დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 245 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120060000.22.026.016114 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №245
2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის № 119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულება”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე. საბჭო უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს.
მუხლი 2
საბჭოს დანიშნულებაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის მხარდასაჭერად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზი, საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის სამხედრო საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და წარდგენა.
მუხლი 3
საბჭოს საქმიანობა მიმართულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესის ხელშეწყობასა და ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერაზე. აღნიშნული პროცესების უზრუნველყოფის მიზნით, საბჭო უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან.
თავი II. საბჭოს შემადგენლობა
მუხლი 4
საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი და გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეები (უფროს ოფიცერთა კატეგორია);
ბ) საქართველოდან და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სამხედრო და სამოქალაქო ექსპერტები.
თავი III. საბჭოს ფუნქციები
მუხლი 5
საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა;
ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შესაძლებლობების ანალიზი, ნაკლოვანებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) ეროვნული სამხედრო-სამეცნიერო შესაძლებლობების განვითარებისათვის ადგილობრივი სამრეწველო, ტექნოლოგიური და კვლევითი პოტენციალის ხელშეწყობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ზ) სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება;
თ) დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
კ) ნატოს-თან თანამშრომლობის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
თავი IV. საბჭოს საქმიანობის წესი
მუხლი 6
საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ.
მუხლი 7
საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 8
საბჭოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 9
სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 10
სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები