„საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016860
  • Word
187
24/05/2012
ვებგვერდი, 29/05/2012
010220020.10.003.016860
„საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 18 7

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

„საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge,18/04/2012, 010220020.10.003.016810) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)“ სამეთვალყურეო საბჭო და განისაზღვროს მასში ხმის უფლების მქონე პირები შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დიმიტრი შაშკინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი საქართველოს სავაჭრო‑სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

ალექსანდრე რონდელი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი.“.

3. დადგენილების მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულება.“.

4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑3 მუხლი:

„მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.“.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

   დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)“ (შემდგომში – „MCA-Georgia“) მიზნებს, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს.

2. „MCA-Georgia“ შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

3. „MCA-Georgia“ თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის ხელმოწერილი კომპაქტით (მეორე კომპაქტი) და ამ დებულებით. ამ დებულების მიზნებისათვის მეორე კომპაქტი მოიცავს როგორც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას (შემდგომში – „MCC“) და საქართველოს მთავრობას (ან ნებისმიერ მთავრობასთან აფილირებულ პირს), ისე „MCC“- სა და „MCA-Georgia“-ს შორის მეორე კომპაქტის მხარდასაჭერად დადებულ შეთანხმებებსა და ამ კომპაქტის ფარგლებში დადებულ სხვა დამატებით შეთანხმებებს.

4. „MCA-Georgia“ მეორე კომპაქტის ფარგლებში ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, „MCC“-ისა და „MCA-Georgia“‑ს სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობით ქმნის კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ახორციელებს „MCA-Georgia“‑ს საქმიანობის კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. „MCA-Georgia“‑ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

7. „MCA-Georgia“‑ს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4, 0105, თბილისი, საქართველო.

    მუხლი 2. „MCA-Georgia“‑ს მიზნები და ფუნქციები

1. „MCA-Georgia“‑ს მიზნები და ფუნქციებია:

ა) მეორე კომპაქტის განხორციელების ზედამხედველობა, მონიტორინგი და მართვა;

ბ) მეორე კომპაქტის ფარგლებში პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი ფონდების მობილიზება;

გ) პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად „MCA-Georgia“‑სათვის წარმოდგენილი პროექტების შესწავლა და ანალიზი; პრიორიტეტული პროექტების შერჩევა, განხორციელება და პროექტების განხორციელების ორგანიზება;

დ) მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოსათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ხარჯვის, აგრეთვე პრიორიტეტული პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ე) საქართველოსა და საერთაშორისო სამთავრობო, არასამთავრობო და საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;

ვ) „MCA-Georgia“‑ს საქმიანობასა და შერჩეულ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „MCA-Georgia“‑ს ვებგვერდისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით;

ზ) სხვა ქვეყნებში ანალოგიურ დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარება და ათასწლეულის გამოწვევის ანგარიშთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება;

თ) სამეთვალყურეო საბჭოს, საკონსულტაციო კომიტეტისა და ზოგადად საზოგადოების წინაშე ანგარიშგება;

ი) მეორე კომპაქტის შესაბამისად მთავრობის მიერ დელეგირებული ან მეორე კომპაქტით აღებული ვალდებულებების, „MCA-Georgia“‑ს მიერ მიღებული შიდა აქტებით (მათ შორის, „MCC“-სთან შეთანხმებით მიღებული მართვის შინაგანაწესით) და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება.

2. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ასახულ მიზნებსა და ფუნქციებს „MCA-Georgia“ ახორციელებს მეორე კომპაქტის ფარგლებში და მხოლოდ მეორე კომპაქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

3. „MCA-Georgia“ უფლებამოსილია ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.

4. მეორე კომპაქტის საფუძველზე „MCA-Georgia“‑ს უფლება-მოვალეობის სხვა ორგანიზაციისათვის დელეგირება შეუძლია მხოლოდ „MCC“-ისა და „MCA-Georgia“‑ს სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობით და მეორე კომპაქტის ფარგლებში არსებულ დოკუმენტებთან შესაბამისობით.

    მუხლი 3. „MCA-Georgia“‑ს სტრუქტურა

1. „MCA-Georgia“ შედგება:

ა) სამეთვალყურეო საბჭოსაგან, რომელიც ახორციელებს „MCA-Georgia“‑ს პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ბ) მენეჯმენტის გუნდისაგან, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა მეორე კომპაქტის განხორციელების ხელმძღვანელობისათვის;

გ) საკონსულტაციო კომიტეტისაგან, რომელიც აწვდის რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტის გუნდს პროგრამის საქმიანობის შესახებ.

2. „MCA-Georgia“‑ს სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტის გუნდისა და საკონსულტაციო კომიტეტის ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი, შესაბამისად მათი წევრების დანიშვნა-გათავისუფლებისა და საქმიანობის კონკრეტული წესები განსაზღვრულია მეორე კომპაქტითა და „MCA-Georgia“‑ს მიერ მიღებული შიდა აქტებით.

    მუხლი 4. „MCA-Georgia“‑ს სამეთვალყურეო საბჭო

1. „MCA-Georgia“‑სათვის მეორე კომპაქტით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებული პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის მიზნით იქმნება „MCA-Georgia“‑ს სამეთვალყურეო საბჭო.

2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება:

ა) ხმის უფლების მქონე 5 წევრისაგან, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

ბ) „MCA-Georgia“‑ს აღმასრულებელი დირექტორისაგან, რომელსაც არა აქვს ხმის უფლება;

გ) „MCC“-სათვის მისაღები ერთი დამკვირვებლისაგან, რომელსაც არა აქვს ხმის უფლება.

3. ხმის უფლების მქონე წევრები არიან:

ა) საქართველოს პრემიერ‑მინისტრი;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

დ) სამოქალაქო (არასამთავრობო) საზოგადოების ერთი წარმომადგენელი, რომელიც შეირჩევა „MCC“‑სთან შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად;

ე) კერძო სექტორის ერთი წარმომადგენელი, რომელიც შეირჩევა „MCC“‑სთან შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად.

4. სამეთვალყურეო საბჭოს ხმის უფლების არმქონე წევრები არიან:

ა) „MCA-Georgia“-ს აღმასრულებელი დირექტორი;

ბ) „MCC“‑ის მიერ შერჩეული ერთი წარმომადგენელი.

5. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც წარმოადგენს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი.

6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება რეგულარულად, სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ, უფრო ხშირად.

    მუხლი 5. მენეჯმენტის გუნდი

1. „MCA-Georgia“‑ს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც თავის უფლება‑მოვალეობებს ახორციელებს მენეჯმენტის გუნდის საშუალებით. აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც შეირჩევა ამ მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, ამტკიცებს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი „MCC“-სთან შეთანხმებით.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღმასრულებელი დირექტორის დამტკიცების შემდეგ მასთან შრომით ხელშეკრულებას (რომელიც შეთანხმებულია „MCC“-სთან) აფორმებს სამეთვალყურეო საბჭო.

3. მენეჯმენტის გუნდში შედიან:

ა) აღმასრულებელი დირექტორი;

ბ) მთავარი ფინანსური დირექტორი;

გ) ზოგადი განათლების პროექტის დირექტორი;

დ) უმაღლესი განათლების პროექტის დირექტორი;

ე) ინფრასტრუქტურის მთავარი ინჟინერი;

ვ) შესყიდვების დირექტორი;

ზ) გარემოსა და სოციალურ პირობებზე ზეგავლენის დირექტორი;

თ) ბიზნესსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი;

ი) მთავარი იურისტი;

კ) მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი;

ლ) გენდერისა და სოციალურ პირობებზე ზეგავლენის დირექტორი.

4. მენეჯმენტის გუნდის შერჩევა ხდება გამჭვირვალე და კონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად და „MCC“-სთან შეთანხმებით.

5. მენეჯმენტის გუნდის წევრები მეორე კომპაქტის, ამ დებულებისა და „MCA-Georgia“-ს შიდა წესების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საპროექტო საქმიანობის განხორციელებას.

    მუხლი 6. საკონსულტაციო კომიტეტი

1. „MCA-Georgia“-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი აზრის მიღებისათვის ფორმალური მექანიზმის არსებობის მიზნით „MCA-Georgia“ ქმნის საკონსულტაციო კომიტეტს, რომელიც შედგება წარმომადგენლებისაგან სამოქალაქო (არასამთავრობო) და კერძო სექტორიდან, საჯარო სექტორიდან და ასევე სხვა წარმომადგენლებისაგან.

2. საკონსულტაციო კომიტეტის წევრების შერჩევა ხდება გამჭვირვალე შერჩევის პროცესის შედეგად და „MCC“-სთან შეთანხმებით.

3. საკონსულტაციო კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ მაინც.

    მუხლი 7. „MCA-Georgia“-ს დაფინანსება, საბუღალტრო ანგარიშგება და აუდიტი

1. „MCA-Georgia“-ს შემოსავლის წყაროებია:

ა) მეორე კომპაქტის შესაბამისად მიღებული და „MCC“-სგან მიღებული სხვა სახსრები;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) მეორე კომპაქტით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. მეორე კომპაქტით დასახული მიზნების მისაღწევად „MCA-Georgia“ უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა მეორე კომპაქტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. „MCA-Georgia“ აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსურ ანგარიშგებას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მეორე კომპაქტის მოთხოვნების შესაბამისად.

4. „MCA-Georgia“‑ს ფინანსურ ანგარიშგებას, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ამოწმებს „MCC“-ის წინასწარი წერილობითი თანხმობით შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

1. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი რეკომენდაციითა და „MCC“-სთან შეთანხმებით.

2. „MCA-Georgia“‑ს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მეორე კომპაქტითა და „MCA-Georgia“‑ს მიერ მიღებული შიდა აქტებით გათვალისწინებული წესით.