"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 23/03/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.000.744
  • Word
197
03/10/2000
სსმ, 10, 23/03/1999
010.190.020.04.001.000.744
"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995,  №31-33, მუხ. 671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-8 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს ერთი პარტიული სია და თითოეულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში – პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარადგინოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი.“.

2. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 111. საქართველოს საარჩევნო კომისიების სამართლებრივი აქტები

1. საქართველოს საარჩევნო კომისიების სამართლებრივი აქტებია:

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება და განკარგულება; კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება; კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება; კომისიის თავმჯდომარის განკარგულება.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და მიიღება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. დადგენილებას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. იგი ძალაში შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ.

3. საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულებები ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია და მიიღება (გამოიცემა) ამ კანონითა და საარჩევნო კომისიის დადგენილებებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიები რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რისთვისაც საპარლამენტო არჩევნების წლის არა უადრეს 1 თებერვლისა და არა უგვიანეს 1 ივნისისა (ეს თარიღი მიიჩნევა საარჩევნო პროცესის დაწყების თარიღად) კომისიას უნდა წარუდგინონ პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადება და პარტიის რეგისტრაციის მოწმობისა და წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა (აბრევიატურა), რომლებითაც პარტია მონაწილეობს არჩევნებში (ეს სახელწოდება და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებასა და აბრევიატურას, ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდებასა და აბრევიატურას, რომლებითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ  ამ ბლოკის განცხადება კომისიისთვის უფრო ადრე იყო წარდგენილი, ან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ გამოყენებულ სახელწოდებასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა). განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ვინაობა, პარტიის რწმუნებულის უფლებამოსილების ფარგლები, სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ პარტიას რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავს, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები. პარტიის რწმუნებულს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადების მიღებისთანავე აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს (ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში).

2. პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს 15 ივნისისა უნდა წარუდგინოს:

ა) ან პარტიის განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს პარლამენტში მის წარმომადგენელთა ვინაობა და პარტიულობა (პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც ამ პარტიის წევრია ან უპარტიოა, მაგრამ პარლამენტის წევრად აირჩა ამ პარტიის წარდგინებით და ადასტურებს, რომ პარლამენტში არის მისი წარმომადგენელი). პარლამენტის წევრის ხელმოწერა, რომლითაც იგი ადასტურებს პარლამენტში პარტიის წარმომადგენლობას, დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან პარლამენტის აპარატის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ბ) ან არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ინიციატივის დამადასტურებელი სულ ცოტა 50000 ამომრჩევლის სია, რომელიც შევსებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საბუთების მიღებიდან 20 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს 30 ივნისისა ცენტრალური საარჩევნო კომისია ამოწმებს ამ საბუთებს, მათ შორის, ამომრჩეველთა სიების შევსების სისწორესა და ხელმოწერათა ნამდვილობას, და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს პარტიის რეგისტრაციაში გატარების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ან თუ ამომრჩეველთა სიის შემოწმების შემდეგ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 50000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე პარტიის რწმუნებულს 2 დღეში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და პარტიას 5 დღე ეძლევა დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 15 ივლისისა. პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან არ შეასრულა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა, ან თუ მისი ინიციატივის დამადასტურებელი ამომრჩეველთა სიის შემოწმების შემდეგ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 50000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ან თუ მისი საქმიანობა აკრძალულია კანონის შესაბამისად.

4. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ინიციატივის დამადასტურებელ ხელმოწერათა შეგროვება შეიძლება დაიწყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებისთანავე“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-8 პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-7 პუნქტები:

„5. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებებისა და სხვა საბუთების მიღებისთანავე ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიის რწმუნებულს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

6. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიის რწმუნებულს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი. პარტიას უფლება აქვს ეს განკარგულება მიღებიდან 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება საჩივრის შეტანიდან 3 დღეში უნდა გამოიტანოს. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ხელახლა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაგრამ უახლოესი საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ.

7. ამ მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებსა და რეფერენდუმში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.“.

4. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება „რწმუნებულს კომისია აძლევს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ.“, ხოლო იმავე პუნქტის მეოთხე წინადადებაში სიტყვის „იყოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელწოდება, რომლითაც საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს არჩევნებში,“;

ბ) პირველი და მე-3–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკებად. ბლოკის სახელწოდება და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკის წევრი პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებასა და აბრევიატურას, ან სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებასა და აბრევიატურას, რომლებითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ  ამ ბლოკის განცხადება კომისიისთვის უფრო ადრე იყო წარდგენილი, ან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა. საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი პარტიების რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 24 ივლისისა.“

„3. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საბუთების მიღებიდან 2 დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამოწმებს მათ და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც  წყვეტს საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციაში გატარების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს 2 დღეში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და ბლოკს 5 დღე ეძლევა დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. საბოლოო გადაწყვეტილება შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღეში უნდა იქნეს მიღებული. საარჩევნო ბლოკი რეგისტრაციაში არ გატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან არ შეასრულა ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა.

5. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებებისა და სხვა საბუთების მიღებისთანავე ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკის რწმუნებულს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

6. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ბლოკის რწმუნებულს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი. პარტიას უფლება აქვს ეს განკარგულება მიღებიდან 2 დღის განმავლობაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება საჩივრის შეტანიდან 3 დღეში უნდა გამოიტანოს. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-10 პუნქტები:

„7. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ბლოკს უფლება აქვს დანიშნოს თითო რწმუნებული ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში. ბლოკში გაერთიანებული პარტიების რწმუნებულებს უფლებამოსილება უნარჩუნდებათ მხოლოდ სხვა დონის არჩევნების საარჩევნო კომისიებში, არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი შედეგების შეჯამებამდე. ამავე პერიოდში ბლოკის რწმუნებულს უფლებამოსილება უწყდება.

8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში. ამისთვის არა უგვიანეს 30 აგვისტოსი მან და საარჩევნო ბლოკმა უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც სათანადო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

9. თუ საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია უქმდება.

10. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან 2 დღეში ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს ცნობას მისი რეგისტრაციის შესახებ.“.

5. მე-16 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში რიცხვი „3000“ შეიცვალოს რიცხვით „2000“, რიცხვი „55“ – რიცხვით „70“, სიტყვები „საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში“ – სიტყვებით „სამხედრო ნაწილებში“, ხოლო ბოლო წინადადება – წინადადებებით „ცალკეულ შემთხვევებში, თუ შეუძლებელი გახდა საარჩევნო უბნების შექმნა არა უმეტეს 2000 ამომრჩევლისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის წინადადებითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით შეიძლება შეიქმნას საარჩევნო უბანი 2000-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის. დახურული საარჩევნო უბნების შექმნა აკრძალულია.“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვის „უბნებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „განკარგულებით“, ხოლო სიტყვები „საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში – დისლოკაციის ადგილის მიხედვით, ნაოსნობაში მყოფ გემებზე – გემის მიწერის ნავსადგურის ადგილის მიხედვით საარჩევნო უბნები იქმნება იმავე წესით“ შეიცვალოს სიტყვებით „ნაოსნობაში მყოფ გემებზე, აგრეთვე სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება იმავე წესით გემის მიწერის ნავსადგურისა და სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ძნელად მისადგომ ადგილებში, აგრეთვე სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეების, ხოლო საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ავადმყოფების მიერ ხმის მიცემა იმართება გადასატანი ყუთის მეშვეობით. ძნელად მისადგომ ადგილებსა და სამხედრო ნაწილებში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბანი.“.

6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 18. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

1. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს მხოლოდ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, გარდა იმ პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებული იყო სასამართლოს მიერ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა წევრებისა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა  ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროთა, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა, მოსამართლეებისა, პროკურატურის თანამშრომლებისა, ასარჩევ წარმომადგენლობით ორგანოთა წევრობის კანდიდატებისა, მათი ნდობით აღჭურვილი პირებისა, არჩევნების მონაწილე პარტიების (საარჩევნო ბლოკების) რწმუნებულებისა.

2. საქართველოს საარჩევნო კომისიები შედგება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის (მოადგილეების), კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ირჩევენ (ნიშნავენ) საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები ან მათი პრეზიდიუმები, ამ კანონით განსაზღვრული პარტიები და საარჩევნო კომისიები.

3. საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ან მისი პრეზიდიუმისა და საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული კომისიის წევრის (თავმჯდომარის) უფლებამოსილების ვადა იწყება მისი არჩევისთანავე, ხოლო პარტიის მიერ დანიშნული პირისა – შესაბამისი კომისიისთვის მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან, რომლის ნაცვლადაც იგი დაინიშნა, ან დანიშვნის დღიდან, თუ იგი კომისიის იმ წევრის ნაცვლად დაინიშნა, რომელსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

4. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწურება ამ კანონით დადგენილ ვადაში მისი უფლებამონაცვლის არჩევისთანავე (დანიშვნისთანავე), გარდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირისა, რომლის უფლებამოსილების ვადაც კომისიის წევრად მისი დანიშვნიდან 5 წლის თავზე იწურება.

5. თუ საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე პირმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა) ამ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია (არ დანიშნა) კომისიის წევრი, იგი კარგავს მისი არჩევის (დანიშვნის) უფლებას, და თუ კომისიის შემადგენლობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის წევრებს დადგენილ მინიმუმამდე კომისიის შესავსებად, 5 დღის ვადაში ირჩევს ზემდგომი საარჩევნო კომისია, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

6. თუ ერთსა და იმავე საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრი ერთზე მეტმა პარტიულმა ორგანომ დანიშნა, კომისიის წევრად ზემდგომი ორგანოს მიერ დანიშნული პირი ჩაითვლება.

7. საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება:

ა) ამ კანონის 21-ე, 23-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას – ზემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს კი – თვით ამ კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდება მისი უფლებამონაცვლის დანიშვნისთანავე;

ბ) გადადგომისას – კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირისთვის კი – თვით ამ კომისიას და კმაყოფილდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღისა). ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და კმაყოფილდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დაკავებისას – თავისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს კი – თვით ამ კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (ამ პუნქტში მითითებული პირის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავების დღიდან);

დ) უფლებამოსილების ჩამორთმევისას – კომისიის დადგენილებით, ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული წესით (ამ პუნქტში მითითებული პირის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება კომისიის მიერ დადგენილების მიღების დღიდან);

ე) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;

ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას, გარდაცვალებისას – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ხოლო თვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (ამ პუნქტში მითითებული პირის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების დღიდან).

8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს.“.

7. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მისი შემადგენლობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არაა, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დადგენილება მიიღება დამსწრეთა სულ ცოტა ორი მესამედით, ხოლო განკარგულება – დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკადრო საკითხები წყდება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გამოთქვას განსაკუთრებული აზრი, რომელიც მისი მოთხოვნით ერთვის ოქმს და განსახილველად ეგზავნება ზემდგომ საარჩევნო კომისიას.

4. საარჩევნო კომისიას წარმოადგენს მისი თავმჯდომარე. თუ კომისიას თავმჯდომარე არ ჰყავს ან თუ მას არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება, აგრეთვე თავმჯდომარის წერილობითი დავალებით, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისას კი – მისი პირველი მოადგილე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის თანამშრომლებსაც კომისიის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე. აუცილებლობის შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისივე დადგენილებით შეიძლება შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები (იმავე დადგენილებით განისაზღვრება მათი ფუნქციები და უფლებამოსილების ფარგლები), რომელთა წევრები ინიშნებიან იმავე წესით, როგორითაც აპარატის თანამშრომლები. თუ სამუშაო ჯგუფის წევრები კომისიის წევრები ან მისი აპარატის თანამშრომლები არ არიან, მათ შესრულებულ სამუშაოს უნაზღაურებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

6. საარჩევნო კომისიები განცხადებებს, საჩივრებსა და საბუთებს იღებენ თავიანთ სამუშაო დღეებში 18 საათამდე, გარდა ამ კანონის 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-8 პუნქტები:

„7. საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი განცხადება (საჩივარი), რომელიც ეხება ამ კანონისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებათა მოთხოვნების დარღვევას. მათი მიღებისას სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის (მომჩივნისთვის) მიცემულ ცნობაში აღინიშნება მიღების თარიღი და დრო. საარჩევნო კომისია, აგრეთვე კანონითა და კომისიის დადგენილებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან განიხილონ განცხადება (საჩივარი) და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება მათ გამო, თუ ისინი კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი. მიღებული გადაწყვეტილება მეორე დღესვე უნდა გადაეცეს განმცხადებელს (მომჩივანს).

8. კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება (საჩივარი) მხოლოდ დამსწრეთა სულ ცოტა ორი მესამედის გადაწყვეტილებით.“.

8. მე-20 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები: „ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი არის სახელმწიფო მოხელე. მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.“.

9. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 21. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება არანაკლებ 15 და არა უმეტეს 21 წევრისაგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილისა და კომისიის მდივნისაგან.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 4 წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, საპარლამენტო არჩევნების წლის ივნისში. კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საპარლამენტო ფრაქციას, საპარლამენტო კოალიციას, აგრეთვე პარლამენტის იმ წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებულნი არ არიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა წარდგინებით კომისიის 4 წევრზე მეტი არ აირჩევა. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით ირჩევს პარლამენტი უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში. თავის დადგენილებას პარლამენტი დაუყოვნებლივ აქვეყნებს კანონით განსაზღვრული წესით, აცხადებს რადიოთი და ტელევიზიით.

3. კომისიის 4 წევრსა და პარლამენტის თანხმობით – კომისიის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მათი უფლებამონაცვლენი იმავე წესით ინიშნებიან უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 დღისა და არა უგვიანეს ვადის ამოწურვის წინა დღისა. თუ კომისიის წევრს ან თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, მის უფლებამონაცვლეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 დღეში იმავე წესით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. კომისიის თითო წევრის არჩევის უფლება აქვთ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს საბჭოებს ან მათ პრეზიდიუმებს. კომისიის წევრი 4 წლის ვადით აირჩევა საპარლამენტო არჩევნების წლის ივნისში. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 დღეში ირჩევს უზენაესი საბჭო ან მისი პრეზიდიუმი. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში კომისიის წევრი ორივე ორგანომ აირჩია, კომისიის წევრად უზენაესი საბჭოს მიერ არჩეული პირი ჩაითვლება.

5. კომისიის თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე 5 პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.). კომისიის წევრებს პარტიები ნიშნავენ პარლამენტის არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 90-ე დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა.

6. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის არჩევნების დღიდან 90 დღის შემდეგ კომისიის შემადგენლობაში 15 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა და ამ მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით განსაზღვრულმა პირებმა დადგენილ ვადაში არ აირჩიეს (არ დანიშნეს) კომისიის წევრი, საქართველოს პარლამენტი პირველივე სასესიო კვირის განმავლობაში ირჩევს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 15-მდე შესავსებად. კომისიის ამ წევრის უფლებამოსილების ვადა ისეთივეა, როგორიც იქნებოდა, ის რომ მისი არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე პირს აერჩია (დაენიშნა).

7. პარლამენტის არჩევნების დღიდან არა უადრეს 91-ე და არა უგვიანეს 111-ე დღისა კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და კომისიის მდივანს. მათი არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 15 წევრზე ნაკლებია. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა მხოლოდ კომისიის ის წევრი, რომელიც წარდგენილი იყო საპარლამენტო უმცირესობის მიერ.

8. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.“.

10. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საარჩევნო პროცესის განმავლობაში კომისიის შემადგენლობაში 15 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა, მის შევსებამდე კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „თავისი შემადგენლობის უმრავლესობით“ შეიცვალოს სიტყვით „დადგენილებით“;

ბ.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრულ საკითხთა გადასაწყვეტად, დადგენილებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს და იმავე დადგენილებით განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების ფარგლებსა და ვადას;

გ) განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს; სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 5 წევრს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობასა და მისამართებს;“;

ბ.გ) „დ“ ქვეპუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვა „განკარგულებით“;

ბ.დ) „ე“ ქვეპუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „განკარგულებით ადგენს და“;

ბ.ე) „ვ“, „ზ“, „თ“ და „ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო დარჩენილი ქვეპუნქტები გადაინომროს თანამიმდევრობით;

ბ.ვ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამოწმებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა კანონიერებას, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აუქმებს ან აუქმებს და ცვლის მათ; საგანგებო შემთხვევაში იღებს დადგენილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი ჯგუფისთვის ამ კომისიის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ;“;

ბ.ზ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებს დასაწყისში დაემატოს სიტყვა „დადგენილებით“;

ბ.თ) „ლ“ ქვეპუნქტში სიტყვა „განსაზღვრავს“ შეიცვალოს სიტყვებით „დადგენილებით ადგენს“;

ბ.ი) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ვალდებულებებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისმენს მათ ინფორმაციას;“;

ბ.კ) „ნ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ამტკიცებს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს“ შეიცვალოს სიტყვებით „განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებსა და კენჭისყრისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტის სახეს“, ხოლო სიტყვა „ბიულეტენებით“ – სიტყვებით „ბიულეტენებითა და კონვერტებით“;

ბ.ლ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს სათანადო განკარგულებას (ადასტურებს, აუქმებს, აუქმებს და ცვლის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ბათილად ცნობს არჩევნებს საარჩევნო უბანში, ნიშნავს ხელახალ კენჭისყრას საარჩევნო უბანში, წყვეტს საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და ამომრჩეველთა სიების შემოწმების საკითხს და სხვ.); განკარგულებით ნიშნავს არჩევნების მეორე ტურსა და ხელახალ არჩევნებს საარჩევნო ოლქში; განკარგულებით ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქებსა და საქართველოში; არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 5 დღისა პრესაში აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ და არჩეული პარლამენტის წევრების სიას;“;

ბ.მ) „პ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საჭიროების შემთხვევაში“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში განკარგულებით“;

ბ.ნ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში განკარგულებით ადგენს მის ადგილმონაცვლეს ამ კანონის შესაბამისად;

რ) ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში განკარგულებით ნიშნავს არჩევნებს საარჩევნო ოლქში და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;“;

ბ.ო) „ს“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ვალდებულია განიხილოს განცხადება საარჩევნო ოლქსა და საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების შემოწმების შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ განცხადება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი და თუ მასში აღნიშნული ფაქტის დადასტურება გამოიწვევს პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის მანდატების გადანაწილებას, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას;“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულებს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს; აძლევს სათანადო მოწმობას პარლამენტის წევრობის კანდიდატს;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით გამოსცემს განკარგულებას არჩევნების შედეგების შესახებ;

ე) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ პარლამენტის წევრს, პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს;

ვ) საქართველოს პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებათა შესაბამისად.“.

11. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23. საოლქო საარჩევნო კომისია

1. საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება არანაკლებ 9 და არა უმეტეს 13 წევრისაგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის მდივნისაგან.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს, მათ შორის, თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 4 წლის ვადით, თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოქმედების შესრულებიდან 30 დღეში. თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 27-ე მუხლში აღნიშნულ პირებს. თავის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია 7 დღეში აქვეყნებს ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. კომისიის თითო წევრს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნიშნავს ის 7 პარტია, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში თავისი 5 წევრი მაინც ჰყავთ (მათი პარტიული კუთვნილება განისაზღვრება საარჩევნო რეგისტრაციისას მათი პარტიულობის აღმნიშვნელი ჩანაწერის მიხედვით). თუ ასეთ პარტიათა რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, 7-მდე შესავსებად თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიებს, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკში (ამ შემთხვევაში დანიშვნის უფლება აქვს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას; თუ მან კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.) და ზემოაღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებენ, ხოლო თუ მათი რაოდენობა 7-ზე მეტი აღმოჩნდა, კომისიის წევრებს ის პარტიები ნიშნავენ, რომლებსაც პარლამენტში მეტი წევრი ჰყავთ; თუ წევრთა რაოდენობა ტოლი აღმოჩნდა, უპირატესობა იმ პარტიას ეძლევა, რომელმაც პროპორციულ არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

4. თუ საოლქო საარჩევნო კომისიაში გაჩნდა ვაკანსია და მისი გაჩენიდან 10 დღეში პარტიებმა არ გამოიყენეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლება, ისინი ამ უფლებას კარგავენ, და თუ კომისიაში 9 წევრზე ნაკლები დარჩა, ცენტრალური საარჩევნო კომისია 5 დღეში ირჩევს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 9-მდე შესავსებად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დასრულებიდან 10 დღეში კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს. მათი არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 9 წევრზე ნაკლებია. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა კომისიის წევრი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარტიათა მიერ დანიშნულ წევრთა წარდგინებით, ხოლო თუ ასეთი წევრები არ არიან – კომისიის ნებისმიერი წევრი.

6. საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით აქვეყნებს თავის და ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს მათი შექმნიდან 5 დღეში.“.

12. 24-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვა „განკარგულებით“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 5 წევრს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობასა და მისამართებს;“;

გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო დარჩენილი ქვეპუნქტები გადაინომროს თანამიმდევრობით;

დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ინფორმაციას არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;“;

ე) „კ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ბიულეტენებით“ შეიცვალოს სიტყვებით „ბიულეტენებითა და სპეციალური კონვერტებით“;

ვ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; აქვეყნებს ოლქში არჩევნების საბოლოო შედეგს;“;

ზ) „მ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საჭიროების შემთხვევაში“ შეიცვალოს სიტყვებით „ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით“;

თ) „ო“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ვალდებულია განიხილოს განცხადება საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების შემოწმების შესახებ (ბიულეტენების ხელახლა დათვლა, ამომრჩეველთა სიების შემოწმება და სხვ.) და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ განცხადება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი და თუ მასში აღნიშნული ფაქტის დადასტურება გამოიწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას;“;

ი) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) რეგისტრაციაში ატარებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატს, პარლამენტის წევრობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს, მეთვალყურეებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში აღნიშნული განკარგულების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას არჩევნების შედეგების შესახებ;

გ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს ამ კანონით განსაზღვრულ საბუთებს;

დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებათა შესაბამისად.“.

13. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისია

1. საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება არჩევნებამდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 45-ე დღისა, ხოლო ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში – არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 13 წევრისაგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის მდივნისაგან.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს, მათ შორის, თავმჯდომარეს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 27-ე მუხლში აღნიშნულ პირებს.

3. კომისიის თითო წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნიშნავს ის 7 პარტია, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში თავისი 5 წევრი მაინც ჰყავთ (მათი პარტიული კუთვნილება განისაზღვრება საარჩევნო რეგისტრაციისას მათი პარტიულობის აღმნიშვნელი ჩანაწერის მიხედვით). თუ ასეთ პარტიათა რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, 7-მდე შესავსებად თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიებს, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკში (ამ შემთხვევაში დანიშვნის უფლება აქვს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას; თუ მან კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.) და ზემოაღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებენ, ხოლო თუ მათი რაოდენობა 7-ზე მეტი აღმოჩნდა, კომისიის წევრებს ის პარტიები ნიშნავენ, რომლებსაც პარლამენტში მეტი წევრი ჰყავთ; თუ წევრთა რაოდენობა ტოლი აღმოჩნდა, უპირატესობა იმ პარტიას ეძლევა, რომელმაც პროპორციულ არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

4. თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში გაჩნდა ვაკანსია და მისი გაჩენიდან 5 დღეში პარტიებმა არ გამოიყენეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლება, ისინი ამ უფლებას კარგავენ, და თუ კომისიაში 5 წევრზე ნაკლები დარჩა, საოლქო საარჩევნო კომისია 3 დღეში ირჩევს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 5-მდე შესავსებად. თუ ვაკანსიის გაჩენიდან არჩევნების დღემდე 4 დღეზე ნაკლები დარჩა, საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 5-მდე შესავსებად.

5. არჩევნებამდე არა უადრეს 43-ე და არა უგვიანეს მე-40 დღისა კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს. მათი არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 5 წევრზე ნაკლებია. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა კომისიის წევრი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარტიათა მიერ დანიშნული წევრების წარდგინებით, ხოლო თუ ასეთი წევრები არ არიან – კომისიის ნებისმიერი წევრი.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება მთავრდება საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.“.

14. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – საპარლამენტო ფრაქციას, საპარლამენტო კოალიციას, აგრეთვე პარლამენტის იმ წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებულნი არ არიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში;

ბ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა – შესაბამისად ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა სულ ცოტა ერთ მეექვსედს, აგრეთვე კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის წესდებაც საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ საარჩევნო პროცესის მონიტორინგს ან/და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – საარჩევნო ოლქში მოქმედ რაიონის (თუ ოლქი ქალაქშია – ქალაქის) საკრებულოს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – საარჩევნო უბანში მოქმედ საკრებულოს (თუ უბანი ქალაქშია – ქალაქის საკრებულოს);

დ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენით, თუ მას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 50 ამომრჩეველი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენით, თუ მას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო უბანში მცხოვრები სულ ცოტა 10 ამომრჩეველი.“.

15. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 28. საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შეცვლის წესი

1. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ საფუძველზე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა შეიძლება მისი დამნიშნავი ორგანოს მიერ, არჩევნების (კენჭისყრის) დღემდე არა უგვიანეს 7 დღისა.

3. კომისიის წევრისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის უფლება აქვს ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრისთვის კი – თვით ამ კომისიას ამ პირის მიერ არჩევნების (რეფერენდუმის) შესახებ ორგანული კანონებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებების დარღვევისას ან საარჩევნო კომისიის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას. უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი წყდება კომისიის სხდომაზე, მისი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრის მიერ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების დარღვევა დადასტურდა სასამართლოს მიერ, მისი უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან და იგი ვეღარ დაინიშნება საარჩევნო კომისიის წევრად. უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას კომისიის ახალი წევრი 10 დღეში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ინიშნება ამ კანონის მე-18, 21-ე, 23-ე და 25-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

16. 30-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს სიტყვის „ხარჯების“ წინ დაემატოს სიტყვები „საარჩევნო კომისიების“;

ბ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „თუ ამ დროისთვის ეს თანხა არ ჩაირიცხა, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო გარანტიით აიღოს საბანკო კრედიტი იმ ოდენობით, რომელიც ტოლია დამტკიცებული და ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების სხვაობისა.“;

გ) მე-6 პუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „საარჩევნო კომისიების მიერ“;

დ) მე-8 პუნქტში სიტყვები „ფორმით. მას უნდა ერთოდეს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების დასკვნა“ შეიცვალოს სიტყვებით „ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს მის შემოწმებას საქართველოს კონტროლის პალატის მეშვეობით“;

ე) მე-9 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, სახელმწიფო დაწესებულებები“, მესამე წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „როგორც წესი“ და პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „გამონაკლისი დაიშვება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით.“.

17. 31-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს შესაბამის საარჩევნო ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ თითო პირს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებულ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებსა და თითო მეთვალყურეს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებიდან, რომელთა წესდებებიც საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ საარჩევნო პროცესის მონიტორინგს ან/და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს (თუ წესდების ეს დებულება განცხადების წარდგენამდე ერთი წლით ადრე მაინც არის რეგისტრირებული), აგრეთვე მეთვალყურეებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა სახელმწიფოებიდან, ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებში, საარჩევნო ყუთების დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატების, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დანიშნულ თითო მეთვალყურესაც (პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი და მეთვალყურე ერთდროულად არ შეიძლება იმყოფებოდეს საარჩევნო უბანში). რწმუნებულთა, ნდობით აღჭურვილ პირთა და მეთვალყურეთა უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება ამ კანონით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებითა და საარჩევნო კომისიათა რეგლამენტებით. მეთვალყურეთა რეგისტრაციისა და ჟურნალისტთა აკრედიტაციის შესახებ განცხადება ცენტრალურ ან საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა. კომისიამ გადაწყვეტილება განცხადების წარდგენიდან 3 დღეში უნდა მიიღოს.

2. მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას მეთვალყურეთა დანიშვნის უფლებას ანიჭებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თუ მისი წესდება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ეს გადაწყვეტილება მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო მათ – შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების მეთვალყურის უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს გაერთიანების ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი წარდგინებით, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მეთვალყურისა – მათი რწმუნებულის, ხოლო პარლამენტის წევრობის კანდიდატის მეთვალყურისა – მისივე წარდგინებით. წარდგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს სხდომამდე (კენჭისყრამდე) არა უგვიანეს 2 დღისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში საარჩევნო პროცესის განმავლობაში დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს. კომისიის წევრებსა და დასწრების უფლების მქონე პირებს მკერდზე უნდა ეკეთოთ შესაბამისი მოწმობა, რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს მათი სახელი, გვარი და სტატუსი. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ყველა სხვა პირი გააძევოს კომისიის სხდომიდან და ხმის მისაცემი შენობიდან.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საარჩევნო კომისიების დოკუმენტაცია ღიაა შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გააცნოს არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს შესაბამის საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს. მათი გაცნობის წესი განისაზღვრება შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტით. სხვა პირებისთვის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცნობის ან/და მათი ასლების გადაცემის ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.“.

18. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საარჩევნო უბანში მცხოვრები ამომრჩეველი, რომელიც შეყვანილი არ იყო ამომრჩეველთა სიაში, მასში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და ბინადრობის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე.“.

19. 35-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „კენჭისყრის დაწყებამდე, საუბნო საარჩევნო კომისია მისი თხოვნით ან წარდგენილი პასპორტის ან მისი პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთის საფუძველზე“ შეიცვალოს სიტყვებით „არჩევნების წინა დღის 18 საათამდე, საუბნო საარჩევნო კომისია მისი თხოვნით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და ბინადრობის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე,“, ხოლო წინადადება „მოწმობის მიღებას და სიიდან თავის ამოღებას ამომრჩეველი სიაში ხელმოწერით ადასტურებს.“ – წინადადებებით „მოწმობის გაცემას/მიღებას და სიიდან ამოღებას ამომრჩეველი და კომისიის უფლებამოსილი წევრი სიაში ხელმოწერით ადასტურებენ; სიაში შეიტანება ამომრჩევლის პირადი და მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომრები.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და  მე-5 პუნქტები:

„4. საარჩევნო უბანში მცხოვრები ამომრჩეველი, რომელიც შეყვანილი არ იყო ამომრჩეველთა სიაში, კენჭისყრის დღეს შეჰყავთ მასში საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და ბინადრობის რეგისტრაციის მოწმობის წარდგენისას (მოწმობების ნომრები და პირადი ნომერი შეიტანება სიაში).

5. კენჭისყრის დღეს საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ავადმყოფები, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი ამომრჩევლები და სამხედრო ნაწილებში მყოფი ის ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცეს, შეჰყავთ ამომრჩეველთა სპეციალურ დამატებით სიაში.“.

20. 37-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიული სიებისა და პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კანდიდატთა წარდგენა“;

ბ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

„სიას თან უნდა ერთოდეს იმ კანდიდატთა ჩამონათვალი (გვარი და სახელი), რომლებიც წარდგენილნი არიან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, ამ ოლქების ნომრების მითითებით.“;

გ) მე-6 პუნქტში სიტყვები „შემდეგ არჩევნებამდე არა უგვიანეს  36-ე დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „შემდეგ, არა უგვიანეს 1 სექტემბრისა“, ხოლო სიტყვები „პირადობის მოწმობის ნომერი“ – სიტყვებით „პირადი და პირადობის მოწმობის ნომრები“.

21. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და“;

ბ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს ერთ საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს.“;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არა უგვიანეს 1 აგვისტოსი“, სიტყვის „მისამართი,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულის ვინაობა,“ ხოლო ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ერთ შევსებულ სააღრიცხვო ბარათს საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“;

დ) მე-4 პუნქტში სიტყვა „ბლანკები“ შეიცვალოს სიტყვებით „ბლანკის ნიმუში“;

ე) მე-5 პუნქტში სიტყვები „არჩევნებამდე არა უგვიანეს 36-ე დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „არა უგვიანეს 10 აგვისტოსი“.

22. 39-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხარდამჭერთა ბლანკის ნიმუშს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბლანკში აღნიშნული უნდა იყოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების წელი (აგრეთვე თვე და რიცხვი, თუ მას 18 წელი მიმდინარე წელს უსრულდება), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, საცხოვრებლის მისამართი (რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და დადასტურებული უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერით. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შემგროვებლის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და დადასტურებული უნდა იყოს მისი ხელმოწერით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად, მასში სიტყვები „თოთხმეტი დღის ვადაში. ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმება და მათ შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება მთავრდება ოლქში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის დამთავრების წინა დღეს“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიებზე – 10 დღეში“ და პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „პარტიისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები მოწმდება შესაბამისად პარტიის რწმუნებულისა და კანდიდატის წარმომადგენლის თანდასწრებით.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად.

23. მე-40 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 პუნქტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. ამ კანონის 37-ე მუხლში აღნიშნული საბუთების მიღებიდან 5 დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამოწმებს ამ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს პარტიული სიისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაციაში გატარების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს 2 დღეში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და პარტიას, საარჩევნო ბლოკს 5 დღე ეძლევა დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა მათი წარდგენიდან 2 დღეში ხდება. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად დგება და კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ ერთი მათგანი დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. ამ კანონის 38-ე მუხლში აღნიშნული საბუთების მიღებიდან 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია ამოწმებს ამ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულს 2 დღეში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და საინიციატივო ჯგუფს 3 დღე ეძლევა დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა მათი წარდგენიდან 2 დღეში ხდება. რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“;

გ) მე-4 პუნქტში სიტყვების „კანდიდატად კენჭისყრაზე,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „თუ შესაბამისი საარჩევნო პროცესების ვადები ერთმანეთს კვეთენ,“, სიტყვები „ან სხვადასხვა პარტიის ან საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით კენჭისყრაზე, ან სხვადასხვა საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე“ შეიცვალოს სიტყვებით „ან სხვადასხვა პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით კენჭისყრაზე, ან სხვადასხვა საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, ან პარტიული სიითა და ამომრჩეველთა მიერ წარდგენილ კანდიდატად კენჭისყრაზე“ და პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ხოლო საინიციატივო ჯგუფის  რწმუნებულს – საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი.“;

დ) მე-10 პუნქტში სიტყვები „არჩევნებამდე არა უგვიანეს 45-ე დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „არა უადრეს 12 და არა უგვიანეს 14 აგვისტოსი“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს იგივე რიგითი ნომერი ენიჭება, რაც მის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს აქვს. დანარჩენ კანდიდატთა რიგითობა წილისყრით დგინდება. წილისყრის წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია და იგი 12-დან 15 სექტემბრამდე იმართება.“.

24. 42-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა „დადგენილებით“ შეიცვალოს სიტყვით „განკარგულებით“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩაითვალოს მე-5 პუნქტად და მისი მე-3 და მე-4 წინადადებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ბიულეტენთა გადაცემისას 2 ცალად დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ბიულეტენთა გამცემი და მიმღები საარჩევნო კომისიების დასახელება, გადაცემულ ბიულეტენთა სახეობა, ნომრები და სრული რაოდენობა. ოქმს ხელს აწერენ ბიულეტენთა გამცემი და მიმღები პირები (ოქმის თითო ცალი შესაბამის კომისიებს გადაეცემა).“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და  მე-4 პუნქტები:

„3. საარჩევნო ბიულეტენთა ზუსტი აღრიცხვისთვის თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება და თანამიმდევრობითვე ას-ას ცალად იკინძება; რიგითი ნომერი ბიულეტენის ყუაზე იბეჭდება, ხოლო საარჩევნო უბნის ნომერი – ყუაზე და თვით ბიულეტენზე; ყოველ შეკვრას აქვს თავფურცელი, რომელზედაც დაბეჭდილია გრაფები საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრებისა და დასახელებების, შეკვრაში არსებულ ბიულეტენთა რიგითი ნომრების აღნიშვნის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბიულეტენთა მიღების თარიღის აღნიშვნისა და ბიულეტენთა გამცემი და მიმღები პირების ხელმოწერისთვის, აგრეთვე გრაფა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, როგორც წესი, მისი მოადგილის, კომისიის მდივნისა და იმ წევრის ხელმოწერისთვის, რომელსაც ეს შეკვრა გადაეცა. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი რეგულირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით.

4. საარჩევნო უბნისთვის გადაცემულ ბიულეტენთა რაოდენობა შეესაბამება უბანში არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ასის ჯერადობით (ზედმეტობით), მაგრამ არც ერთი შეკვრა არ იყოფა.“.

25. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია ჰყავდეს იმდენი ნდობით აღჭურვილი პირი, რამდენი უბანიცაა მის საარჩევნო ოლქში. ნდობით აღჭურვილი პირი კანდიდატის წარმომადგენელია საარჩევნო ურთიერთობაში.“.

26. 46-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ცენტრალური საარჩევნო კომისია თანხმობას იძლევა განკარგულებით, რომელიც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.“.

27. 47-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება „აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალურად აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისთვის ხელის შეშლა. ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჭერქვეშ და მიტინგზე, რომელიც იმართება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, შენობებზე, რომლებიც უკავიათ სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, საგზაო ნიშნებზე. ქალაქის, დაბის, თემისა და სოფლის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ საზოგადოებრივ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებით (ასეთ შენობათა ჩამონათვალი მათ არჩევნებამდე 50 დღით ადრე მაინც უნდა გამოაქვეყნონ), აგრეთვე მათი იმგვარად დადგმა, რომ მათ საშიშროება შეუქმნან მოძრაობის უსაფრთხოებას. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებულნი არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. აკრძალულია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის განლაგებული. პარტიები, საარჩევნო ბლოკები, პარლამენტის წევრობის კანდიდატები ვალდებულნი არიან არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამებიდან 10 დღეში უზრუნველყონ თავიანთი პლაკატების ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება დაეკისროთ ჯარიმა.“;

გ) მე-7 პუნქტს დასაწყისში დაემატოს შემდეგი წინადადება: „საარჩევნო აგიტაცია წყდება არჩევნების წინა დღის 24 საათზე.“;

დ) მე-8 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების (საარჩევნო ბლოკების) საარჩევნო რეგისტრაციის ვადის გასვლის მომდევნო დღიდან სახელმწიფო ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით, უფასოდ გამოყონ ყოველდღიურად 3 საათი საეთერო დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის.“;

ე) მე-10 და მე-11 პუნქტებში სიტყვები „საარჩევნო კამპანიის პერიოდში“ შეიცვალოს სიტყვებით „არჩევნების დღის დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე“;

ვ) მე-12 პუნქტში სიტყვების „გადასცენ ამომრჩევლებს“ წინ დაემატოს სიტყვები „პირადად ან ვინმეს მეშვეობით“.

28. 49-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტში სიტყვები „საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში“ შეიცვალოს სიტყვებით „სამხედრო ნაწილებში“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. აკრძალულია კენჭისყრის გამართვა არჩევნების დღემდე ან მის შემდეგ, გარდა ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ხელახალი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევებისა.“.

29. 50-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „საარჩევნო ყუთები. საარჩევნო ყუთები ისეთნაირად იდგმება, რომ ამომრჩეველი მათთან მისვლისას აუცილებლად გადიოდეს ფარული კენჭისყრის კაბინებს ან ოთახებს“ შეიცვალოს სიტყვებით „გამჭვირვალე საარჩევნო ყუთები. საარჩევნო ყუთი ისე უნდა დაიდგას, რომ მას ხედავდნენ მეთვალყურენი“;

ბ) მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ხმის მისაცემ შენობაში შეიძლება იმყოფებოდნენ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის, ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, აგრეთვე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) რწმუნებული, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი ან მეთვალყურე (ერთდროულად – მხოლოდ ერთ-ერთი), კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეთვალყურენი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტებული წარმომადგენლები.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არჩევნების დღეს, კენჭისყრის დაწყებამდე, კომისიის წევრებისა და დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ძირითადი სიის მიხედვით, ამოწმებს და აცხადებს მიღებულ ბიულეტენთა რაოდენობას, ამოწმებს და პლომბავს ან ლუქავს საარჩევნო ყუთებს, რის შემდეგაც ყუთებში უშვებენ საკონტროლო ფურცელს, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ კომისიის წევრები და ხმის მისაცემად მისული პირველი ამომრჩეველი; საკონტროლო ფურცელზე აღინიშნება ყუთში მისი ჩაშვების დრო. ამის შემდეგ იხსნება დაბეჭდილი პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ბიულეტენების მარკირებისთვის განკუთვნილი ბეჭედი. კომისიის იმ წევრებს, რომლებსაც ევალებათ ბიულეტენების გაცემა, გადაეცემათ ბიულეტენების თითო შეკვრა, რაც შეკვრის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და შეკვრის მიმღების ხელმოწერებით დასტურდება.“;

დ) მე-5 პუნქტში სიტყვა „ბიულეტენებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტს“;

ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-8 პუნქტი ჩაითვალოს მე-7 პუნქტად და მას ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები: „თუ ასეთი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და თავისუფლების აღკვეთის ადგილი ერთსა და იმავე დასახლებულ პუნქტშია, თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაცია ამის შესახებ აცნობებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქისა და ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის ბიულეტენები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის ბიულეტენი და კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს თავისუფლების აღკვეთის ადგილი.“;

ზ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის პლომბის (ლუქის) მთლიანობა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კანონის დარღვევა, კომისიის გადაწყვეტილებით ყუთი ხელახლა იპლომბება (ილუქება) და კენჭისყრა ჩვეულებრივად გრძელდება; თუ კომისია მიიჩნევს, რომ პლომბის (ლუქის) მთლიანობის დარღვევა გამოყენებულ იქნა კანონის დარღვევით ყუთში ბიულეტენების ჩასაყრელად, იგი შეაჩერებს კენჭისყრას, ყუთიდან ამოიღებს ყველა ბიულეტენს (ეს ბიულეტენები ერთად იკვრება და ბათილად ითვლება), ხელახლა დალუქავს ყუთს და ამ კანონით დადგენილი წესით განაახლებს კენჭისყრას. ამ პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კომისია გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

30. 51-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის პროცედურა ტარდება შემდეგი წესის დაცვით:

ა) მიღებული ბიულეტენები და სპეციალური კონვერტი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით დადგმულ მაგიდასთან, სადაც ისინი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრის ხელმოწერით, რომელთაც ირჩევს თავმჯდომარე, მათ შორის, ერთს – მოადგილის წარდგინებით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან დანიშნულ წევრთაგან, და მარკირებისთვის განკუთვნილი კომისიის ბეჭდით;

ბ) ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში, ავსებს ბიულეტენებს და დებს სპეციალურ კონვერტში. ბიულეტენის შევსებისას ამომრჩეველი შემოხაზავს იმ პარტიის (საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატის) რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას;

გ) ამომრჩეველი მიდის საარჩევნო ყუთთან და მასში უშვებს კონვერტს. ყუთთან ერთდროულად მხოლოდ ერთი ამომრჩეველი შეიძლება მივიდეს;

დ) უშუალოდ საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს კომისიის ერთ-ერთი წევრი;

ე) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩასაშვები ჭრილი უნდა დაილუქოს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-4 და მე-5 პუნქტებად.

31. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 52. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საარჩევნო უბანში

1. კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი თანამიმდევრობა (ქვემოთ აღწერილი პროცედურა ცალ-ცალკე ტარდება სხვადასხვა სახის ბიულეტენებისთვის):

ა) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტებად კრავს:

ა.ა) ბიულეტენების გამოუყენებელ პაკეტებსა და იმ პაკეტებს, რომლებშიც გამოუყენებელი დარჩა ერთი ან რამდენიმე ბიულეტენი (ასეთ შემთხვევაში პაკეტის თავფურცელზე იწერება გამოუყენებელ ბიულეტენთა რაოდენობა);

ა.ბ) გაფუჭებულ ბიულეტენებს;

ბ) თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ კომისიის თავმჯდომარემ (ან მისმა მოადგილემ) და მდივანმა. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ოქმებში უნდა ჩაიწეროს მიღებულ, გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა;

გ) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნების მონაწილეთა ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთაც ხელი მოაწერეს ამომრჩეველთა სიაში. იმავე ოქმში უნდა ჩაიწეროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, მათ შორის, მათი რაოდენობა ძირითად და დამატებით სიებში;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე პლომბის (ლუქის) მთლიანობას. თუ მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კანონის დარღვევა, კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება, გაგრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩვეულებრივი პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო უბანზე არჩევნები ბათილად ჩაითვლება, ყუთები დაილუქება და კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას;

ე) პლომბის (ლუქის) შემოწმების შემდეგ ჯერ გაიხსნება ძირითადი ყუთი და შემოწმდება მასში საკონტროლო ფურცლის არსებობა, შემდეგ ირევა ძირითად და გადასატან ყუთებში არსებული ბიულეტენები და მოწმდება მეორე საკონტროლო ბარათი. ამის შემდეგ სრულდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროცედურა. თუ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, მასში არსებული ყველა ბიულეტენი ბათილად ითვლება. ისინი დაუთვლელად იკვრება ერთ ან რამდენიმე შეკვრად, ილუქება და დგება სათანადო ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი პროცედურის დასრულების შემდეგ კომისია ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) კომისია თავის წევრთაგან გამოყოფს სამ მთვლელს, მათ შორის, ერთს მაინც იმ პარტიათა მიერ დანიშნულ წევრთაგან, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი საპარლამენტო უმრავლესობაში (მთვლელები პერიოდულად შეიძლება შეიცვალონ), რომლებსაც განცალკევებით დადგმულ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები. ამ მომენტიდან დაწყებული, ბიულეტენების დათვლის მთელი დროის განმავლობაში კომისიის დანარჩენი წევრები და ყველა დამსწრე ამ მაგიდიდან მოშორებით, მაგრამ ისეთ მანძილზე უნდა იდგნენ, რომ შეძლონ დათვლის პროცესის გაკონტროლება;

ბ) მთვლელები საარჩევნო ყუთიდან მაგიდაზე გადმოყრიან კონვერტებს. პირველი მთვლელი კონვერტიდან იღებს ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, ხოლო მეორე სახისას – მესამე მთვლელს; ცალ-ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული ბიულეტენები, აგრეთვე ის ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული; კონვერტის გარეშე არსებული ბიულეტენები ბათილად ითვლება; თუ კონვერტში დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ყველა ბათილად ითვლება, დაეწერება „ბათილია“ და ცალკე ეწყობა. მეორე და მესამე მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ ბიულეტენებს თითოეული პარტიისა (საარჩევნო ბლოკისა) და თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების შესაბამისად;

გ) ყველა ბიულეტენის დანაწილების შემდეგ ჯერ მოწმდება ის ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული ბიულეტენები ემატება შესაბამის დასტებს, ბათილად მიჩნეული კი – ბათილად ცნობილი ბიულეტენების დასტას. შემდეგ დაითვლება დაუდგენელი ნიმუშის, შემდეგ კი – ბათილად ცნობილი ბიულეტენები (სახეების მიხედვით) და ცალ-ცალკე დასტებად იკვრება. ყოველი დასტა იმგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს დასტიდან ბიულეტენის ამოღება ან მასში ჩადება. დასტას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა და სახე;

დ) შემდეგ ითვლება თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების რაოდენობა (ყოველი 50 ბიულეტენი ლითონის შემკერით იკვრება და ყველა, როგორც სრულ, ისე არასრულ შეკვრას უკანა მხრიდან დაეწერება შეკრული ბიულეტენების რაოდენობა) და ეს ბიულეტენები ცალკე დასტად იკვრება; დასტას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატის სახელი და გვარი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;

ე) შემდეგ ითვლება თითოეული პარტიისთვის (საარჩევნო ბლოკისთვის) მიცემული ხმების რაოდენობა (ყოველი 50 ბიულეტენი ლითონის შემკერით იკვრება და ყველა, როგორც სრულ, ისე არასრულ შეკვრას უკანა მხრიდან დაეწერება შეკრული ბიულეტენების რაოდენობა) და ეს ბიულეტენები ცალკე დასტად იკვრება; დასტას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) დასახელება, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;

ვ) დათვლის შედეგი ჩაიწერება იმავე ოქმებში: ერთში აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მეორეში კი – თითოეული პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა; ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და ყველა დამსწრე წევრი.

3. კენჭისყრის შედეგები შეიტანება 2 ოქმში (ერთი დგება პარტიული სიებით, ხოლო მეორე – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით საარჩევნო უბანში ჩატარებული არჩევნების შედეგის აღსაწერად), რომლებშიც აღინიშნება საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, ამომრჩეველთა რაოდენობა ძირითად სიაში, ამომრჩეველთა რაოდენობა დამატებით სიაში, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა (იგი ტოლია ამომრჩეველთა სიებში მათი ხელმოწერების რაოდენობისა, იმ ამომრჩეველთა გამოკლებით, რომელთაც მიეცა ხმის მიცემის უფლების მოწმობა), მიღებულ, გამოუყენებელ, გაფუჭებულ და საარჩევნო ყუთში აღმოჩენილ დადგენილი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა, აგრეთვე ბათილად ცნობილ და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა, ყოველი კანდიდატის (მეორე ოქმში – ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის) დასახელება და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ორივე ოქმს ხელი უნდა მოაწეროს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი. თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მისი მოთხოვნით, წერილობით გამოხატული მისი განსაკუთრებული აზრი ოქმს უნდა დაერთოს. თუ კომისიის რომელიმე დამსწრე წევრმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ეს ფაქტი ოქმში უნდა აღინიშნოს.

4. ამ მუხლში მითითებული ოქმების ორ-ორი ცალი ამავე მუხლში აღნიშნულ პაკეტებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, ხოლო თითო ცალი დაუყოვნებლივ გადაეცემა ყოველი პარტიის (საარჩევნო ბლოკის) რწმუნებულს (ან მეთვალყურეს) და ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მონაწილე ყოველ კანდიდატს (მისი ნდობით აღჭურვილ პირს ან მეთვალყურეს). ოქმის მიღება ამ პირებმა სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

5. დადგენილი ნიმუშის ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, თუ მას ან იმ კონვერტს, რომელშიც ბიულეტენი იდო, დასმული არა აქვს მარკირების ბეჭედი ან დადგენილი რაოდენობის ხელმოწერები, ან თუ შეუძლებელია დადგინდეს, რომელ პარტიას (საარჩევნო ბლოკს) ან კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა, ან თუ კონვერტში დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ან თუ კონვერტი დადგენილი სახის არ არის, ან თუ ბიულეტენები ყუთში კონვერტის გარეშე აღმოჩნდა, ან თუ ბიულეტენი სხვა საარჩევნო უბნისთვის იყო განკუთვნილი.

6. ბათილად ცნობილ ბიულეტენებზე მთვლელი აწერს „ბათილია“, მათ ხელს აწერს სამივე მთვლელი, ისინი ცალკე პაკეტად იკვრება და დგება სათანადო ოქმი.

7. სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთს, ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში აღწერილ პროცედურას და ლუქავს ამომრჩეველთა სიას. საარჩევნო ყუთი, ამომრჩეველთა სია და დალუქული ბიულეტენები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც შემდგომ პროცედურებს ასრულებს გადასატანი ყუთისთვის დადგენილი წესით. ამ ორი უბნის შედეგები ერთი ოქმით ფორმდება.“.

32. 53-ე მუხლის პირველი და მე-5 – მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია ამ კანონის 52-ე მუხლში მითითებული ოქმების საფუძველზე ადგენს 2 ოქმს (ერთს ­– მრავალმანდატიანი, ხოლო მეორეს – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქისთვის), რომლებშიც აღინიშნება საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა, მიღებულ, გამოუყენებელ, გაფუჭებულ და საარჩევნო ყუთში აღმოჩენილ დადგენილი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა, აგრეთვე ბათილად ცნობილ და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა, ყოველი კანდიდატის (მეორე ოქმში – ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის) დასახელება და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ორივე ოქმს ხელი უნდა მოაწეროს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი. თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მისი მოთხოვნით, წერილობით გამოხატული მისი განსაკუთრებული აზრი ოქმს უნდა დაერთოს. თუ კომისიის რომელიმე დამსწრე წევრმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ეს ფაქტი ოქმში უნდა აღინიშნოს.“

„5. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოქმების თითო ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების თითო ცალთან ერთად, არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა გადაეცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, ხოლო თითო ცალი დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიების (საარჩევნო ბლოკების) რწმუნებულებს და ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მონაწილე კანდიდატებს (ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს). ოქმის მიღება ამ პირებმა სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

6. განცხადება საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე და მასში უნდა აღინიშნოს: განცხადების შედგენის თარიღი; შემდგენის სახელი, გვარი და მისამართი; საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი; დარღვევის ჩადენის დრო და არსი; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართი; დამრღვევის სახელი, გვარი და მისამართი (თუ მოხერხდა მისი დადგენა); დამრღვევის ახსნა-განმარტება (თუ მოხერხდა მისი აღება); სხვა დამატებითი ინფორმაცია. განცხადება კენჭისყრის დროს დაშვებული დარღვევის თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს საარჩევნო ყუთის გახსნამდე, ხოლო განცხადება კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაშვებული დარღვევის შესახებ – შედეგების ოქმის შედგენამდე; ამ განცხადებათა ასლები შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიასაც, მაგრამ არა უგვიანეს კენჭისყრის მომდევნო დღის 20 საათისა. განცხადებათა რეგისტრაციის ჟურნალი იხურება კომისიის წევრთა ხელმოწერით.

7. საუბნო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას თავის ახსნა-განმარტებასთან ერთად გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს კენჭისყრის მომდევნო დღის 20 საათისა.

8. საოლქო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას 2 დღეში განიხილავს და თავის მოსაზრებას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებიდან 2 დღეში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც გადაწყვეტილება განცხადების მიღებიდან 3 დღეში უნდა მიიღოს.“.

33. 54-ე მუხლის მე-5 და მე-9–10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასა და არჩევნების მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, თითოეული პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, არჩევნების მონაწილეთა 7 პროცენტს (7 პროცენტად ჩაითვლება მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი), არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. წერილობითი საჩივრის ან საარჩევნო კომისიის წევრის განსაკუთრებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმს ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების მეშვეობით და უფლებამოსილია კომისიის გადაწყვეტილებით საფუძვლად საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები აიღოს.“

„9. ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგებს ბათილად ცნობს ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში; მას შეუძლია ბათილად ცნოს არჩევნები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ეს კანონი უხეშად დაირღვა. აღნიშნული საკითხი კომისიამ უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა.

10. საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ბათილად ცნობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბნებში ნიშნავს ხელახალ კენჭისყრას ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატებისთვის, თუ ამ უბნებში ხელახალ კენჭისყრას შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნების ჩატარებულად ცნობაზე ან/და გამარჯვებულთა (მეორე ტურში გასულთა) გამოვლენაზე, და ხელახალ კენჭისყრას პარტიული სიების მიხედვით, თუ ხელახალ კენჭისყრას შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნების ჩატარებულად ცნობაზე ან/და პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის მანდატების გადანაწილებაზე.“.

34. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

    „მუხლი 541. ხელახალი კენჭისყრა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში

1. თუ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიულმა სიამ ვერ მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 7 პროცენტი მაინც, პარლამენტის წევრის მანდატები არც ერთ სიას არ მიეკუთვნება და პარტიული სიებით ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება ამ კანონით დადგენილი არჩევნების თარიღიდან არა უადრეს 25-ე და არა უგვიანეს 35-ე დღისა.

2. ხელახალი კენჭისყრის თარიღს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული შედეგის დადგენიდან 3 დღეში.

3. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ძირითად არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 2 პროცენტი მაინც მიიღეს.

4. ხელახალი კენჭისყრის მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

5. ხელახალი კენჭისყრის შედეგი დგინდება ამ კანონით განსაზღვრული საერთო წესით.“.

35. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 55. ხელახალი კენჭისყრა საარჩევნო უბანში

1. საარჩევნო უბანში ხელახალ კენჭისყრას ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. იგი იმართება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით. აუცილებლობის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ხელახალი კენჭისყრის გამართვა დაავალოს იმავე საარჩევნო ოლქის სხვა საუბნო საარჩევნო კომისიას.

2. პარტიული სიების მიხედვით ხელახალი კენჭისყრა საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღეს უნდა გაიმართოს. თუ კენჭისყრის შედეგი კვლავ ბათილად იქნა ცნობილი, არჩევნების საბოლოო შედეგი დადგინდება ამ უბნის გაუთვალისწინებლად.

3. ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ხელახალი კენჭისყრა საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღეს უნდა გაიმართოს. თუ კენჭისყრის შედეგი კვლავ ბათილად იქნა ცნობილი, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა განმეორებით იმართება ხელახალი კენჭისყრა და თუ მისი შედეგიც ბათილად იქნა ცნობილი, არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვლება და ამ კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად დაინიშნება ახალი არჩევნები.“.

36. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პარლამენტის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს უწყდებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი შესაბამისი პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა, აგრეთვე ამ პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ პირს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან.“.

37. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 69-ე – 75-ე მუხლები:

    „მუხლი 69

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეს კანონი არ ვრცელდება საარჩევნო კომისიების იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა შესაბამისი მოქმედება შესრულდა ან/და რომლებიც ეხება არჩევნების პროცესის იმ ეტაპებს, რომლებიც დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე.

    მუხლი 70

ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობის 2000-მდე შემცირების თაობაზე ამოქმედდეს 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.

    მუხლი 71

1. ამ კანონის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს პარლამენტი უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ირჩევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხ წევრს, მათ შორის, ერთს საპარლამენტო უმრავლესობის, ხოლო სამს – სხვა ფრაქციათა და კოალიციათა წარდგინებით. კომისიის ამ წევრებისა და ამ კანონის ამოქმედებამდე პარლამენტის მიერ არჩეულ წევრთა უფლებამოსილება წყდება მათ უფლებამონაცვლეთა არჩევისთანავე.

2. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიის დამატებითი წევრების არჩევიდან 10 დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისია ირჩევს კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 72

ამ კანონის 23-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონის ამოქმედებიდან 10 დღეში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის თითო წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო თითო წევრს ნიშნავენ მათი დანიშვნის უფლების მქონე პარტიები, გარდა იმ პარტიებისა, რომლებსაც კომისიის წევრი ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა დაენიშნათ. კომისიის ყველა წევრის უფლებამოსილება წყდება ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე ან დადგენილ ვადაში მათ უფლებამონაცვლეთა არჩევისთანავე (დანიშვნისთანავე). ამ მუხლის შესაბამისად კომისიის შემადგენლობის შევსებიდან 3 დღეში კომისია ხელახლა ირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს ამ კანონით დადგენილი წესით.   

    მუხლი 73

ამ კანონის 25-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონის ამოქმედებიდან 10 დღეში ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის თითო წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო თითო წევრს ნიშნავენ მათი დანიშვნის უფლების მქონე პარტიები, გარდა იმ პარტიებისა, რომლებსაც კომისიის წევრი ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა დაენიშნათ. ამ მუხლის შესაბამისად კომისიის შემადგენლობის შევსებიდან 3 დღეში კომისია ხელახლა ირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს ამ კანონით დადგენილი წესით.   

    მუხლი 74

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამჭვირვალე საარჩევნო ყუთები და სპეციალური კონვერტები საარჩევნო ბიულეტენების ჩასადებად არ გამოიყენება.

    მუხლი 75

შემუშავდეს საარჩევნო კოდექსი და უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს პარლამენტის მიერ მისი 2000 წლის საშემოდგომო სესიაზე მიღება.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                      ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 10 მარტი.

№197IIს