დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016076 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №7
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ბათუმი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №136, გვ. 5-6, 28-30.11.2009 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) „ვეტერანთა კლუბის“ (შემდგომში – კლუბი) ჩამოყალიბებისა (ბულვარის სარგებლობაში არსებული ვეტერანთა კლუბის შენობის ბაზაზე) და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (კლუბის დაფუძნება, წევრების რეგისტრაცია, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, მათ შორის, საპატიო წევრის წოდებაზე წარსადგენი კანდიდატურების არჩევნების ჩატარების ორგანიზება, კლუბის საინტერესო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სპეციალური მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების (ტურნირებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიების ორგანიზება, სადღესასწაულო დღეებში წამახალისებელი საჩუქრების მომარაგება, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემა და სხვა) შემუშავება და განხორციელება.“;
ბ) მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კლუბის წევრებისა და სტუმრებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ავეჯი, ინვენტარი სხვადასხვა თამაშებისა და სხვა გასართობი ღონისძიებებისათვის და სხვა) შექმნა და პერიოდული განახლება;“.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტში ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დამატებითი ხარჯების გათვალისწინება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ.ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები