დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016825 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №152
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2011, 040030000.10.003.016390) შე ტა ნილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესდების:
1. პირველი მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააქციო საზოგადოების საქმიანობის მიზნებია:
ა) მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;
ბ) ინვესტიციების მოზიდვა;
გ) სამუშაო ადგილების შექმნა;
დ) შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.
8. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები და ფორმებია:
ა) პროექტის დაფინანსება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს თანადაფინანსების გარეშეც;
ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით;
გ) პროექტში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10 პროცენტის ოდენობით.
9. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;
გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;
ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;
ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.“.
2. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ფონდის საქმიანობის საგანია მოგების მიღების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ინვესტიციების მოზიდვით, პროექტების განხორციელებით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ნებისმიერი სხვა საქმიანობით. ის საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან.“.
3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ, განსაზღვროს/მოიწონოს პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი და მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილება;“.
4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ე) მისცეს მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი – ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა);
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი შესათანხმებლად წარუდგინოს პარტნიორს;
ზ) პარტნიორთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საკუთრებაში არსებული წილის/აქციების გასხვისების შესახებ.“.
5. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს სულ მცირე 5 წევრი მაინც. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს შეუძლია, არა უგვიანეს 8 დღისა, მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება 3 წევრი მაინც. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება.“.
6. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) აღმასრულებელი ორგანოს წევრ(ებ)ისთვის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭება და გაუქმება, უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა.“.
7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია
ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები