დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016107 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №50
2012 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ ვებპორტალი, 110531017, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“.
ბ) ბრძანების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
დამტკიცდეს ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულება დანართი №5 -ის შესაბამისად.“
გ) ბრძანების მე-5 მუხლით დამტკიცებული დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დაქვემდებარებაში არსებული სამკურნალო ცენტრი, რომელიც ახორციელებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას.
2. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, პატიმრობის კოდექსი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
3. ცენტრს აქვს ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
4. ცენტრი აღჭურვილია სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით, სამეურნეო ნაგებობებითა და დამხმარე სათავსოებით, ტრანსპორტით.
5. ცენტრს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (ძირითადი საშუალებებით) და კვების პროდუქტებით მომარაგებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
6. ცენტრს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (არაძირითადი საშუალებებით), მედიკამენტებით, სამკურნალწამლო საშუალებებით და სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფს სამინისტრო.
7. თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ცენტრზე ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება.
მუხლი 2. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები
1. ცენტრის ამოცანებია: მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში.
2. ცენტრის ფუნქციებია:
ა) გაუწიოს ფტიზიატრიული პროფილის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება ცენტრში მყოფ/მიყვანილ პაციენტებს, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ცენტრში პრევენციული, სამკურნალო და დიაგნოსტიკური პროცესების გაუმჯობესებას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული, „DOTS“-ის სტრატეგიით გათვალისწინებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას;
გ) სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამედიცინო დაწესებულებებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მუხლი 3. ცენტრის უფლებამოსილებანი და ვალდებულებანი
1. ცენტრი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში და საერთაშორისო პროექტებში;
ბ) სამართლებრივი რეჟმისა და ოპერატიული მოთხოვნების მკაცრი დაცვით, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წინაშე დააყენოს საკითხი პაციენტისათვის იმ სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის მიწოდება სცილდება დაწესებულების შესაძლებლობას/უფლებამოსილებას და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დროული რეფერალი შესაბამის სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებაში;
გ) სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ითანამშრომლოს სამედიცინო დაწესებულებებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, მონაწილეობა მიიღოს და ჩაატაროს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სიმპოზიუმები, გამოფენები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს ექიმ-სპეციალისტი ან მიავლინოს საკუთარი ექიმ-სპეციალისტი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ცენტრი ვალდებულია:
ა) აღმოუჩინოს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სამედიცინო დახმარება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით;
ბ) ჩაუტაროს ავადმყოფ მსჯავრდებულებს „DOTS“-ის სტრატეგიით გათვალისწინებული ანტიტუბერკულოზური მკურნალობა;
გ) უზრუნველყოს ცენტრის ექიმ-სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოთხოვნით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისათვის;
დ) დადგენილი წესით, დროულად მიაწოდოს დეპარტამენტსა და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტებს ინფორმაცია, ცენტრში სიკვდილობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ;
ე) გაატაროს მსჯავრდებულთა მიერ სამართლებრივი რეჟიმის დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებები;
ვ) ცენტრში კეთილსაიმედო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვოს დეპარტამენტის შესაბამისი კონტრაქტორი ორგანიზაციისგან სისტემატურად ჩაატაროს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებანი, მკაცრი კონტროლი დააწესოს სასმელი წყლის და კვების პროდუქტების უსაფრთხოებაზე. სისტემატურად შეამოწმოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკვების ხარისხი და ოდენობა, მისი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
ზ) განახორციელოს ცენტრში ინფექციის აღმოცენების და/ან გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებები;
თ) აწარმოოს სამედიცინო დოკუმენტაცია არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით;
კ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.
მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა
ცენტრის ხელმძღვანელი პირები არიან ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), მისი პირველი მოადგილე, მოადგილე აგრეთვე მთავარი ექიმი და მთავარი ექიმის მოადგილე.
მუხლი 5. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით (შემდგომში – მინისტრი).
2. ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, შეიმუშავებს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წარმოადგენს ცენტრს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს ცენტრის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი კატეგორიის განსაზღვრის, პრემირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ი) პერიოდულად ისმენს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე და ამის შესახებ მოახსენებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის ადმინისტრაციული ნაწილის მოსამსახურეებს, გარდა ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და აგრეთვე დირექტორის მოადგილეებისა;
ლ) პირველი მოადგილისა და მთავარი ექიმის ერთობლივი წარდგინებით, ამტკიცებს ცენტრის დღის განრიგს. დღის განრიგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულებას;
მ) მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევაში, მთავარი ექიმის წარდგინებით, ამტკიცებს კონკრეტული მსჯავრდებულისთვის სამკურნალო და კვების რეჟიმს;
ნ) გამოსცემს განკარგულებას მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ხოლო მსჯავრდებულის წახალისების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებას;
ო) გამოსცემს განკარგულებას მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება დირექტორმა შეიძლება გადასცეს დაწესებულების სხვა მოსამსახურეს;
პ) განსაზღვრავს სამარტოო საკნებსა და საკარანტინო საკნებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით ან სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
მუხლი 6. ცენტრის დირექტორის მოადგილეები
1. ცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ცენტრის დირექტორის წარდგინებით.
2. დირექტორის პირველი მოადგილე უშუალოდ ხელმძღვანელობს ცენტრის ადმინისტრაციულ ნაწილს და აკონტროლებს ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. იგი ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში, თუ კანონით ან შესაბამისი სპეციალური აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. დირექტორის მოადგილე უშუალოდ ხელმძღვანელობს ცენტრის ადმინისტრაციულ ნაწილს და თავის საკურატოროს ფარგლებში აკონტროლებს ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
4. დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7. ცენტრის მთავარი ექიმი
1. ცენტრის მთავარ ექიმს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
2. ცენტრის მთავარი ექიმი უშალოდ ხელმძღვანელობს ცენტრის სამედიცინო ნაწილს და აკონტროლებს სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
3. ცენტრის მთავარი ექიმი:
ა) უზრუნველყოფს პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური ფტიზიატრიული სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების ორგანიზაციას;
ბ) სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესების დახვეწა-განვითარებისათვის შეიმუშავებს ცენტრის მუშაობის წლიურ გეგმას, ატარებს ქმედით ღონისძიებებს მათ შესასრულებლად. განიხილავს და ამტკიცებს ცენტრის სამედიცინო პერსონალის მუშაობის კვარტალურ და წლიურ გეგმებს;
გ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს დილის საექიმო კონფერენციებს, კონსილიუმებს, სამედიცინო საბჭოს სხდომებს, სამკურნალო განყოფილებებში გეგმურ და ღამის საექიმო შემოვლებს, არეგულირებს და აკონტროლებს ავადმყოფთა ცენტრში მიღებისა და გაწერის საკითხებს;
დ) სამედიცინო საბჭოზე განსახილველად წარადგენს ავადმყოფთა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, უეცარი სიკვდილის, არაკვალიფიცური სამედიცინო დახმარების შემთხვევებს, უზრუნველყოფს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნულ პროგრამასთან ურთიერთობას, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს;
ე) ანალიზს უკეთებს და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარუდგენს ცენტრის მუშაობის, კვარტალურ-წლიურ მაჩვენებლებს და ანგარიშს. ყოველკვარტალურად ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას ცენტრის სამედიცინო ტექნიკით, სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგების საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ, წარადგენს მოთხოვნას არსებული დეფიციტის მითითებით;
ვ) ცენტრში კეთილსაიმედო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ხელმძღვანელობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას;
ზ) აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, არქივში მათი შენახვის წესს და ვადებს;
თ) სისტემატურად აწვდის ინფორმაციას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის თანამშრომლებს, ფტიზიატრიულ დაავადებათა მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების, შესაბამისი ორგანოების მიერ შემუშავებული მეთოდური წერილებისა და რეკომენდაციების შესახებ;
ი) უზრუნველყოფს კავშირს ცენტრსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებს შორის, ამ მიზნით სისტემატურად მიავლენს ცენტრის ექიმ-სპეციალისტებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გამაჯანსაღებელი, სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებათა შემუშავებისა და რეალიზაციისათვის;
კ) შეიმუშავებს დღის განრიგს, რომლითაც განისაზღვრება ცენტრის განყოფილების გამგეების, პასუხისმგებელი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მოვალეობანი;
ლ) უფლებამოსილია სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წინაშე დააყენოს საკითხი სამედიცინო პერსონალის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ.
4. ცენტრის მთავარი ექიმის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
5. ცენტრის მთავარი ექიმის მოადგილე ასრულებს მთავარი ექიმის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 8. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრის სტრუქტურა იყოფა ორ ნაწილად:
ა) ადმინისტრაციული ნაწილი;
ბ) სამედიცინო ნაწილი.
2. ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უსაფრთხოების განყოფილება;
ბ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
გ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
დ) სოციალური განყოფილება;
ე) სამორიგეო;
ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ზ) კანცელარია;
თ) ბუღალტერია;
ი) კადრები;
კ) საზოგადოებრივი მისაღები.
3. სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რეზისტენტული ტუბერკულოზის განყოფილება;
ბ) სენსიტიური ტუბერკულოზის განყოფილება;
გ) ამბულატორიული განყოფილება.
4. ცენტრის ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
5. ცენტრის სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულის უფროსებს და სამედიცინო პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
6. ცენტრის ადმინისტრაციული ნაწილის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
7. ცენტრის სამედიცინო ნაწილის პერსონალის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 9. უსაფრთხოების განყოფილება
უსაფრთხოების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) ცენტრის მოსამსახურეების, მსჯავრდებულთა და ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) ცენტრში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა;
გ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევისა და დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება;
დ) ცენტრიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა ძებნის სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება;
ე) ცენტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში;
ვ) ცენტრის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების საქმიანობის ორგანიზება, მათი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება;
ზ) მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ ცენტრის დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 10. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;
გ) ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა;
დ) მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება
სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;
ბ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების წარმოება;
გ) მსჯავრდებულთა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის, შეწყალების, გათავისუფლების და სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 12. სოციალური განყოფილება
სოციალური განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) მსჯავრდებულთა, ასევე მათი ახლო ნათესავების უფლებების დაცვის და განხორციელების უზრუნველყოფა, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) მსჯავრდებულთა და მათი ახლობლების მიღება და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
გ) მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებისა და საჩივრების განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება;
დ) მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, მათთვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა, დახმარების გაწევა იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც იღებს ზოგად განათლებას, სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან ექსტერნატის ფორმით სურს ზოგადი განათლების მიღება;
ე) მოშიმშილე მსჯავრდებულთა შესაბამისი მუშაობის წარმოება;
ვ) მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, საექსპერტო გამოკვლევებზე გაყვანის საქმისწარმოება და დახასიათებების შედგენა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 13. სამორიგეო
1. სამორიგეო ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და მოვალეობებს, ხელმძღვანელ პირთა და დეპარტამენტის კანონიერ მითითებებსა და დავალებებს.
2. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიული მიწოდების მიზნით ყოველდღიური უშუალო კონტაქტი აქვს დეპარტამენტის შტაბის სამორიგეოსთან.
მუხლი 14. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ცენტრის და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების და სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 15. კანცელარია
კანცელარიის ძირითადი ამოცანაა ცენტრის კორესპონდენციისა და მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების, განცხადებების აღრიცხვა, მათი დროული მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება.
მუხლი 16. ბუღალტერია
1. ბუღალტერიას წარმოადგენს ბუღალტერი, რომელიც ანგარიშვალდებულია დაწესებულების დირექტორისა და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
2. ბუღალტრის ამოცანაა ცენტრისა და მსჯავრდებულთა საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება.
მუხლი 17. კადრები
კადრები უზრუნველყოფს დირექტორის ნომენკლატურულ მოსამსახურეთა პირადი საქმეების, საკადრო-სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას; აწესრიგებს აღნიშნულ პირთა სამსახურში მიღებასთან, გათავისუფლებასთან და სხვა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 18. საზოგადოებრივი მისაღები
საზოგადოებრივი მისაღები უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევას.
მუხლი 19. სამედიცინო ნაწილი
1. სამედიცინო ნაწილის ძირითადი ამოცანაა მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, ცენტრის სამედიცინო კონტროლის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება/მოვალეობების განხორციელება.
2. ცენტრში ფუნქციონირებს პათოლოგ-ანატომიური კონსილიუმი, თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები და დღის განრიგი, ცენტრისა და თანამშრომელთა მუშაობის გეგმა (კვარტალური, წლიური).
მუხლი 20. რეზისტენტული ტუბერკულოზის განყოფილება
ახორციელებს რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების სტაციონარულ და ამბულატორულ სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში არსებული სტანდარტების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ამბულატორიულად შემოსულ პაციენტთა კონსულტაციას. აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტის მივლინებას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პაციენტთა საკონსულტაციოდ.
მუხლი 21. სენსიტიური ტუბერკულოზის განყოფილება
ახორციელებს ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების სტაციონარულ და ამბულატორულ სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში არსებული სტანდარტების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ამბულატორიულად შემოსულ პაციენტთა კონსულტაცის. აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტის მივლინებას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პაციენტთა საკონსულტაციოდ.
მუხლი 22. ამბულატორული განყოფილება
ახორციელებს ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ამბულატორული სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში არსებული სტანდარტების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პაციენტთა კონსულტაციას. აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტის მივლინებას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პაციენტთა საკონსულტაციოდ.
მუხლი 23. ცენტრში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებები და მოვალეობები
1. ცენტრში მყოფ მსჯავრდებულებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით, ცენტრის დღის განრიგით, აგრეთვე, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
2. მსჯავრდებულზე შესაბამისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება და შესაბამისი დაწესებულების დღის განრიგი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევევში, თუ სამედიცინო ჩვენებით და ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამა თუ იმ უფლებისა და ვალდებულების განხორციელება.
3. მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას ცენტრის დებულება, დღის განრიგი და შესაბამისი სამკურნალო რეჟიმი;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული მოვალეობები.
4. თუ მსჯავრდებული განზრახ უხეშად არღვევს ცენტრის დებულებას, დღის განრიგსა ან/და სამკურნალო რეჟიმს, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მთავარი ექიმის წარდგინებით დააყენოს საკითხი დაწესებულებიდან მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 24. დღის განრიგი და სამკურნალო რეჟიმი
1. ცენტრში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი ამა თუ იმ მსჯავრდებულთა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, წელიწადის დროის, ადგილობრივი პირობებისა და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
2. თვეში არანაკლებ ერთხელ, არსამუშაო დროს ტარდება ყველა მსჯავრდებულის შემოწმება-დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.
3. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ დგება სამკურნალო რეჟიმი, რომელსაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი მთავარ ექიმთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები