დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060080.22.027.016307 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №94
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №107 ბრძანებით (სსმ, 69, 08/06/2009) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვების წესი
1. პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვების უფლება აქვს მთავარ პროკურორს. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის ზოგიერთი კატეგორიის მუშაკის ქვეყნის ფარგლებში მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მთავარი პროკურორის ერთ-ერთ მოადგილეზე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორზე; ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – შესაბამისად, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებზე.
2. პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვება ფორმდება ბრძანებით.
3. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.
4. პროკურატურის მუშაკის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით.
5. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
6. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ 5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფ პროკურატურის მუშაკთა მივლინებაში გაშვებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში და აპარატის ეკონომიკურ სამმართველოში წარადგინონ შესაბამისი ბრძანების ასლი.“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვებისას სამივლინებო თანხების გაცემის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით.“.
3. „დანართი №2” და „დანართი №3” ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები