დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016070 |
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ორგანიზება.
2. დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის (შემდეგში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი პრაქტიკაში განხორციელების ორგანიზებას;
ბ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შემავალი დასახლებების, საკომუნიკაციო საშუალებების: გზებისა და ხიდების მშენებლობის საპროექტო წინადადებებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებას; მონაწილეობას იღებს სქემების შემუშავებაში საპატრულო პოლიციასთან;
დ) აწესრიგებს ქალაქთმშენებლობით პროექტებს (გეგმარებითი დავალებები). ითანხმებს დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს, შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების) მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტებს;
ე) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების მომზადებას და გაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში.
2. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე სვამს საკითხს დამპროექტებელთა ან ექსპერტთა ჯგუფების მოწვევის შესახებ.
მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და გამგებლის წინაშე პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების შესახებ;
გ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს პერიოდულად აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურე
ა) სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;
ბ) პასუხისმგებელია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს გამგებლისა და სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები