დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.125.016047 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №9 დადგენილებაში (სსმ III, 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის 1 -ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას . უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას , უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას , ასევე უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის, სპორტის და განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების მუშაობის კოორდინირებას, მათი განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.“.
მუხლი 2. შეტანილ იქნას ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №9 დადგენილებაში ((სსმ III, 20.09.2010 წ.)და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
დ) გამგეობის, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოს) სამუშაოთა გეგმების მომზადებას;
ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას, საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას;
ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ზ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მუნიციპალიტეტის გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამის იფმორმაციულ უზრუნველყოფას;
ი ) გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
კ) მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
მ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ნ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ო) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
პ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ჟ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
რ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
ს) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;
ტ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
უ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
ფ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ქ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას;
ღ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით;
ყ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას, საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;
შ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, სპორტისა და განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია;
ჩ) სპორტული ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
ც) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები