დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016054 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №7/04
2012 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებით (სსმ , 29.01.2010, №11, მუხ.122) დამტკიცებული წესის მე -9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 მუხლი:
„მუხლი 9¹. ოქროს სერტიფიკატების განაღდებისას ეროვნული ბანკიდან ოქროს ზოდების გატანა
1. ეროვნული ბანკის მიერ CSD სისტემაში ოქროს სერტიფიკატის განაღდების დადასტურებისთანავე კომერციული ბანკი SWIFT სისტემის მეშვეობით ავტორიზებული შეტყობინებით აცნობებს ეროვნულ ბანკს შესაბამისი ზოდის მიღებაზე მის მიერ უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბუთის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა) CSD სისტემაში „ნაწილობრივი დაფარვის” შეტყობინების შესაბამისი უნიკალური ნომრის მითითებით.
2. SWIFT შეტყობინების გაგზავნის მომდევნო საბანკო დღიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი მიიღებს შესაბამის ზოდს (ზოდებს) ეროვნული ბანკის სალაროდან შეტყობინებაში მითითებული პირის მეშვეობით.
3. ზოდების გატანისას ეროვნული ბანკის მოლარე-ოპერატორი შესაბამისი ზოდის მიღებაზე კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ზეპირი განაცხადის შემდეგ ახდენს მის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და SWIFT შეტყობინებით მიწოდებული მონაცემების მიხედვით, ავსებს სათანადო გასავლის ორდერს, ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და შესაბამის ზოდებთან ერთად ხელმოსაწერად გადასცემს კომერციული ბანკის წარმომადგენელს.
4. კომერციული ბანკის წარმომადგენელი ზოდის შემოწმებას ახდენს ვიზუალურად, შეფუთვასა და ზოდზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით (შეფუთვის დაუზიანებლად), მიღებას ადასტურებს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერით და გასავლის ორდერის ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარე-ოპერატორს.
5. კომერციული ბანკის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ზოდის თანმხლებ სერტიფიკატზე მითითებულ რეკვიზიტებთან მათი სინჯისა და წონის შესაბამისობის ლაბორატორიული შემოწმება, თუ ასეთი უფლებამოსილება კომერციული ბანკის მიერ მინიჭებული აქვს SWIFT შეტყობინებით. ამ შემთხვევაში შემოწმება ხორციელდება კომერციული ბანკის წარმომადგენლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (შემოწმებისას ხდება შეფუთვის გახსნა/დაზიანება).
6. ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის წარმომადგენლისათვის ზოდის გადაცემისას რაიმე შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეუსაბამო ზოდი დაუყოვნებლივ შეიცვლება შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზოდით.
7. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის წარმომადგენლის მიერ ეროვნულ ბანკში არ მოხდა ზოდის შემოწმება ადგილზე, პრეტენზიები რაიმე შეუსაბამობის ანაზღაურების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ არ მიიღება.
8. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რაიმე სახის შეუსაბამობა SWIFT შეტყობინებაში ან/და ზოდის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში, ეროვნული ბანკი უარს აცხადებს მოთხოვნილი ზოდის გაცემაზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
გ . ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები