დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016292 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №26/ნ
2012 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878) დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-4 მუხლის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მასწავლებლობის კანდიდატი – „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (შემდგომში – პირი) – პირი, რომელსაც სურვილი აქვს ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა;“;
2. მე-5 – მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება
1. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, თუ იგი აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან გააჩნია მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის, ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში არ იქნება გათვალისწინებული ის პირი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი ეყრდნობა ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით მიწოდებულ ინფორმაციას.
მუხლი 6. მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია
1. მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია მოიცავს ორ ეტაპს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელი პირების დადგენის მიზნით გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონულ რეგისტრაციას;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით ცენტრში რეგისტრაციას.
2. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის მიერ გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ცენტრში ამ დებულებით დადგენილი წესით შევსებული განცხადებები სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
მუხლი 7. გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, პირის ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
4. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
6. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) იმ სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილს/ნაწილებს, რომლის ჩაბარებაც მას სურს;
გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
7. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონული მისამართის მეშვეობით.
8. გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
9. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ქმნის სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, სასერტიფიკაციო გამოცდის განრიგი, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 15 აპრილამდე გადასცემს იმ პირთა სიას, რომლებმაც ამ მუხლით დადგენილი წესით გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ სასერტიფიკაციო გამოცდებში.
მუხლი 8. ცენტრში რეგისტრაცია
1. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით ცენტრი აცხადებს ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას.
2. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გავლის მიზნით პირი ავსებს და რესურსცენტრში წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებას.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული განცხადება შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით);
ბ) ჩასაბარებელი ტესტის/ტესტის ნაწილის ჩამონათვალი;
გ) თანდართული საბუთების ნუსხა.
4. პირი განცხადებასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს, დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ ან დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამაში მონაწილეობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის დროს არის მასწავლებლობის მაძიებელი.
5. რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, ცენტრს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმის განცხადების ასლს და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
6. რესურსცენტრს პირის მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ მონაცემები განცხადებების მიღების პარალელურად შეჰყავს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში. რესურსცენტრი პასუხისმგებელია მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
8. ცენტრი, რესურსცენტრის მიერ რეგისტრირებული პირების მონაცემების გადამოწმებისა და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, რეგისტრაციის ვადის გამოცხადებიდან ყოველ 15 დღეში უზრუნველყოფს რესურსცენტრიდან მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებას.
9. ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების პერიოდულ გადამოწმებას და განახლებას.
10. ცენტრი ადგენს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ სიებში მყოფი პირები აკმაყოფილებენ თუ არა ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
11. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემები ხელმისაწვდომია ცენტრის და რესურსცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
12. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, მათ შორის, გათვალისწინებული არ იქნება ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში, თუ ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში არ შეავსებს გამოცდების ეროვნული ცენტრის და ცენტრის მიერ დადგენილ განცხადებებს.
მუხლი 9. გადაწყვეტილება მასწავლებლობის კანდიდატის რეგისტრაციისა და სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ
1. ცენტრი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სიის ფარგლებში გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 25 მაისამდე წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.
2. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი რესურსცენტრების დახმარებით უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების მასწავლებლობის კანდიდატებისთვის გადაცემას.
4. რესურსცენტრი საგამოცდო ბარათის გადაცემას მასწავლებლობის კანდიდატისათვის უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდამდე გონივრულ ვადაში.
5. საგამოცდო ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალს;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღს და რეგისტრაციის დაწყების დროს. ”
3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში.“;
4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. პირი უფლებამოსილია შესაბამის წელს ჩააბაროს მხოლოდ ერთი შინაარსობრივი ნაწილის გამოცდა.“;
5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.“
6. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. პირის მიერ შეცდომით გადახდილად არ ითვლება თანხა, თუ მან ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია.“;
7. 224 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ხორციელდება ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი პროცედურებით ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის შემდეგ.
4. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.“
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 15 დღის ვადაში, ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ მასწავლებლობის კანდიდატისთვის.“;
8. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მასწავლებლობის კანდიდატს არ უნარჩუნდება სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა იმ შემთხვევაში, თუ ის განმეორებით გავა შესაბამის გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და იგი მოიპოვებს ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულას და თან გაიუმჯობესებს მას.“;
9. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაცია.“;
10. 24-ე მუხლიდან ამოღებული იქნეს მე-5 პუნქტი;
11. 29-ე მუხლიდან ამოღებული იქნეს პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;
12. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების გარდა, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე წარადგენენ პედაგოგიური მუშაობის სტაჟის ან მოქმედი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.
მუხლი 2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები