საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6315-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.016763
  • Word
6315-Iს
25/05/2012
ვებგვერდი, 08/06/2012
060000000.05.001.016763
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 52-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

2. 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.“.

3. 205-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.“.

4. 3094  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3094 . ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმა

1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 3092  მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

2. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.“.

5. 3095  მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 30911  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 30911 . აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 3099  მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.“.

7. 30912  მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას.“.

8. 30913  მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების შესახებ განჩინებაში სასამართლო განსაზღვრავს დროს ზეპირი მოსმენისათვის და მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს. აქციონერს, რომლის აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი (შემდგომ – დაინტერესებული პირი), უწყებასთან ერთად ეგზავნება განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვრება ვადა მოსაზრებების წარსადგენად.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.“.

9. 30919  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 30919 . ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მოსარჩელეს დაუბრუნებს სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

3. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

4. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების შემდეგ მოპასუხეს ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ ეგზავნება სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები და შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრება ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.“.

10. 368-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.“.

11. 430-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.“.

    მუხლი 2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-6 მუხლის:

ა) 11  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6315-Iს