დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016337 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №71/ნ
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2007 წ., №20, მუხ. 229) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ცენტრის სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გამოცდების ეროვნული ცენტრი“. ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ცენტრის შემოკლებული დასახელება: „გამოცდების ეროვნული ცენტრი“.“;
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრის მიზანია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა;
გ) სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;
დ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა;
ე) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით გამოცდების ჩატარება ან/და ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესის შეფასება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;“;
გ) მე-2 პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა2) მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;“;
დ) მე-2 პუნქტის „ბ“, „ბ1“, „ბ2“ და „ბ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას, აგრეთვე გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
ბ1) მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების შემუშავებაში;
ბ2 ) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირებისა და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარებას;
ბ3) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებასა და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენას;“;
ე) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ელექტრონული ან/და ნაბეჭდი ფორმით ქმნის, ავრცელებს და უკეთებს რეალიზებას (მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით) ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის სასერტიფიკაციო და სხვა გამოცდების ტესტების კრებულებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს ტესტირებაში, ფსიქომეტრიკაში, სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურას და სხვა გამოცემებს, აგრეთვე ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს;
ვ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი:
„გ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აწვდის რეკომენდაციებს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროცესის შეფასებასა და რეკომენდაციების მიწოდებას სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“;
ზ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებთან;”
ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ასრულებს სხვადასხვა ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირებისა შეკვეთებს, მათ შორის, ისეთ შეკვეთებს, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ფუნქციას და ვალდებულებას;“;
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ცენტრის მართვა. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს ცენტრის სახელით;
ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის სხვა თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ე) ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ზ) ცენტრის მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მოიწვიოს ქართველი ან უცხოელი სპეციალისტები;
თ) ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება ცენტრის თითოეულ თანამშრომელს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
ლ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს;
ნ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ო) სამინისტროს მოთხოვნისთანავე შეიმუშავებს და წარადგენს ცენტრის საქმიანობის ანგარიშს;
პ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუქნციებს.
2. შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.
3. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლის ფუნქციად განსაზღვროს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კორესპონდენციებზე ხელმოწერა.”.
4. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საწევროები და შენატანები;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;“;
6. მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი;
7. მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსში.
2. ცენტრის ბალანსზე არსებული ქონება შედგება ასევე ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობისგან, და რომელთა მიღება, შეძენა, განკარგვა და ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
8. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
9. მე-7 მუხლიდან ამო ღ ებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები