დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020050.18.011.016062 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №29/04
2012 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით, დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობისთვის;
ბ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესისა და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
თ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებით ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ი) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) გარიგების (ოპერაციის) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ლ) საკრედიტო კავშირი ან მისი მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2.
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები