საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5744-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.016615
  • Word
5744-Iს
02/03/2012
ვებგვერდი, 15/03/2012
080000000.05.001.016615
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2273 მუხლი:

„მუხლი 2273. საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნა

1. საჰაერო ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

3. სანავიგაციო დანადგარის დაზიანება ან განადგურება ან მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

4. საჰაერო ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება ან განთავსების ხელშეწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას, ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

5. საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას, ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.“.

2. 229-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 229. აფეთქება

1. ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილზე, საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ან ინფრასტრუქტურის ობიექტზე ანდა მის წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის ან სხეულის მძიმე დაზიანების გამოწვევის ან/და აღნიშნული ადგილის, დაწესებულების, სისტემის ან ობიექტის დაზიანების მიზნით, როცა ეს დაზიანება იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს, ან მას, სავარაუდოდ, მოჰყვება ასეთი დანაკარგი, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ასეთი დანაშაულისათვის;

გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.“.

3. 323-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე ზემოქმედების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.“.

4. 324-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნოლოგიური ტერორიზმი, ესე იგი ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენება ან მისი ხელში ჩაგდების ან/და გამოყენების მუქარა, მათ შორის, ბირთვული, ქიმიური ან ძლიერი ტექნოლოგიური ანდა ეკოლოგიური საშიშროების შემცველი ობიექტის ხელში ჩაგდება, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ხელისუფლების ორგანოზე, სახელმწიფოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე ზემოქმედების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.“.

5. 3241 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.“.

6. 3311 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერორიზმის დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა სახის ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ამ კოდექსის 144-ე, 227-ე, 2271, 2272, 2273, 229-ე, 230-ე, 231-ე, 2311, 2312, 323-ე–330-ე და 3302 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 2 მარტი.

№5744-Iს