დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016768 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №95
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების თანდართული წესი.
მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №219 დადგენილება „სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ“.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესი
1. ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ადგენს საქართველოს იურიდიული პირების (შემდგომში – ეკონომიკური აგენტები) მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების პირობებს.
2. წესი შემუშავებულია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების (შემდგომში – საგარეო ვალის დაფარვა) ხარჯების შემცირების, ეროვნული წარმოების სტიმულირებისა და იმ ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ხელშესაწყობად, რომელთაც აქვთ სათანადო საქმიანი კონტაქტები და უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს კრედიტორი ქვეყნებისათვის.
3. სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან ეკონომიკური აგენტებისთვის ანაზღაურებული სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი საგარეო ვალის დაფარვის მიზნით მოცემული წლისათვის გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას.
4. ეკონომიკური აგენტების დაფინანსების განხორციელებისათვის აუცილებელია, არსებობდეს კრედიტორი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კრედიტორი ქვეყნისათვის ეკონომიკური აგენტების მიერ რომელიმე კონკრეტული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტის (მიწოდების) შემთხვევაში ექსპორტირებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების შესაბამისად შეამცირებენ კრედიტორი ქვეყნისადმი საგარეო ვალის მოცულობას.
5. იმ შემთხვევაში, თუ საგარეო ვალის მოცულობის შემცირება წინ უსწრებს ეკონომიკური აგენტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
6. ეკონომიკური აგენტების მიერ წინასწარი დაფინანსების თაობაზე თხოვნით მომართვის შემთხვევაში, წინასწარი დაფინანსების თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
7. ხელშეკრულებით აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული:
ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული შეტყობინების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების გაფორმებას;
ბ) რისი მიწოდება ხდება (მოხდა) საგარეო ვალის შესამცირებლად (პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების);
გ) მხარეთა ვალდებულებები, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მის მიერ საგარეო ვალის დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნისათვის წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება;
დ) მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების ვადა;
ე) სადისკონტო განაკვეთი, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურება;
ვ) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძვლად ჩაითვლება კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება საგარეო ვალის კრედიტორი ქვეყნის წინაშე კონკრეტული თანხით შემცირების თაობაზე.
9. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე უზრუნველყოფს კრედიტორი ქვეყნისათვის მიწოდებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების ანგარიშში საგარეო ვალის დაფარვას, გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების სრულად შესრულებიდან ორ კვირაში საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ინფორმაციას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების თაობაზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები