დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 548 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.016110 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №548
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ, №84, 23/06/2006წ. , სარეგისტრაციო კოდი : 010.240.070.22.034.008.796) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე -6 და მე -7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და საქმიანობის ორგანიზება
1. სასაზღვრო პოლიცია – სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის, ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების, სანაპირო დაცვისა და სხვა დაწესებულებების ერთიანი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სასაზღვრო სამსახურის საქმიანობას.
2. სასაზღვრო პოლიციას კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელიც ამავდროულად არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით, მას თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.
3. სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის დერექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სასაზღვრო პოლიციის დირექტორი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს.
4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე , უწყების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ უფროსის მოადგილეები.
5. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.
6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;
ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;
გ) საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო;
დ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
ე) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო;
ვ) ინსპექციის სამმართველო;
ზ) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;
თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ი) ადმინისტრაციული ობიექტების დაცვის სამმართველო;
კ) სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო;
ლ) მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ-ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ექვემდებარებიან და ანგარიშვალდებულნი არიან სასაზღვრო პოლიციის დირექტორის წინაშე.
მუხლი 7. სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილება
1. სასაზღვრო პოლიციის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე სასაზღვრო პოლიციაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის მუშაობას და ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას;
გ) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ერთად;
დ) განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფუნქციებსა და უფლებამოსილებას;
ე) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის კოორდინირებულ მუშაობას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან;
თ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სამართალდამცავ და სამხედრო ორგანოებში; კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო შეთანხმებებს;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების მიზნით;
ლ) სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, რიცხავს, გადააადგილებს, თადარიგში გაჰყავს და ათავისუფლებს პირებს. შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს;
მ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებს, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს;
ნ) თანამშრომელთა მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ღონისძიებებს;
ო) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის პირველად სპეციალურ წოდებებს, აგრეთვე მორიგ სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით;
პ) ანიჭებს რიგგარეშე სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით ;
ჟ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეების უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ;
რ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანის შესახებ;
ს) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის საერთო საკადრო და უწყების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების პოლიტიკას;
ტ) განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში;
უ) განსაზღვრავს და აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელ საქმიანობას;
ფ) ადგენს სასაზღვრო პოლიციის ყოველწლიური მოთხოვნილებების შესაბამისად ყველა სახის კმაყოფაზე საკვები პროდუქტების, სანივთე ქონების, ინვენტარის, შეიარაღების, ტექნიკის, სპეციალური და სტანდარტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სათბობის, საწვავ-საპოხი მასალების, საავიაციო ტექნიკისა და სხვა აუცილებელი მატერიალური ფასეულობების რაოდენობასა და უზრუნველყოფისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;
ქ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების სამსახურებრივ, ადმინისტრაციულ, საფინანსო და სამეურნეო საქმიანობას;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახების წევრთა სოციალური დაცვის საკითხებს;
ყ) ცეცხლსასროლი იარაღით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრით აჯილდოებს და საპატიო წოდებებს ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;
შ) ნიშნავს და აკონტროლებს სასაზღვრო წარმომადგენლების (სასაზღვრო კომისრების) საქმიანობას;
ჩ) შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს პრეზიდენტის მიერ დასამტკიცებლად სასაზღვრო პოლიციის ფორმის ტანსაცმელსა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს;
ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ;
ძ) სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს გადასცეს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისა და ქვედანაყოფის უფროსს;
წ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა შორის.
2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს განახორციელოს ამ ბრძანებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების დელეგირება საკადრო, საფინანსო და საზღვრის დაცვის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში, უფროსის უფლებამოსილებების დელეგირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ . ახლაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები