დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410030000.22.025.016081 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/06/2012 - 05/11/2021)
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1 92
2012 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების 11 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს თანდართული „სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი“ დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 22 აპრილის №16 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
დანართი
სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი
მუხლი 1
1. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას (შემდგომში – გეგმა) შეიმუშავებს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის და/ან ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელი.
2. გეგმის შემუშავების მიზანია სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში (ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე) გარეულ ცხოველთა დაცვის, აღწარმოების, მდგრადი სარგებლობისა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა.
3. გეგმა მუშავდება 10 წლიანი პერიოდისათვის.
4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები. აკრძალულია გეგმით გაუთვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, ხანძრები ან დაავადებები და რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რის თაობაზეც აღნიშნული გარემოებების დადგომისთანავე უნდა ეცნობოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო თუ ლიცენზია გაცემულია დაცულ ტერიტორიაზე, ასევე უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
მუხლი 2
გეგმა მოიცავს შემდეგ თავებს:
ა) სამონადირეო მეურნეობის მართვის მიზნები, ამოცანები და განვითარების სტრატეგია;
ბ) ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ბიო-ეკოლოგიური დახასიათება, რომელშიც აისახება:
ბ.ა) სამონადირეო მეურნეობის ადგილმდებარეობა და ფართობი;
ბ.ბ) სამონადირეო მეურნეობის განთავსების მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების დასახელება, რეგიონი, რაიონი, სახელმწიფო ტყის ფონდის კვარტალები (სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებობის შემთხვევაში), დაცული ტერიტორიის დასახელება ((სამონადირეო მეურნეობის დაცულ ტერიტორიაზე არსებობის შემთხვევაში), გეოგრაფიული მდებარეობა - სამონადირეო მეურნეობის საზღვრების წვეროების X და Y კოორდინატები, აღებული UTM კოორდინატთა სისტემაში; აგრეთვე მყარი გეოგრაფიული ნიშნულები, რომელთა სიახლოვესაც მდებარეობს სამონადირეო მეურნეობა;
ბ.გ) ტერიტორიის მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება: რელიეფი, სიმაღლე ზღვის დონიდან;
ბ.დ) მცენარეული საფარი: ფლორისტული შემადგენლობა, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მითითებით, მათი კომპაქტური გავრცელების ადგილები; არსებული ჰაბიტატების ტიპები, მათი ფართობების განსაზღვრა, აღწერა და დახასიათება:
ბ.ე) ტერიტორიაზე არსებული (მობინადრე) გარეულ ცხოველთა (ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები) ნუსხა (ქართული და ლათინური დასახელებებით); ტერიტორიაზე არსებული (მობინადრე) ფაუნის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ნუსხა (ქართული და ლათინური დასახელებებით) და მათი არსებული მდგომარეობის შეფასება, რიცხოვნობა;
გ) სანადირო ცხოველების საბინადრო პირობების შეფასება, რომელშიც აისახება:
გ.ა) სავარგულების ფართობების იდენტიფიკაცია სანადირო ცხოველების თითოეული სახეობისათვის შესაფერის და არაშესაფერის საბინადრო ტერიტორიებად;
გ.ბ) სავარგულების იდენტიფიკაცია ჰაბიტატების მიხედვით, სავარგულების ეკოლოგიური და ბიოლოგიურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება;
დ) სანადირო ცხოველების რესურსის შეფასება, რომელშიც აისახება:
დ.ა) სანადირო ცხოველების სახეობრივი სიმდიდრე;
დ.ბ) სანადირო ცხოველების გავრცელება, განსახლება და განთავსება საბინადროდ შესაფერის სავარგულებში;
დ.გ) სანადირო ცხოველების დასახლების სიმჭიდროვე შესაფერის საბინადრო სავარგულების ტერიტორიაზე და ტიპოლოგიურ ერთეულებში;
დ.დ) სანადირო ცხოველების დაცვა, აღწარმოება და სამეურნეო გამოყენება;
დ.ე) შესაფერის საბინადრო სავარგულებში მობინადრე ცხოველების პოტენციალური და ოპტიმალური რიცხოვნობა და დასახლების სიმჭიდროვე;
დ.ვ) ბიოტექნიკური ღონისძიებები - სანადირო ცხოველების დაცვის შენარჩუნების, გამრავლების და განსახლების ხელის შემწყობი ღონისძიებები, სანადირო ცხოველების საბინადრო პირობების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებები;
დ.ზ) სანადირო სამეურნეო გამოყენება, შესაძლებელი მოპოვების კვოტები; სამონადირეო მეურნეობის ეკონომიკური პოტენციალი;
ე) სამონადირეო მეურნეობის ზონირება: სამონადირეო მეურნეობის დაყოფა შიდასამეურნეო დანიშნულების მიხედვით: სანადირო უბანი, აღკვეთილი, აღწარმოების უბანი, ნადირ-ფრინველის საშენი. წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დეტალური რუკა, რომლის მახასიათებლები განსაზღვრულია ამ წესის მე-3 მუხლით;
ვ) ცხოველთა აღრიცხვა და მონიტორინგი, რომელშიც აისახება:
ვ.ა) მონიტორინგის პროგრამა (მონიტორინგის საქმიანობათა გეგმა). მონიტორინგის მიზანი, მონიტორინგის ობიექტები, მეთოდები, მონიტორინგის გეგმა წლების მიხედვით. მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს სანადირო და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სხვა სახეობებზე, შესაბამისი შიდა მონიტორინგის დოკუმენტაციის წარმოებით (ეგერის დღიურები, მონიტორინგის ჟურნალი და სხვა);
ვ.ბ) ცხოველთა აღრიცხვის მეთოდები.
ზ) ცხოველთა დაცვისა და აღწარმოების ღონისძიებები, რომელშიც აისახება:
ზ.ა) ცხოველთა რეინტროდუქციის ან/და რესტოკინგის ღონისძიებები (საჭიროების მიხედვით);
ზ.ბ) ბიოტექნიკური ღონისძიებები (სანადირო სახეობების სანაშენეები, დამხმარე თავშესაფრები (ტიპი, მდებარეობა) დაავადებების პროფილაქტიკა, საკვებურების მოწყობა, ცხოველთა საკვებ მცენარეთა გაშენება და სხვა);
ზ.გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა სახეობების დაცვის, შენარჩუნებისა და აღწარმოების ღონისძიებები;
ზ.დ) საჭიროების შემთხვევაში ინვაზიური სახეობების ელიმინაციის ღონისძიებები;
ზ.ე) მოქმედი ბუნებრივი და ანთროპოგენური ნეგატიური ფაქტორების და პოტენციური საფრთხეების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრის/შერბილების ღონისძიებები;
თ) ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, ენდემური და რელიქტური სახეობების, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის ღონისძიებები;
ი) ტერიტორიის განაწილება ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ნუსხა;
კ) ინფორმაცია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის შესახებ და გაუმჯობესების ღონისძიებები, ტყის ენტომომავნებლებით და ფიტო დავადებებით ტყეების დაავადების პროფილაქტიკისა და სალიკვიდაციოდ რეკომენდებული ღონისძიებების ნუსხა ცალკეული ტერიტორიების მიხედვით;
ლ) ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მექანიზმები (მცველთა რაოდენობა, ტრენინგი, შესაბამისი ნაგებობები და სხვა);
მ) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაგეგმილი ღონისძიებები;
ნ) ინფრასტრუქტურის განვითარება: შესასვლელები, ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა მომსახურების ინფრასტრუქტურა (სასტუმრო, ბილიკები, საინფორმაციო ცენტრი და სხვა), ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ელ. მომარაგების, წყალმომარაგების და წყლის არინების სისტემების მითითება, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული შიდა ინფრასტრუქტურა (გზები, ნაგებობები);
ო) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის საკითხები;
პ) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ჰიდროლოგიური ქსელის დახასიათება.
მუხლი 3
1. გეგმას თან უნდა ახლდეს:
ა) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკები (ფერადი ანაბეჭდები);
ბ) ელექტრონული ვერსია – გეომონაცემთა ბაზა(*.mdb ფორმატი) და პროექტის ფაილი (*.mxd ფორმატი), რომელიც შექმნილია GIS (გეოინფორმაციული სისტემა) ტექნოლოგიების გამოყენებით;
გ) ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ორთოფოტოგეგმა – ელექტრონული ვერსია, რომელიც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნულ სამუშაოთა განსახორციელებლად, ხოლო აერო ან სატელიტური გადაღება (ორთოფოტოგეგმის საფუძველი) განხორციელებული არა უგვიანეს ბოლო 5 წლისა.
2. რუკის გამოსახულების ჩარჩოში გამოსახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) კოორდინატთა სისტემა (კილომეტრული ბადე, ბრტყელი მართკუთხა კოორდინატების მნიშვნელობები);
ბ) პოლიგონალური, ხაზობრივი და წერტილოვანი ელემენტები (ფენები) – სხვადასხვა ობიექტების, მეურნეობის ზონირების საზღვრები, საინჟინრო ნაგებობები, გზების ქსელი, ჰიდროგრაფია, რელიეფი და მისი ნიშნები და სხვა ტექნოლოგიური ხაზები;
გ) წარწერები (მომიჯნავე მიწათმოსარგებლეების, კვარტალის ნომრების, სატაქსაციო უბნის ნომრები, მდინარეთა და არხების სახელების და დინების მიმართულების, ურბანული ტერიტორიების და სხვა დასახელებები);
დ) პოლიგონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ველობების, საძოვრების, სათიბების, ნაკაფების, ტყის კორომების, კლდეების, ქვანაყრების, მყინვარების და სხვა;
ე) წერტილოვანი ობიექტები (სანიმუშო ფართობების ადგილები, ანგარანები, ბუნებისა და კულტურის ძეგლები და სხვა);
ვ) განსაკუთრებული ფუნქციონალური დანიშნულების უბნების და სხვათა მაიდენტიფიცირებული პოლიგონები.
3. კორომთა გეგმებისთვის მასშტაბი განისაზღვრება 1:25000 და უფრო მსხვილი მასშტაბით, ობიექტის ფართობიდან და რელიეფიდან გამომდინარე.
4. გეგმას თან უნდა ახლდეს თემატური რუკები გაბატონებული მერქნიანი სახეობების, დაპროექტებული ღონისძიებების, ხანძარსაშიში კლასების მიხედვით. რუკაზე მოცემული უნდა იყოს პირობითი აღნიშვნების შინაარსი (ლეგენდა).
5. სავალდებულო ეგზემპლარების რაოდენობა განისაზღვრება 2 ერთეულით.
მუხლი 4
1. სააგენტო, გეგმის დასამტკიცებლად წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვედზე გეგმის პროექტის განთავსებას.
2. გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან სააგენტოს წარუდგინონ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენიშვნები და წინადადებები არ მიიღება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს, რის შემდეგაც 5 კალენდარული დღის ვადაში აწყობს განხილვას დაინტერესებული და გეგმის შემმუშავებელი პირების მონაწილეობით.
4. სააგენტო გეგმას შენიშვნების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით (აღნიშნულ შემთხვევაში გეგმის დამტკიცება გადის ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას).
5. აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, შესაძლებელია გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა (გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა, ამ მუხლის პირველი მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გავლას არ საჭიროებს). ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები სააგენტოს მიერ გეგმაში შეიტანება მათი დადგენილი წესით წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები