენტის არჩევნებში მათთვის მიკუთვნებული რიგითი ნომრების გამოყენების შესახებ.

მუხლი 2. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55-ე დღისა, ცესკოში გაიმართება წილისყრა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების (გარდა პირველი მუხლით განსაზღვრული პარტიებისა) წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 119-ე მუხლის მე-6 პუქტით დადგენილი წესის შესაბამისად. პარტიები წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შესახებ განაცხადებების შემოტანის რიგითობის შესაბამისად.

მუხლი 3. პარტია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობაზე ცესკოში განაცხადის შემოტანის შემდგომ, ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლის შესაბამისად მიეკუთვნა რიგითი ნომერი, მაგრამ ცესკოს თავმჯდომარის მიერ არ გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში ან/და გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია, კარგავს მისთვის მიკუთვნებული რიგითი ნომრის გამოყენების უფლებას.

მუხლი 4. პარტიის მიერ რიგითი ნომრის გამოყენების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, სხვა საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ მათთვის მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

მუხლი 5. 2008 წლის 21 მაისის პარლამენტის არჩევენებში მონაწილე პარტიების მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, ამ პარტიებმა ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

მუხლი 6. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 119-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 37-ე დღისა, ცესკოში გაიმართება წილისყრა საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა მონაწილეობით იმ საარჩევნო ბლოკებისათვის რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით, რომელთაც ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად რიგითი ნომერი არ გააჩნიათ. წილისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული ბოლო რიგითი ნომრის მომდევნო ზრდადობით რიგითი ნომრები.

მუხლი 7. პარტიის/საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები სარგებლობენ მათი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრით.

მუხლი 8. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 119-ე მუხლის მე-8 პუქტით დადგენილი წესის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივი ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს რიგითი ნომრები მიენიჭებათ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 37-ე დღეს. წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ ცესკოს მიერ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული რიგითი ნომრების მომდევნო ზრდადობით რიგითი ნომრები, საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობების შესაბამისად. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შესახებ განცხადებების  შემოტანის რიგითობის შესაბამისად.

მუხლი 9. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 10 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                           ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                          გ. მჭედლიძე